მთავარი » კულტურა

ნინო ჩაკვეტაძის მხატვრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2012 8 კომენტარი | 13,281 ნახვა

მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ხატვას ყოველ თავისუფალ წუთს უთმობს. მხატვრობა მისთვის ბედნიერებაა. ფიქრობს, რომ ბედნიერია, რადგან მხატვრობაა მისი საქმე. ნინო ჩაკვეტაძე დამთვალიერებელში მისი ნახატები საოცარ ემოციას იწვევს. ქალბატონ ნინოს პერსონალურ გამოფენა გალერეა “ვანდაში” 25 იანვარს გაიმართება. მიიჩნევს, რომ გამოფენები მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი გზა, წარუდგინოს საზოგადოებას საკუთარი ნაფიქრი და შექმნილი.

“ამბიონის” მკითხველს ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედებას გავაცნობთ.

ნინო ჩაკვეტაძე: “რაც თავი მახსოვს, ვხატავ და მიყვარს ხატვა. პირველი ნამუშევარი არ მაგონდება, თუმცა სახლში შენახულია ჩემი ნახატები, რომლებიც 4 -5 წლის ასაკში დავხატე. განსაკუთრებულად არ გამოირჩევა, ჩვეულებრივი ბავშვური ნახატებია. საწყისი ეტაპისა და დღევანდელ ნამუშევრებს თუ შევადარებთ, თემა თითქმის იგივეა, თუმცა შესრულების მხრივ სხვადასხვა პერიოდის ნახატები განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ ამ ბოლო პერიოდში რაღაც ჩემსას მივაგენი, თუმცა ძიების პროცესი არ სრულდება და იმედი მაქვს, მომავალში უფრო საინტერესო ნახატებს შევქმნი.”

რა არის თქვენი ნახატების ძირითადი სათქმელი?

რაც შეეხება ნახატების შინაარსს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თითქმის განუწყვეტლივ. ვცდილობ, ისეთი თემა იყოს, რომ ადამიანის სულს შეეხოს, ოღონდ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ზედმეტად ბანალური, ან ზედმეტად სენტიმენტალური არ გამოვიდეს.

ნინო ჩაკვეტაძის ნახატიმაგრამ ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის ისეც, რომ ნახატის სიუჟეტი თავისით გამიელვებს თვალწინ. ხანდახან ქუჩაში დანახული ბავშვის მოძრაობა, ან რამე სიტუაცია ჩამებეჭდება თავში და ამაზე ვაგებ მთელ ნახატს.

მშვიდი და ბუნებრივი ფერები მირჩევნია ზედმეტად მყვირალა და მკვეთრ ფერებს. მაქვს რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნახატი, რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს შეველევი.

ხშირად მომიხსენიებენ, როგორც საბავშვო მხატვარს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ნახატები ბავშვსაც მოსწონს და აღელვებს, მაგრამ მე ყველასთვის ვხატავ, ამ შემთხვევაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ადამიანი როგორ დაინახავს და შეიგრძნობს ჩემს შემოქმედებას, განურჩევლად იმისა, ბავშვია ის თუ მოზრდილი.

თქვენს ნამუშევრებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. როგორ ახერხებთ დამთვალიერებლის გულის მოგებას?

მიხარია, რომ ჩემს შემოქმედებას ჰყავს თაყვანისმცემლები. არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე. მიჭირს საკუთარ ნახატებზე ლაპარაკი. ალბათ, ჩემს ნახატებში ადამიანები სიკეთესა და სითბოს ხედავენ, გრძნობენ რაღაც მშობლიურს, რაც ყველასთვის ახლოა. ინტერნეტის მეშვეობით ხშირად მწერენ, რომ ნახატებში აღმოაჩინეს ის, რაც დღევანდელობას ძალიან აკლია.

დამწყებ მხატვრებს ვურჩევ, აკეთონ ის, რაც თვითონ სიამოვნებთ, იმუშავონ ბევრი და რაც არ უნდა დიდი სირთულეები შეხვდეთ ცხოვრებაში, არ დანებდნენ და ყოველთვის გააგრძელონ ხატვა.

ქალბატონო ნინო, თქვენ ასევე მუშაობთ საბავშვო ილუსტრაციებზე. რა პროექტებში იღებთ მონაწილეობას?

საბავშვო ილუსტრაციებზე მუშაობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. როდესაც აფორმებ საბავშვო წიგნს, დიდი სიფრთხილე და დაკვირვებულობა გმართებს. ბავშვი აუცილებლად გიპოვნის შეცდომას, ამიტომ ტექსტს დიდი ყურადღებით ვკითხულობ, რომ რამე დეტალი არ გამომრჩეს. რამდენიმე საინტერესო საბავშვო წიგნი უკვე გავაფორმე.

გამომცემლობა “პალიტრა” სულ მალე გამოსცემს ჩეხი მწერლის იან კარაფიატის საბავშვო ზღაპარს “ციცინათელები”, რომლის ადაპტირებული ტექსტი მოამზადა მაკა მიქელაძემ, ილუსტრაციები კი ჩემი დახატულია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წიგნია პატარებისთვის.

როგორ აფასებთ თანამედროვე მხატვრობას?

მომწონს, რომ თანამედროვე მხატვრობა უსასრულოდ მრავალფეროვანია. არ ვეთანხმები აზრს, რომ ხელოვნებაში უკვე ყველაფერი ნათქვამია, პირიქით, ყოველდღიურად შეიძლება აღმოაჩინო რაღაც ახალი და საინტერესო. არიან ადამიანები, რომლებსაც თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ტენდენციები არ მოსწონთ. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ დღევანდელი მხატვრობა იმდენად უსაზღვრო და მრავალფეროვანია, წარმოუდგენლად მეჩვენება ვერ მიაგნო იმას, რაც ძალიან მოგეწონება და აგაღელვებს.

სამწუხაროდ, მხატვრობით დაინტერესებული ადამიანების უმეტესობას არა აქვს იმის საშუალება იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყნებში და გაეცნოს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. სამაგიეროდ არსებობს ინტერნეტი, რომელიც ნაწილობრივ ამის კომპენსირებას ახდენს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • forebichi says:

    მომეწონა. დიდი შრომაა ჩადებული.
    განცდა და თავისუფალი ხელი იგრძნობა.

  • კატოლინა says:

    ჩემი უსაყვარლესი ნამუშევრებია :) რაც ინტერნეტ-სივრცეში განთავსებულა, ყველა მაქვს… უთბილესი, უტკბილესი ნახატებია. ძალიან მამშვიდებს. წარმატებები ქალბატონ ნინოს. გამოფენაზე აუცილებლად მივალ :)

  • nini says:

    arachveulebrivia,ufalma gaadzlieros da bednieri amyofos

  • N says:

    იმდენად ღრმად მწვდება სულში ეს ნახატები, რომ ვერ გადმოვცემ! უნიჭიერესი ადამიანია <3

  • xatuna says:

    ამბობს, ვცდილობ ჩემი ნახატებით ადამიანების სულებს შევხოო, და ეს კარგად მოახერხა ჩემს შემთხვევაში. ყველა ნამუშევარი სულში ჩამწვდომია, “რაღაცნაირი”, ამაღელვებელი და ძალიან, ძალიან კარგი. სიტყვები არ მყოფნის,თითქმის ყველა ფოტო გადმოტანილი მაქვს ინტერნეტიდან და როცა სენტიმენტალურ ხასიათზე ვარ, ვათვალიერებ ხოლმე. უნიჭიერესი, ალბათ ძალიან სათნო და კეთილი ადამიანი ხართ ქ-ნო ნინო, წარმატებეს გისურვებთ მთელი გულით!

  • ქეთი says:

    საყვარელი სურათებია შევიძენდი დიდი სიამოვნებით და ყოველდღე დავტკბებოდი თბილი და საყვარელი ნამუშევრებით.სად შეიძლება თქვენი სურათების ნახვა

  • Rusudan Tchubabria says:

    araCveulebrivi ammuSevrebia… ninos Tavisi Seudarebeli samyaro aqvs da didi madloba amisTvis. xdeba Tu ara misi namuSevrebis gayidva. Tu xdeba, rogor SeiZleba dakavSireba. me sxva qveyanaSi vcxovrob! didi madloba. rRusudan Tchubabria

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი