მთავარი » კულტურა

ნინო საბაძის ხელნაკეთი ნამუშევრები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2018 | 1,732 ნახვა

ნინო საბაძე ნინო საბაძე „თვითნასწავლი ხელოვანია“. პროფესიით ვეტერინარმა ბავშვობის გატაცება – ხატვა, დღეს უკვე თავის ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ აქცია. როგორც ნინო იხსენებს, წლინახევრის ასაკში პირველად წიწილა დაუხატავს, რასაც უფროსებში დიდი მოწონება დაუმსახურებია. აქტიურად ხატავდა ბავშვობიდან, სკოლისა და სტუდენტობის პერიოდში, ძირითადად გრაფიკული ნამუშევრებით შემოიფარგლებოდა. სამხატვრო მიმართულებით განათლება არ მიუღია, თუმცა ბოლო 3-4 წელია ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საკმაოდ წარმატებითაც. დროის ძირითად ნაწილს ხატვას უთმობს და თითოეულ ნამუშევარს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ქმნის.

ნინო დღეს ხატავს, ძერწავს, ამზადებს თიხის სუვენირებს… ახლახან დაინტერესდა ტიხრული მინანქრით და ამ ხელობის საფუძვლიანად შესასწავლად პროფესიულ სასწავლებელშიც ჩააბარა.

ნინო საბაძე „ინსპირაციის წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. უცბად მომდის იდეა და მის განხორციელებას ვიწყებ. თუმცა, ჩემი ნამუშევრების უმეტეს ნაწილს შემკვეთის სურვილის მიხედვით ვამზადებ. ის თავისუფალი ნამუშევრები, რაც ჩემია და ჩემი სურვილის მიხედვით ვქმნი, ჯერჯერობით ბევრი არ მაქვს.

მუდმივად სწავლის პროცესში ვარ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ერთ დღეს სურვილი გამიჩნდა თიხაზე მემუშავა. სურვილი რეალობად ვაქციე. თიხა შევიძინე და აფრიკელი გოგონა გამოვძერწე. თიხით მცირე აქსესუარებს ვაკეთებდი, მაგრამ ადამიანის ფიგურა პირველად გამოვძერწე… უპირატესობას ვანიჭებ თეთრ, იაპონურ თიხას. ჩემს ხელს ეს თიხა უფრო მოერგო.

ნინო საბაძე

ბოლო პერიოდში ქვებზე ხატვამ გამიტაცა. ბათუმის სანაპიროზე ლამაზ, უცხო ფორმის ქვებს ვაგროვებდი, თუმცა რა დანიშნულებას მივცემდი არ ვიცოდი. ერთ დღესაც, ამ ქვების მოხატვა გადავწყვიტე და პირველივე ცდაზე ნორმალური შედეგი მივიღე. დროთა განმავლობაში ქვებზე ნახატებიც დავხვეწე. ჩვევად მექცა, სეირნობისას დაბლა ვიხედები და ერთ ქვას მაინც ვარჩევ და სახლში მიმაქვს. ნინო საბაძე ხშირად ქვის ფორმა მიმანიშნებს რა უნდა დავხატო მასზე. ძალიან მომწონს ცივი ფერები. თეფშებზე მოხატვაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ამ მხრივაც ვთანამშრომლობ რამდენიმე ადამიანთან.

აბასთუმანში დეიდასთან, მორწმუნე ოჯახში ვისვენებდი ხოლმე. ერთხელ დეიდაშვილმა მთხოვა, მისთვის ხატი დამეხატა. რადგან ხატის დასაწერად სასულიერო პირის კურთხევაა საჭირო, დეიდაშვილმა მოძღვარს სთხოვა ჩემთვის კურთხევა მოეცა. მამაოს უთქვამს, ერთი ხატი შეასრულოს და შევხედავო. ღვთისმშობლის ხატი ფანქრით დავხატე… მამაოს ძალიან მოეწონა და ხატმწერთან გამაგზავნა. ხატწერის შესწავლაზე ერთი თვე დავდიოდი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სწავლა ვეღარ გავაგრძელე“, – აღნიშნავს ნინო საბაძე „ამბიონთან“ საუბრისას.

ნინო სამომავლოდ სახელოსნოს გახსნას გეგმავს. ფიქრობს, თუ ადამიანს აქვს მონდომება, საქმის სიყვარული და დაუზარლად იშრომებს, შრომა დაუფასდება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.