მთავარი » ჯანმრთელობა

ნუ გარიყავ ტუბერკულოზით დაავადებულს!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2011 6 კომენტარი | 6,072 ნახვა

tuberkulioziტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც საზოგადოებაში ჰაერის მეშვეობით ვრცელდება. როდესაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, ან აფურთხებს, ის ჰაერში ტუბერკულოზის მიკობაქტერიას გამოყოფს. თუ ჯანმრთელმა ადამიანმა ბაქტერიების შემცველი ჰაერი შეისუნთქა, ის შეიძლება დაინფიცირდეს. ტუბერკულოზი უცბად არ ვითარდება, ჯერ ხდება ინფიცირება. ინფიცირებული ადამიანი დაავადებას არ ავრცელებს, მაგრამ თუ იმუნიტეტი დაქვეითდა, ორგანიზმში მიკობაქტერია მრავლდება და ინფიცირება გადაიზრდება დაავადებაში. ინფიცირებული ადამიანებიდან დაავადება მხოლოდ 10%-ს უვითარდება.

ტუბერკულოზმა შეიძლება ადამიანის სხეულის ნებისმიერი სისტემა დააზიანოს, მაგრამ ყველაზე ხშირად მას იერიში ფილტვებზე მიაქვს, ამიტომ ფილტვის ფორმით დაავადებული არანამკურნალები პირები ინფექციის გადამდები, გამავრცელებლები ხდებიან.

რა სიმპტომები ახასიათებს ტუბერკულოზს და როგორ უნდა მოექცნენ დაავადებულს ოჯახის წევრები? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “ამბიონს” ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი – ეკა სანიკიძე ესაუბრა.

,,ტუბერკულოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ხველა (ზოგჯერ სისხლიანი) 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში;
ტკივილი გულმკერდის არეში;
ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას;
ტემპერატურის მომატება, უპირატესად, საღამოობით;
ოფლიანობა, უპირატესად, ღამის საათებში;
მუდმივი სისუსტე, ადვილად დაღლა;
უმადობა, წონაში მკვეთრი კლება.
მთავარია ადამიანმა იცოდეს სიმპტომები.

საქართველოში მოქმედებს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და პარნიორობის “შევაჩეროთ ტუბერკულოზი” რეკომენდაციებს.

ტუბსაწინააღმდეგო სტრატეგიის მიხედვით არსებობს მკურნალობის სტანდარტული სქემები.

როდესაც ადამიანს დაუდგინდება ტუბერკულოზი, უტარდება I რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით უფასო მკურნალობა მედპერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ 6-8 თვის განმავლობაში.

თუ პაციენტი დაავადების გამომწვევი I რიგის პრეპარატებიდან რომელიმე, ან რამდენიმე წამლის მიმართ გამძლე აღმოჩნდება, ისმება წამალგამძლე, ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადებულს უტარდება II რიგის პრეპარატებით მკურნალობა 18-24 თვის მანძილზე.

გამძლეობის განვითარებას იწვევს წარსულში არასწორად ჩატარებული, ან შეწყვეტილი მკურნალობა. რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან კონტაქტისას, შესაძლებელია, ადამიანი თავიდანვე გამძლე მიკრობით დაავადდეს. ასეთ შემთხვევაში, პირველადად, რეზისტენტული ტუბერკულოზი ვითარდება.

სენსიტიური, მგრძნობიარე ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობა 6-8 თვე გრძელდება და თითქმის 100%-ში განკურნებით მთავრდება, რეზისტენტული ტუბერკულოზის განკურნების მაჩვენებელი უფრო მძიმე ფორმებიდან გამომდინარე, შედარებით დაბალია.

ჩვენი პროგრამის მიზანია, შევაჩეროთ ტუბერკულოზის გავრცელება და წინ დავუდგეთ რეზისტენტული ფორმებით დაავადებას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტუბდაავადებულმა უწყვეტად იმკურნალოს ტუბდაწესებულებაში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ და რეჟიმის ზუსტი დაცვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იწყება მისი განკურნება და ბაქტერიების გამოყოფის შეწყვეტა, რის შემდეგაც იგი გადამდები აღარაა და ნაკლებად საშიშია გარშემომყოფთათვის. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი, მკურნალობამდე და მკურნალობის საწყის ეტაპზე, გადამდებ სტადიაშია და მან თავი უნდა შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისა და ღია კონტაქტისგან, ატაროს ნიღაბი, ხველისას აიფაროს ხელი, ან ერთჯერადი ხელსახოცი გამოიყენოს, ხშირად გაანიავოს ოთახი.
ტუბერკულოზი არ ვრცელდება ყოფითი მოხმარების ნივთებითა (ჭურჭელი, თეთრეული, წიგნები) და ყოფითი კონტაქტით (კოცნით, ხელის ჩამორთმევით).

ტუბდაავადებულის მიერ მკურნალობის შეწყვეტა, ან მასზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფას, ასევე, სხვათა სიცოცხლისთვის საფრთხის შეგნებულად შექმნას. ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტმა მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ტუბერკულოზით დაავადების შიშის გამო ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საზოგადოების მიერ ტუბდაავადებულის გარიყვა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახიდან გაგდება მიუღებელია, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტის გაუცხოებასა და უიმედობას იწვევს, უკარგავს მას მკურნალობის გაგრძელების სურვილსა და განკურნების შანსს.

ტუბდაავადებულ პაციენტს გარშემომყოფებმა ყოველმხრივ უნდა შეუწყონ ხელი მკურნალობის დასრულებაში. ახლობლის სიყვარული, გასაჭირში თანადგომა, სნეულის მოვლა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტუბერკულოზი დიაგნოზია და არა – განაჩენი.
დაავადების დროული გამოვლინებისა და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის რეჟიმის ზუსტად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სრული განკურნება.

საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა უფასოა.
თითოეული ადამიანის ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, ცოდნა, გულისხმიერება და ხელგაშლილობა დაამარცხებს ტუბერკულოზს ჩვენს ქვეყანაში.”

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.