მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.10.2016 | 1,480 ნახვა

ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები ნინო მიქელაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი 2007 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდიდანვე აქტიურად დაიწყო ხატების რესტავრირებაზე მუშაობა, ყოველდღიურად ცდილობს განვითარდეს პროფესიული თვალსაზრისით და სურს ბოლომდე ამ საქმეს მიჰყვეს. თუ რამ განაპირობა ნინოს ხატების რესტავრირების საქმის შესწავლით დაინტერესება, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ხატზე მუშაობას და როგორ ახდენს ხატის რესტავრირებას? „ამბიონს“ თავად ნინო მიქელაძე ესაუბრა:

“2002 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. გავიზარდე მხატვრების ოჯახში, მამაჩემი კინომხატვარია, გოგი მიქელაძე. მას უამრავ ქართულ ფილმზე უმუშავია, მათ შორისაა: ,,მონანიება”, ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”, ,,ეი მაესტრო”… საკმაოდ გვიან მივიღე გადაწყვეტილება ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში და მამაც ძალიან დამიდგა გვერდში. ამ პროფესიით ჩემი დაინტერესება ჩემს ოჯახში არსებულმა უძველესმა ხატმა გამოიწვია, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული. ეს ხატი თავის დროზე სერგო ფარაჯანოვმა აჩუქა მამაჩემს. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ ხატს და ძალიან მიყვარდა ,,ათორმეტი დღესასწაული”, დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისის გახლავთ. ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები როდესაც ჩავაბარე აკადემიაში ერთი სული მქონდა როდის შევძლებდი ამ ხატის რესტავრირებას. სწორედ ეს ხატი იყო ჩემი პირველი რესტავრირებული ნამუშევარი, რომელიც ჩემი პედაგოგის თათია ბაკურაძის ხელმძღვანელობით შევასრულე. მქონდა ბედნიერება მემუშავა რამდენიმე ძეგლზე, სოფელ კულაში პატარა ტაძრის რესტავრაციაზე, აბასთუმანში ,,ალექსანდრე ნეველის” სახელობის ეკლესიაზე, დავით გაგოშიძის ხელმძღვანელობით.

მონუმენტური კედლის მხატვრობაში მართალია არც თუ ისე დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ძალიან დამეხმარა დაზგური ფერწერის რესტავრაციაში. დაზგური და მონუმენტური ფერწერის რესტავრაცია ტექნიკურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა და სწორი მიდგომა. რაც მთავარია ნაკლები ჩარევა უნდა მოხდეს რესტავრატორის მხრიდან, რესტავრატორი ვალდებულია შეისწავლოს ექსპონატის მდგომარეობა და რაც შეიძლება ნაკლები ჩარევით მოახდინოს გამაგრება, კონსერვაცია. მე ყოველთვის ვეუბნები ექსპონატის მფლობელს (დამკვეთს) რომ ხატი არ გალამაზდება, არ დაიწერება თუკი რაიმე აკლია, თუნდაც თვალი იყოს დაზიანებული, ის უბრალოდ გამაგრდება, ზოგი ამით ბედნიერია და ხვდება რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა, ზოგს კი უნდა რომ მისი ხატი რაც შეიძლება ლამაზი ჩაბარდეს, ასეთ შეკვეთებზე კი უარს ვამბობ და ვცდილობ დავარწმუნო, რომ ჯობს ხატს სიძველე შენარჩუნდეს, გამაგრდეს დაზიანებული ადგილები, გაიწმინდოს დროთა განმავლობაში ჩამჯდარი ჭუჭყისგან. ხანდახან აუცილებელი ხდება დაკარგული ნაწილების, სარესტავრაციო გრუნტით ამოვსება და შემდეგ ტონირება, რაიმე ნეიტრალური ფერით, ყოველგვარი მიხატვის გარეშე. შემდეგ ნამუშევარი იფერება ლაკის დამცავი ფენით.”

ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები

რა არის საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ისწავლოს ხატის რესტავრირება?

ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები ალბათ ნებისმიერმა მსურველმა შეიძლება ისწავლოს ეს პროფესია, მაგრამ მთავარია პროფესიონალის ხელში ჩავარდეს და სწორად მიუდგეს ამ უდიდეს პასუხისმგებლობას. ეს არ არის მარტივი, თუ გავიაზრებთ რამხელა სიწმინდეს და ძვირფას რამეს ვეხებით და თავს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ჩავერიოთ მე-18-19 საუკუნეების ან კიდევ უფრო ძველი ნამუშევრის სიცოცხლეში. თუმცა, მას ჩვენი შველა ძალიან სჭირდება, ამ დროს მისი სიცოცხლე ჩვენს ხელშია, მთავარია სწორად ვიმოქმედოთ. ჩემი აზრით, სანამ ამ საქმით დავკავდებით, მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ბევრჯერ შევხვედრილვარ არასწორ მიდგომას და ეს ძალიან მაღელვებს.

რომელ ტაძრებშია ძირითადად თქვენი რესტავრირებული ხატები დაბრძანებული?

ჩემი რესტავრირებული ხატები ძირითადად ანჩისხატის ტაძრის კუთვნილებაა, ანჩისხატიდან პირველი ხატი, ტაძრის წინამძღვარმა მამა რევაზმა მანდო – ,,იოანე ნათლისმცემელი”, რომელიც ძალიან სქელი ჭუჭყის ფენით იყო დაფარული და გაწმენდის შემდეგ ძალიან ნათელი და მეტყველი ხატი აღმოჩნდა. ასევე ანჩისხატში ინახება ,,გარდამოხსნა”, ,,ღვთისმშობლის გამორჩევა”, ,,ანჩისხატი”. სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში მამა სერაფიმეს კუთვნილი ხატი, ,,ყაზანის ღვთისმშობელი” და ასევე სხვა კერძო შეკვეთები.

თეონა ნოზაძე

ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები
ნინო მიქელაძის რესტავრირებული ხატები


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.