მთავარი » სოფლის მეურნეობა

ნუშის ბაღის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2020 | 968 ნახვა

ნუშის ხე ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ზრდასრული ხის ფესვები დაახლოებით 6 მეტრამდე ჩადის ნიადაგში და ვრცელდება ჰორიზონტალურადაც. ფესვის განვითარების ასეთი სიღრმე და სიგანე ნუშს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საკვები ელემენტების და წყლის ის უმცირესი მარაგიც კი, რომელიც სხვა მსგავსი კულტურებისათვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს. ამ მხრივ ის ძალიან გავს ფსტას, რომელიც ანალოგიურ ფესვთა სისტემას ივითარებს. ეს თვისება მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ კულტურების გვალვაგამძლეობას. ნუში კარგად ვითარდება კირით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე კარგად ვითარდება მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზეც.

ნუშის თავისებურებას წარმოადგენს მისი ძალზე ადრეული ყვავილობა, რაც დაკავშირებულია მის მოკლე ბუნებრივ დასვენების პერიოდთან. რეგენერაცია და ყვავილობა ხშირ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს, ყვაილობის პერიოდიც გახანგრძლივებულია და 2 კვირამდე გრძელდება. ამიტომ ნუში ითვლება შედარებით ყინვაგამძლე მცენარედ, რადგან მას შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემა მინუს 25 გრადუსამდე.

ნუშის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია და ჯვარედინ დამტვერიანებას მოითხოვენ. ამიტომ ნუშის პლანტაციის გაშენებისას საჭიროა მეხუთედი ნერგებისა დაირგოს სხვა ჯიშის, როგორც ეს თხილის შემთხვევაში ხდება. სავეგეტაციო პერიოდი 200 დღემდე გრძელდება. ნუშის თესლნერგები მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 4-5 წელიწადში, ხოლო ნამყენი ნერგები მე-3 წლიდან. 15 წლიანი ნუშის ხე, ნორმალური განვითარების შემთხვევაში შედის სრულმსხმოიარობაში, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. 30-40 წლის შემდეგ ხეები იწყებენ მოსავლიანობის კლებას და შემდგომი 60 წელი დაბალ მოსავალს იძლევიან. საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ვხვდებით საუკუნოვან ნუშის ხეებს.

ნუშის გამრავლება თესლითა და მყნობით ხდება. სანერგეებში ნუშს, ძირითადად, ამრავლებენ მყნობით, რისთვისაც იყენებენ თესლიდან აღზრდილ საძირეს. ნიადაგის სხვადასხვა პირობის მიხედვით, საძირედ იყენებენ კურკოვნებს – ატამს, გარგარს, ქლიავს, ტყემალს და თვით ნუშის სხვადასხვა სახეობას, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც იყენებენ ატამს, რომელიც კარგად იტანს ტენის ნაკლებობასაც და ხანმოკლე სიჭარბესაც.

ისეთ რაიონებში, რომლებშიც გრუნტის წყლები ზედაპირიდან ახლო არის, რეკომენდებულია ნუშისთვის საძირედ ტყემლის თესლნერგების გამოყენება. გარგარის გამოყენება ნუშის საძირედ ნამყენის სუსტი შეხორცების გამო დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს, სხვა საძირეს უქონლობის შემთხვევაში. ყველა საძირეს შორის უპირატესობა ენიჭება ჩვეულებრივი მწარე ნუშის საძირეს. იგი ადვილად იტანს ტენის ხანგრძლივ ნაკლებობას, ზრდის საღსა და ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ნამყენს, ვერ იტანს და ცუდად იზრდება ჭარბი ტენისა და მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებში, მართალია, გვალვების შემთხვევაში ახასიათებს ნაკლები ზრდა და შედარებით დაბალი მოსავლიანობა, მაგრამ მორწყვით იგი უზრუნველყოფს მოსავალს. ტკბილი ნუშის საძირედ გამოყენება სასურველი არ არის, ვინაიდან მას ეტანებიან მღრღნელები და სხვადასხვა მავნებლები.

ჩვეულებრივი ტექნოლოგიით სტრატიფიცირებული ნუშის თესლი 5 გრადუსი ტემპერატურის პირობებში გაღივებას ასწრებს 40-45 დღის განმავლობაში. სანერგე მეურნეობებში ნუშის თესლი უნდა დაითესოს შემოდგომაზე, უშუალოდ, წინასწარ დამუშავებულ გრუნტში. ამ შემთხვევაში აღმოცენებას გაზაფხულზე იწყებს, მარტის თვეში. დაზიანების საშიშროებაა გაზაფხულის ყინვიანი ქარები. ამის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა აღმონაცენს უნდა შემოეყაროს ფხვიერი მიწა, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აგვისტოში, მყნობისათვის, თესლნერგი ძალიან არ გადაიზარდოს და არ გაძნელდეს მყნობის ჩატარება.

თესვა უნდა ჩატარდეს კვების არით 80X15 სმ-ზე, შეიძლება საჭირო გახდეს აღმონაცენის გამოხშირვაც. პატარა სანერგეებში შეიძლება დაითესოს კვების არით 30X15 სმ-ზე.

ნუშის მყნობა აგვისტოში უნდა ჩატარდეს, ხეხილოვნებისათვის მყნობისათვის დადგენილი ვადების ბოლო კვირაში, ვინაიდან უფრო ადრე მყნობის შედეგად კვირტი იღვიძებს, იწყებს ზრდას და ზამთარში იღუპება. ზოგიერთი დაბლობი ზონისათვის საუკეთესო პერიოდად მიჩნეულია 5-15 სექტემბერი. ნამყენის გაცდენის შემთხვევაში შეიძლება შემოდგომაზე (15-25 სექტემბერი) გადამყნობა, ან მეორე წლის ადრე გაზაფხულზე საძირის გადაჭრა თითქმის მიწის პირას, რაც მოგვცემს ახალ აღმონაცენს და შემოდგომაზე მასზე შესაძლებელი იქნება ახლიდან მყნობა.

მყნობიდან პირველსავე წელს ხდება ნუშის ხის ვარჯის ჩამოყალიბება და შემოდგომაზე ნერგი უკვე მზად არის მუდმივ ადგილზე გადასარგავად. ნუშის ბაღის გასაშენებლად სავალდებულო არ არის სწორი ადგილი, უმჯობესია დაქანებები, უფრო ჩრდილო ექსპოზიციის ფერდობები, რათა შედარებით გვიან დაიწყოს ყვავილობა. სასურველია კარბონატული ხირხატიანი ნიადაგები, უფრო უკეთესია მსუბუქი და კარგად დრენირებული ნიადაგები. მიუხედავად იმისა, რომ ნუში გვალვაგამძლე მცენარეა, დაგეგმილი მოსავლის მისაღებად ზოგჯერ საჭიროა მისი მორწყვა, რისთვისაც, შესაძლებლობის მიხედვით, სარწყავი ფართობები უნდა შეირჩეს განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ნალექი მცირე რაოდენობით მოდის.

ნუშს რგავენ კვების არით 8X8 მეტრზე ან 8X6 ან 7X5 მეტრზე. გაშენების დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ნუშის დამამტვერიანებელი ჯიშების შერჩევა და მათი დარგვა ყოველი 4 მწკრივის შემდეგ 1 მწკრივად, ან უნდა გავაშენოთ ნუში თვითგამანაყოფიერებელი (თვითდამტვერავი) ჯიშებით.

ნუშის კულტურის აგროტექნიკის სპეციფიკური ღონისძიება არის ნუშის მოსავლის აღების შემდეგ მისი მორწყვა, რაც გამოიწვევს ვეგეტაციის გახანგრძლივებას, ამით კი – საყვავილე კვირტების გვიან მომწიფებას, შესაძლოა გვიან ყვავილობას გაზაფხულზე, რაც მის ყვავილებს დაიცავს გაზაფხულის წაყინვებისაგან.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი