მთავარი » ქრისტიანობა

“ნუ ზრუნავთ მრავლისათვის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.08.2012 2 კომენტარი | 5,271 ნახვა

ადამიანთა უმრავლესობისთვის საკუთარ სულზე ზრუნვა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ყოველდღიურ ფიქრს, საზრუნავს მიცემულნი სულიერ ზრდას ცოტა დროს უთმობენ. მიიჩნევენ, რომ მთავარია იზრუნონ მხოლოდ იმაზე, რაც ჩანს და გარშემომყოფთათვისაც ხილვადია. მრევლი რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი საუნჯის დაგროვება და რა დაგვეხმარება მის მოპოვებაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ამბიონს” დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა:

“წმიდა სახარებაში საუბარია, თუ როგორ გამოირჩია უფალმა იესო ქრისტემ თავისი ოთხი მოწაფე: ძმები – პეტრე და ანდრია, იაკობი და იოანე. ოთხივენი უბრალო მეთევზეები იყვნენ და აქტიურად გახლდნენ ჩართულნი თავიანთ საქმიანობაში, როდესაც იესო ქრისტე მათთან მივიდა და რამდენიმე სიტყვით მიმართა: “მოვედით და შემომიდექით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა” (მათ.4:19). ანუ მოწაფეებს ადამიანები ამქვეყნიური მრავალგვარი საზრუნავის, ცოდვის მსახურებისგან უნდა გამოეტაცათ, რათა ისინიც ღვთისმსახურებას, ჭეშმარიტებისა და სიწმინდის დაცვას შესდგომოდნენ. უფალმა აღნიშნული სიტყვებით არა მხოლოდ მოწაფეებს მოუხმო, არამედ თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდა: “მოვედით და შემომიდექით მე.” თუმცა, მოციქულებისგან განსხვავებით, ჩვენ არათუ არ მივდევთ ამ მოხმობას, ათასგვარი საზრუნავით დაკავებულთ არც გვცალია, ამ სიტყვებს მოვუსმინოთ. შესაბამისად, ვერ მოვახერხებთ ამ მოხმობის მიმართ თანხმობის გამოხატვას და შემდგომ – ქრისტესადმი შედგომას. არადა ნათლობისას მაცხოვრის აღნიშნულ მოწოდებას ცხრაგზის ვეხმიანებით სიტყვებით: “შევუდგებით ქრისტეს”, თუმცა აღნიშნულ აღთქმას ხშირად უდიერად ვეპყრობით და გვავიწყდება, რომ ამ პირობას აუცილებლად შესრულება სჭირდება.

წმიდა მაკარი ეგვიპტელი ამბობს: ბევრი რამ მინახავს ამ ცხოვრებაში ლამაზი და მშვენიერი, მაგრამ ადამიანის სულზე უკეთესი – არაფერიო. აღნიშნულ სიტყვებზე სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს. ადამიანები სილამაზეს, სიკეთეს სხვაგან ვეძებთ, არადა ჩვენშია ეს ყველაფერი, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი. სწორედ სულის აღნიშნულ სიკეთეზეა საუბარი მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ვაჭრის შესახებ: “მსგავს არს სასუფეველი ცათაი კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაი ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაი, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაიცა ედვა და მოიყიდა იგი” (მათ.13:45-46). შემდეგ თავად სასუფევლის შესახებ ამბობს ქრისტე: “სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს” (ლუკ.17:21). ამიტომ თუკი ადამიანი ამ მარგალიტს – ზეციურ სასუფეველს თავის სულში მიაგნებს, ის უბედნიერესი იქნება, რადგან ყველაზე დიდ სიკეთეს სხვაგან და შორს კი არა, საკუთარ სივრცეში და ყველაზე ახლოს იპოვის.

სამწუხაროდ, ჩვენი სულისთვის ხშირად არ გვცალია, მზერა, უმეტესწილად, მიწიერი საზრუნავებისკენ, ან საკუთარი და სხვისი მანკიერებისკენ გვაქვს მიმართული.

მაცხოვარი სახარებაში მართას მიუთითებს: “მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქ ერთისაი არს სახმარ” (ლუკ.10:41). ჩვენც ვზრუნავთ, ვშფოთავთ მრავლისათვის, რაც ხელს გვიშლის, ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ საკუთარი სული – ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია. მაცხოვარი ასევე გვეუბნება: “ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან…რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი” (მათ.6:19,21). რასაც ვიუნჯებთ, იმისკენ მიილტვის ჩვენი გული, ის არის ჩვენი საუნჯე და ადამიანები მას ვართ დამონებულნი. როდესაც პიროვნება საკუთარ სულზე მზრუნველობას უარყოფს და ამ გარეგნულ სიკეთეებზეა მიჯაჭვული, ცხადია, ვეღარ დაინახავს თავის თავში სულს – ყველაზე დიდ სილამაზესა და სიმდიდრეს, შესაბამისად, თავის თავში ღმერთს ვეღარ იპოვის. ანუ იგი ზეციური საუნჯის გარეშე დარჩება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება გვმართებს.”

მამაო, რა მნიშვნელობა აქვს ღვთისმსახურებაზე დასწრებას?

ღვთისმსახურებაზე, ლიტურგიაზე დასწრებას, სულიერი კეთილდღეობის თვალსაზრისით, არა მარტო უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია, არამედ აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს. ამის შესახებ პირდაპირ მიგვითითებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ,,ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა…და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა..და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოვნდეს ჩემ მიერ” (იოან.6:53,56-57).

ფაქტია, ეკლესიაში არასტაბილურად დავდივართ, ნაკლებ მნიშვნელოვანი გავხადეთ ყოველკვირეული ღვთისმსახურება. როცა მიწიერი საზრუნავებისგან გადავიღლებით, მაშინ მოვდივართ და ვცდილობთ ჩვენში სულიერი საუნჯის დაგროვებას. მაცხოვარი გვეუბნება: “ნუ ჰზრუნავთ და იტყვით: “რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი” (მათ.6:31-32). რადგან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე, ვიდრე თქვენ თხოვნას აღუსრულებთ ღმერთსო.

სამწუხაროდ, ზოგჯერ არც ამ თხოვნის აღსრულებისთვის გვცალია, ან ხშირად იმდენად მდაბიოა ჩვენი სათხოვარი, რომ მიწიერ საზრუნავსა და სარგებელს ვერ სცილდება. ამიტომაც არის, რომ ადამიანი დროთა განმავლობაში ტაძარში თითქოს დადის და სულიერად ვერ იზრდება. მას ტაძარი – ეს სულიერი საუნჯე მატერიალური საუნჯის დაგროვების წყაროდ გაუხდია. ვინაიდან ჩვენ თითქოს ღმერთის წინაშე ვალდებულებას ვიხდით – მოვდივართ ეკლესიაში, შემდგომ მას ვავალდებულებთ, მოგვანიჭოს ამქვენიური სიკეთეები: სამსახური, მდგომარეობა, ან სიმდიდრე… ყველა ჩვენგანს ცალკეული და განსხვავებული მოთხოვნები გაგვაჩნია. ამიტომ ვიფიქროთ, რას ვითხოვთ ეკლესიაში მოსულები – სულის კეთილდღეობას, თუ მიწიერ სარგებელს?

დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რა არჩევანის წინაშე დგება ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი?

დღეს განსხვავებული ცხოვრების წესია დამკვიდრებული. გვეუბნებიან, თითქოს ღმერთი, სული და მარადიული ცხოვრება არ არსებობს. უნდა ვეცადოთ, ამ გამოძახილს არ მივყვეთ. იესო ქრისტე გვეუბნება: “ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუენ” (მათ.6:33). მიუხედავად ამისა, თუ სამუშაო გვაქვს, ან სხვა რაიმე საქმე გამოგვიჩნდება, ძალიან მარტივად ვაცდენთ ღვთისმსახურებას, პირად ლოცვით კანონს, ზოგჯერ მარხვასაც უგულებელვყოფთ… ეს ჩვენს მცირედმორწმუნეობაზე მიგვანიშნებს. ჩვენი სულიერი ზრდისთვის დათმობილ დროს, მატერიალური საზრდელის მოპოვების თვალსაზრისით, დაკარგულად მივიჩნევთ. დავუკვირდეთ, თუ წირვა-ლოცვის გაცდენის საბაბი მოგვეცა, გვიხარია კიდეც, რომ გამამართლებელი მიზეზი გვაქვს. თუ ჩვენი სიზარმაცის მიუხედავად ღვთისმსახურებაზე მოვდივართ, ამით ვეხმიანებით სახარებისეულ სიტყვებს: “სასუფეველი ცათა იიძულების; და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი” (მათ.11:12).
ღვთის მცნებებით ხელმძღვანელობა და ეკლესიური ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ უფალი გვეუბნება, თუ მის მოწოდებას შევუერთდებით, იმ აუცილებელ საზრდოს, სამოსელსა და პურს არსობისას, რომლის გარეშეც ადამიანი ფიზიკურად ვერ იარსებებს, მოგვანიჭებს.

ამიტომ თანამედროვე იდეოლოგიის ზეგავლენა და მუდმივი საცდური – მატერიალური საზრუნავი ვერანაირ დაბრკოლებად ვერ გვექცევა სწორად სულიერი ცხოვრების პირობებში.

და ბოლოს, მამაო, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ქრისტიანი ადამიანის მხრიდან?

ყველაზე მეტად ადამიანები ეკლესიაში დიდმარხვის პერიოდში მოდიან. მარხვის დასრულებისთანავე კი მათი უმრავლესობა ტაძარს საერთოდ აღარ ეკარება. ეს მოქმედება ჩვენი მცირედმორწმუნეობის მოწმობაა. ცხადია, ზოგჯერ შეიძლება გვქონდეს რაიმე მიზეზი, რის გამოც ტაძარში ვერ ვახერხებდეთ მოსვლას, მაგრამ როცა ეს საქციელი სისტემატურ სახეს იღებს, როგორღა გაძლიერდება ჩვენში რწმენა, რამ უნდა განაპირობოს ჩვენი სულიერი სიმტკიცე და ღრმადმორწმუნეობა?! ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ, როდესაც ღვთისმსახურების ჟამია, მთელი არსებით ჩავერთოთ მასში, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ბოროტი ძალიან გაძლიერდა, ადამიანთა უმრავლესობა კი მის მახეშია გაბმული. ეკლესიურმა ცხოვრებამ, ღრმადმორწმუნეობამ უნდა დაგვიცვას ჩვენც და გარშემომყოფნიც. მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: “თქვენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი თქვენი განქარდეს, რაითა-მე დაიმარილოს?” (მათ.5:13). ჩვენც ამა სოფლის მარილი ვართ და თუ ქადაგება შევწყვიტეთ, ვინღა უნდა დაამარილოს ეს ქვეყანა, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები? მაგრამ გვაქვს კი ეს მარილი? სამწუხაროდ, ჩვენი სარწმუნოების ელემენტარული საფუძველიც არ ვიცით. არ გაგვითავისებია ათი მცნება, ცხრა ნეტარება და სხვა ღვთის მცნებები, თავს უფლებას ვაძლევთ და ღვთისმსახურებასაც ხშირად ვაცდენთ.

ადრე იყო წესი: თუ ადამიანი 3 კვირა ზედიზედ წირვა-ლოცვას აცდენდა, ეკლესიიდან მოკვეთილი იყო. ამით ხაზი ესმებოდა ღვთისმსახურებაზე დასწრების უდიდეს მნიშვნელობას. დღეს იმდენად სუსტები ვართ, თუ ჩვენში ღმერთთან ურთიერთობის გაცოცხლება მუდმივად არ მოხდა, ძალიან მალე დავკარგავთ სულის სიწმინდეს და ყოველგვარ ცოდვას ჩავიდენთ. უფალი ამბობს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5). ამიტომ, პირველ რიგში, ვეძიოთ ცათა სასუფეველი და უფალი ყოველივეს მოგვცემს. ნუ გვექნება მიზეზად რაიმე საქმიანობა და ამქვეყნიური მზრუნველობა ღვთისმსახურების გაცდენისას. ეს ხომ მცირედმორწმუნეობაა?! ქრისტე ამბობს, რომ ამგვარად წარმართები ფიქრობენ, ისინი, რომელთაც არ სჯერათ სულის უკვდავებისა და მარადიული ცხოვრებისა.

ხშირად გავიხსენოთ ღმერთის სიტყვები, რომ ექვსი დღე ვემსახუროთ საკუთარ თავს, მოვიპოვოთ პური არსობისა, მეშვიდე დღე კი საკუთარ სულს, ანუ უფალს დავუთმოთ. იმ სულს, რომელიც ყველაზე დიდი სიკეთე და სილამაზეა, რაც კი ადამიანმა შეიძლება იხილოს და ამ ცხოვრებაში განიცადოს.

ღმერთმა მოგვცეს სულის კეთილშობილება, სილამაზე, სრულყოფილება და გვქონდეს უნარი, თავის იძულებითა და მცირედმორწუნეობისადმი ზურგის შექცევით გულწრფელად გვემსახუროს ღმერთისთვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი