მთავარი » კონკურსი

ნინო თოფურია – ”ჩემი სკოლა” – სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. განათლებისკარის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2014 | 1,779 ნახვა

მივესალმები პროექტს “ჩემი სკოლა”, რომელსაც ატარებს ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”. მადლობას ვუხდი “ამბიონის” ხელმძღვანელ დავით დათუაშვილს, რომ მომცა საშუალება პირადად ვისაუბრო ჩემს სკოლაზე და წარმოვაჩინო ჩემი სკოლა.

მე ვსწავლობ სამეგრელო/ზემო-სვანეთის, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ განათლებისკარის საჯარო სკოლაში. ჩვენს სოფელს ადრე ერქვა მაცხოვრისკარი, ნინო თოფურია მაგრამ კომუნისტური მმართველობის დროს გადაერქვა სახელი და ეწოდა სოფელი განათლებისკარი. 2010 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით სოფელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.
სკოლის დაარსების წლად დაფიქსირებულია 1888 წელი.

1925-1926 წლებში დაუნგრევიათ მაცხოვრის შობის ეკლესია და აზნაურ ჯაიანის სახლი (სადაც 1923 წელს გადაუღიათ კინოფილმი ,,სამი სიცოცხლე“). მათი ნაშალი მასალებიდან სოფლის ცენტრში 1927 წელს აუშენებიათ შვიდწლიანი სკოლა. 30-იანი წლების ბოლოს სკოლისათვის მიუშენებიათ ორი დიდი საკლასო ოთახი და მიუღია ის სახე, რაც ამჟამად აქვს ჩვენს სკოლას. დამეთანხმებით, რომ ჩემი სკოლა დიდი ისტორიის მქონეა. შენობა-ნაგებობა ხისაა, რომელიც ითვლის 125 წელს. გადმოცემის თანახმად, ამ სკოლაში აღზრდილა არა ერთი საზოგადო მოღვაწე, როგორიც იყო აკადემიკოსი დანიელ თოფურია, რომლის ბიუსტიც ამშვენებს ჩვენი სკოლის ეზოს, ასევე რაიონში ცნობილი ადამიანები. სკოლის მასწავლებლები ღირსეულად აგრძელებენ ძველ ტრადიციებს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში.

მე მიყვარს ჩემი სკოლის მასწავლებლები. სკოლაში გვაქვს მაღალ დონეზე აყვანილი საგნების სწავლება, სადაც ყურადღება ექცევა სწავლის ხარისხს. ჩვენ მოსწავლეები შესაძლებლობის ფარგლებში ვპასუხობთ ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გვაქვს წარმატებები სხვადასხვა სფეროში. გვყავს მაღალკვალიფიციური და თბილი პედაგოგები. თვითონ სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი და სწორედ, ჩვენს სატკივარს წარმოადგენს ის, რომ არ გვაქვს სათანადო პირობებით აღჭურვილი სკოლა და ამიტომ მშობლებს შვილები მიჰყავთ ქალაქის სკოლებში, თუმცა ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. გულახდილი საუბრით უკმაყოფილებას კი არ გამოვხატავ იმ სკოლის მიმართ, რომელშიც მე ვსწავლობ, არამედ სურვილი მაქვს, რომ სკოლა იყოს უფრო კეთილმოწყობილი, გვქონდეს კლას-კაბინეტები, აღჭურვილი სათანადო ტექნიკით. მეთოდური მასალებით, კლასგარეშე ლიტერატურით. სასურველი და აუცილებელია სკოლაში იყოს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეებს გვექნება სათანადო ლიტერატურა, რათა მოვიძიოთ მასალები და ჩვენთვის სასურველ საკითხებზე მივიღოთ სათანადო ინფორმაცია, ყოველივე ეს გაგვიღრმავებს ცოდნას. კარგი იქნება, თუ გვექნება მოსწავლეთა კვების ობიექტი და სამედიცინო დახმარების პუნქტი. დიდი სურვილი გვაქვს, გვქონდეს ცენტრალური გათბობა. ამჟამად ჩვენს სკოლაში ყველა საკლასო ოთახს ამშვენებს ძველებური ბუხარი და შეშის ღუმელი. საკლასო ოთახები შეშით თბება, რომელსაც აფინანსებს განათლების სამინისტრო.

ჩემი ოცნებაა სკოლაში გვქონდეს სპორტული დარბაზი აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავიკაჟოთ ორგანიზმი და ჩამოვყალიბდეთ საზოგადოების ჯანმრთელ წევრებად. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ სპორტის მასწავლებლის დიდი წვლილია იმაში, რომ გვყავს თანაკლასელი მარიამ ჭანტურია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ძიუდოში, რომელიც ამჟამად ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის.

სოფელ განათლებისკარის საჯარო სკოლა

ჩვენს სკოლაში ტარდება, როგორც სასკოლო ისე კლასგარეშე ღონისძიებები მაღალ დონეზე. გვყავს მუსიკალური მონაცემებითა და მსახიობური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები, სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულები, კომპიუტერის კანდიდატები, მედია პროექტ ,,ეტალონში“ გამარჯვებული და ა.შ. ჩემი სურვილია, რომ გვქონდეს საკონცერტო დარბაზი, რადგან ღონისძიებების ჩატარება გვიხდება საკლასო ოთახში. ყოველი ღონისძიებების წინ ვახდენთ გასაშლელი კარების ჩამოხსნას და ოთახების გაერთიანებას. ამით განვიცდით დისკომფორტს. ვვოცნებობ კეთილმოწყობილ სცენაზე, რომელიც მეტ ელფერს შემატებს ჩვენს სკოლას.

ჩვენ მოსწავლეები ვითავისებთ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს. ვაცნობიერებთ ჩვენს მოვალეობებს, ყოველივეს ვეთანხმებით, მაგრამ გვინდა ვისწავლოთ კეთილმოწყობილ სკოლაში, რომელიც შეგვმატებს უფრო მეტ სტიმულს. სკოლის ეზო, ყვავილების გაზონებით მორთული ყველა მოსწავლისათვის სასიამოვნო იქნება, რადგან ჩვენ დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებთ და ბედნიერები ვიქნებით, თუკი ასეთ კეთილმოწყობილ სკოლაში მოგვიწევს სასწავლი პროცესის ჩატარება. სასიამოვნო გარემო აგვიმაღლებს მოტივაციას და თავს ვიგრნობთ ბედნიერად.

ჩვენი სკოლის წინ მდებარეობს მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი. ჩვენ მოსწავლეების უმრავლესობა ტაძრის მრევლნი ვართ. მამა მიქაელია ჩვენი ტაძრის წინამძღვარი. იგი სკოლაში შეძლებისდაგვარად მობძანდება და გვესაუბრება რელიგიურ საკითხებზე, რომლებიც ძალიან გვაინტერესებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ვისურვებდი მაცხოვრის შობის ტაძრის სამრეკლოს ზარის წკრიალი მოუშლელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის და ყველა მართმადიდებლისათვის. დაე, ღმერთი გვფარავდეს!

მე, თოფურია ნინო შევეცადე მესაუბრა ჩემი სკოლის შესახებ. არ ვიცი რამდენად სრულყოფილად გამომივიდა, მაგრამ შევეცადე….

ნინო თოფურია
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ განათლებისკარის
საჯარო სკოლის IX კლასის
მოსწავლე, 14 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი