მთავარი » სხვადასხვა

ოდიში – სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.08.2016 | 2,115 ნახვა

ოდიში ოდიში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი ერთ–ერთი საინტერესო სოფელია. მისი ცენტრი ქალაქიდან დაშორებულია 5 კმ-ით და ზღვის დონიდან 210 მ-ზე მდებარეობს.
სოფელს აღმოსავლეთიდან ყულიშკარი და ახალსოფელი, სამხრეთიდან ქ. ზუგდიდი, დასავლეთიდან ს. რუხი და ჩრდილოეთიდან ს. კორცხელი და გრიგოლიში ესაზღვრება.

ოდიშის ტერიტორია მთაგორიანია, ჰავა ზომიერად თბილი, მკაცრი, ზამთარით, ცხელი ზაფხულით. სოფლის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები, ჯუმი, ჩხოუში, სინწა და მელისქური. არის აგრეთვე მინერალური (გოგირდოვანი) წყარო, რომლის მახლობლადაც ადრე აშენებული ყოფილა აბანო, სადაც მკურნალობის სხვადასხვა პროცედურები ტარდებოდა.

ნიადაგი არც ისე ნოყიერია, ხარობს ციტრუსი, ვენახი, თხილი, არის სახნავი-სათესი მიწები, ტყის დიდი ფართობი. თავისი რელიეფის გამო ზამთარში მას პატარა ბაკურიანსაც უწოდებენ.

ოდიშში 622 კომლია და 2010 ადამიანი. მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ ბულიები, სართანიები, ცხოვრობენ ჯიჭონაიები, ქოჩუები, ქობალიები, ლუკავები, ფიფიები, კითაიები, გულორდავები, კეზუები, ჭურღულიები და სხვა გვარის წარმომადგენლები.

სოფელი ოდიში თავდაპირველად წოდებული იყო “ლედგებიეს” სახელწოდებით და შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. სახელწოდება “ლედგებიე” მან მიიღო მისი მებატონის აზნაურ დგებიას მიხედვით.

სოფელი მიერთებული იყო კორცხელის თემთან.მოგვიანებით იგი გამოეყო მას და თავისი ცენტრი გაიჩინა,რომელიც ამჟამადაც შენარჩუნებულია.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე სასოფლო თემ ლედგებიეს შეეცვალა სახელი და ეწოდა სოფელი ოდიში.

1918 წლამდე მოსწავლე ახალგაზრდობა სასწავლებლად დადიოდა კორცხელის თემში. კორცხელის ეკლესიის მღვდელს, ზებედე თორდუას თავისი ინიციატივით ეკლესიის გვერდით გაუხსნია სასწავლებელი (ხის ორსართულიანი შენობა).

1918 წელს, როგორც კი ლედგებიე გამოეყო კორცხელის თემს, სოფლის ცენტრთან გაუხსნიათ 2 წლიანი სკოლა, ეს ადგილი შემდეგ მოიხსენიებოდა “ნაკლასის” სახელით.

დაწყებითი სკოლის პარალელურად, 1931 წელს, შრომითი შვიდწლიანი სკოლა დაარსდა. ამ საქმის ინიციატორები სასოფლო საბჭოს თავჯდომარე არჩილ ბულია, მასწავლებელი კაპიტონ ქობალია, პლატონ ბულია, ვალოდია კაცია, ვალოდია დიდიშვილი და დომენტი ბულია ყოფილან.

სკოლა კერძო ბინაში მდებარეობდა, რომელიც სახლის პატრონს ვლადიმერ სართანიას უფასოდ გადაუცია სოფლისთვის. შვიდწლიანი სკოლის პირველი დირექტორი ყოფილა კაპიტონ ქობალია.

ოდიშში სკოლის დაარსებიდან დირექტორობდნენ კაპიტონ ქობალია, პროკოფი ჭურღულია, გრიშა მაქაცარია, ვლადიმერ ცხვიტავა, ვალერიანე გელენიძე, კაპიტონ კაკულია, კანალია ქარჩავა, ბაბილინა სართანია, ამირან ბულია, გერმანე გვარამია, გაბო შელია, დანიელ ჭურღულია, ვალერიან ჯღამაია, შალვა კვარაცხელია, თემურ ქობალია, ნინო მიქანძე და ამჟამად 1994 წლიდან მუშაობს ფირუზა ქოჩუა.

სოფელ ოდოშის მკვიდრი იყო ამიერკავკასიის სახალხო კომისარი ფარნა სართანია (ქ. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს), ხოლო მისი შვილი იურა სართანია საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი იყო.

დაწყებით სკოლაში მიიღო საწყისი განათლება ცნობილმა პოეტმა ალექსანდრე ალექსის ძე საჯაიამ (1916-1944 წწ.) პოეტი ლირიკოსის და მთარგმნელის (ინგლისურიდან და ფრანგულიდან) სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფლის ცენტრთან ახლოს.

სოფელში 2 საშუალო და ერთი არასრული საშუალო სკოლაა.

წყარო: http://www.zugdidimunicipality.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი