მთავარი » ქრისტიანობა

ნიკოლოზობა – სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2020 | 142 ნახვა

19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს არის წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენება – ნიკოლოზობა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და დალოცვას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვები.

დღეს არის დიდი დღე, საყვარელი დღე ყოველი ჩვენგანისთვის, იმიტომ, რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოს არის ყოველ ჩვენგანთან.

თქვენ იცით, რომ მას წმინდა ეკლესია მოციქულთა რანგში განიხილავს. მართალია, ის მღვდელმთავარია, მაგრამ მოციქულის დარი პატივი აქვს მინიჭებული, რადგან მისი ღვაწლი და მისიონერობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბისა იყო და არის, დღესაც გრძელდება.
ეს საქმე – სამოციქულო, მისიონერული საქმე – ყოველი ქრისტიანის ვალია, მაგრამ ყველას განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. ზოგს შეუძლია მხოლოდ თავისი ოჯახი ან ერთი-ორი ადამიანი მოაქციოს, ზოგს – უფრო მეტი, ზოგს – სამრევლო, ზოგს მთელი ერის მოქცევა და უფალთან მოყვანა შეუძლია.

წმინდა ნიკოლოზისნაირ ადამიანებს ძალუძთ, უფლის მადლით ღმერთთან მოიყვანონ და დააფიქრონ მთელი მსოფლიო. თქვენ იცით, რომ მას პატივს მიაგებენ და თაყვანს სცემენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც.

და აი, მისი მისიონერული ღვაწლი ხასიათდება ერთი ძალიან გამორჩეული თვისებით – დიდი და საოცარი სიკეთით, სიყვარულით, დიდი გულისხმიერებით. ასეთი კარგი სიტყვა გვაქვს ქართულში, – როდესაც ადამიანის გული ეხმიანება, არ რჩება გულგრილი სხვების გასაჭირისადმი, მწუხარებისადმი, სირთულეებისადმი და მარტო სიტყვებით კი არ ანუგეშებს, როგორც ჩვენ ხშირად გვჩვევია, რომ სიტყვიერად თანავუგრძნოთ ადამიანებს, – ეს რა მოგსვლია, ან ეს რა უბედურებააო და ამით შემოვიფარგლებით ხოლმე.
მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ასე არ იყო. მის თანაგრძნობას ყოველთვის თან ახლდა დიდი დახმარება საქმით: ხან პატიმრობიდან იხსნიდა უდანაშაულოებსა და სიკვდილმისჯილებს, ხან სხვა რამ. ბევრია ასეთი შემთხვევა. ჩვენ ვიცით, რამდენჯერ გადაარჩინა მან ადამიანები თავისი ლოცვითა და ჩარევით.

ამრიგად, აი, ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო წმინდა ნიკოლოზი, იმდენად გამორჩეული, რომ, თქვენ იცით, მთელ მსოფლიოში ახალ წელს ბავშვებს საჩუქრებს წმინდა ნიკოლოზი მიუტანს ხოლმე. ეს კომუნისტებმა შეცვალეს ჩვენს ყოფილ საბჭოთა კავშირში თოვლის ბაბუით, რომ ყველას დაგვევიწყებინა ღმერთიც, წმინდანებიც და ეკლესიაც. ამიტომ თოვლის ბაბუა მოიგონეს, სინამდვილეში, ეს დღეს მთელ წმინდა ნიკოლოზია. აი, იმდენად ასეთი თვისება აქვს მას და იმდენად გვიყვარს ყოველ ჩვენგანს.

მაგრამ აქ შეიძლება დაისვას კითხვა: სხვა წმინდანებსაც ხომ ჰქონდათ ასეთი სიკეთე? რამდენ სასწაულს ახდენდნენ სხვა წმინდანებიც, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია, რატომ არის იგი გამორჩეული?

ძვირფასო ძმებო და დებო, ალბათ იმიტომ, რომ დღესაც კი, ჩვენს 21-ე საუკუნეში, ჩვენ ვგრძნობთ მასთან უშუალო კავშირს. ჩვენ როცა მას ვევედრებით, ის მსწრაფლშემწეა, იცით თქვენ, ვიღებთ მისგან პასუხს, მას ესმის და ჩვენც გვესმის მისი პასუხი. ამიტომაც არის, რომ ჩვენთვის წმინდა ნიკოლოზი არ არის მხოლოდ ისტორიული ფიგურა, რომელიც ოდესღაც თავისი სიკეთით გამოირჩეოდა; იმიტომ, რომ მრავალი იყო ასეთი ადამიანი ისტორიაში, იყვნენ მწერლებიც, პოლიტიკური მოღვაწეებიც, დიდი მეფეებიც, მაგრამ მათთან ჩვენ ასეთი ცოცხალი კავშირი არ გვაქვს. თითქოს ისტორიაში დასრულდა მათი ცხოვრება, თუმცა, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ მათ;
მაგრამ აი, წმინდა ნიკოლოზთან და ასეთ დიდ წმინდანებთან ჩვენ გვაქვს ცოცხალი ქრისტესმიერ კავშირი სულიწმინდის მადლით და ამიტომ ვხარობთ დღეს, ამიტომ ვაშენებთ ჩვენ მისი სახელობის ტაძრებს, ამიტომ მივმართათ, რომ დღეს არის ის ჩვენ წინაშე, დღეს არის ის ჩვენთან ერთად წმინდა ეკლესიაში. ეკლესიაში ყოფნა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ისტორია კი არ იკარგება წარსულში, არამედ აწმყო და წარსული – ეს ჟამი, დროები – თითქოს ერთიანდება, რადგან ეკლესია დროის მიღმა არის, უდროობაშია, მარადისობაშია და უერთდება მარადისობას. როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მოვდივართ ეკლესიაში, ვართ ეკლესიაში და ვლოცულობთ, ჩვენ აი, ამ მარადისობას ვეხებით, რომელშიც ჩვენც უნდა გადავიდეთ, ჩვენც ვართ შვილები ამ მარადისობისა, ადამიანის სული მარადიულია.

აი, ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. ამიტომაც არის ეკლესია უკვდავი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი, როგორც ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ვერ ერეოდიან მას. ვერც შემოსევებმა, ვერც მწვალებლობებმა, ვერაფერმა დაამარცხა და ვერ დაამარცხებს ეკლესიას, იმიტომ რომ ცოცხალი კავშირი ღმერთთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან არის ეკლესიაში და ჩვენ ამას ვგრძნობთ, ამით ვართ ბედნიერნი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გააგხაროთ, გაგაძლიეროთ; ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ დაიფაროს ჩვენი ერი და მისი ლოცვით გამთლიანდეს.
თქვენ იცით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განსაკუთრებით შეავედრა წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რაც დღეს გვაქვს პანდემიის სახით მთელ ჩვენს ერსა და მთელ მსოფლიოს და წმინდა ნიკოლოზი, როგორც მსწრაფლშემწე, შეგვეწიოს; და დავძლიოთ არა მარტო სენი, არამედ ის გამომწვევი მიზეზებიც დავძლიოთ. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის; ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი დაშორება ღმერთთან; განსაცდელების მეშვეობით კი უფალი გვასწავლის, როგორც მამა ასწავლის თავის შვილებს, რომ გამოსწორდნენ, მოინანინიონ, შეინანონ და დაბრუნდნენ უფლის წიაღში.

აი, ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე.
შეგვეწიოს წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი