მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ნინოწმიდის სამონასტრო კომპლექსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2012 | 3,871 ნახვა

(გუმბათიანი ეკლესია VI ს, სამრეკლო XVI ს. სასახლე XVIII ს.)

ნინოწმიდის კომპლექსი საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმიდაში, თბილისიდან 50 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ივრის აუზში მდებარეობს.

კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმიდა ნინოს ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმიდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.

სააგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი – ნინოწმიდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმიდის საეპისკოპოსოს კათედრა – “უჯარმის კარი” – მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა.

ნინოწმიდა

ტაძრისთვის დიდი გუმბათქვეშა სივრცის შესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ნინოწმიდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.

ტაძარი საფუძვლიანად მრავალჯერ შეუკეთებიათ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ის ნინოწმიდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე, ტაძრის ეზოშია. 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელი, საკურთხევლის მხარეა შემორჩენილი.

ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს.

ნინოწმიდა უმძიმესი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაზე ადრიდანვე ერთიანი ქრისტიანული საქართველოს უმნიშნველოვანესი ეკლესია-მონასტრები და საგანმანათლებლო კერები არსებობდა. მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმთავრები – ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმიდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმიდელი, იოანე ნინოწმიდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი და სხვა.

XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმიდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჯამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო – ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.

საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია დავით-გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე).

ფოტორეპორტაჟი ნინოწმიდიდან


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი