მთავარი » ემიგრანტის წერილები

ნიკოლოზ ჩხოტუა – “ემიგრანტები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2015 ერთი კომენტარი | 2,584 ნახვა

ნიკოლოზ ჩხოტუამ თითქმის ყველა ოცნება აისრულა: გახდა დიპლომატი, იყო მდიდარი, ცნობილი, გავლენიანი, ჰყავდა მოყვარული ოჯახი, მოიარა მთელი მსოფლიო, მაგრამ ვერ აისრულა მთავარი – მშობლიური ქვეყნის ნახვა. ნიკოლოზ ჩხოტუა 50-იან წლებში, როცა სამშობლოსთან მიმოწერა შესაძლებელი გახდა, ურთიერთობა აღადგინა ნათესავებთან, 60-იან წლებში სატელეფონო კავშირიც დაამყარა, 80-იან წლებში კი, როცა ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა – ჯანმრთელობამ უღალატა და საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

ნიკოლოზ ჩხოტუას შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ქართული არ იციან, მაგრამ სულითა და გულით ქართველები არიან და შეძლებისდაგვარად იღწვიან საქართველოსთვის. ექვსივეს ქართული სახელი ჰქვია: ზურაბი, თამარი, ნინო, შალვა, მარინე, დიმიტრი. მამამ, სიკვდილის წინ, შვილებს ერთადერთი სურვილის შესრულება სთხოვა – სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო. ვინაიდან საბჭოთა საქართველოში ემიგრანტის თუნდაც სხეულის ნაწილის ფერფლის ჩამოტანა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მამის ანდერძის შესრულება შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ შეძლეს. 1987 წელს, ნ. ჩხოტუას გული დაწვეს, ერთი წლის შემდეგ კი, 1988 წლის მაისში, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა უფროსმა რძალმა, მარიეტამ და ოჯახის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით, ჩუმად დაკრძალეს დედისა და დის გვერდით ერთ საფლავში, ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის სახლეობის ეკლესიასთან. პანაშვიდი, თბილისელ ნათესავებთან ერთად, სიონის ტაძარში გადაუხადეს.

აღნიშნული ვიდეო ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” გვერდზე განთავსებულია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასა” და “ამბიონს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Zurabi says:

    წმ. მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი

    გზა ბედნიერებისკენ

    არაფერია წმინდა გულზე უფრო სასურველი, რადგან ასეთი გული ღვთის საყდარი ხდება. არის კი რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე საყდარი ღვთისა? რა თქმა უნდა, არა. მათ შესახებ, ვისაც წმინდა გული აქვს, უფალი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.“ (2 კორ. 6,16). ამგვარად, ვინაა ასეთ ხალხზე უფრო ბედნიერი? და რომელი სიკეთე აკლიათ მათ? განა სული წმიდის ყველა ნიჭი მათ ნეტარ სულებში არ არის? რაღა შეიძლება აკლდეთ მათ? არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი! რადგან მათ გულში იმყოფება უდიდესი სიკეთე – თავად ღმერთი!
    რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს – უცხო ქვეყნებში და მოგზაურობებში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებში და სიტკბოებებში, სიამოვნებებში, სიუხვესა და უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება…
    ძმებო და დებო! ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობების, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსეს თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა…
    სამწუხაროდ, ვინც საკუთარი გული უყურადღებოდ მიატოვა, მან ყველა სიკეთე დაკარგა და მრავალ სიავეს ეწია; განაგდო სიხარული და აივსო სიმწარით, მწუხარებითა და სულიერი სივიწროვით; განაგდო მშვიდობა და შეიძინა დათრგუნვილობა, მოუსვენრობა და ძრწოლა; განაგდო სიყვარული და შეიძინა სიძულვილი; და საბოლოოდ, განაგდო სული წმიდის ყველა ნიჭი და ნაყოფი, რომლებიც ნათლობისას შეიძინა, და დაუახლოვდა ყველა ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს საცოდავად და დაწყევლილად აქცევენ.
    ძმებო და დებო! ყოვლადმოწყალე ღმერთს ჩვენთვის, ყველასთვის ბედნიერება სურს, ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. ამისთვის მან თავისი წმიდა ეკლესია დააარსა, რათა მან განგვწინდოს ცოდვებისაგან, რათა გვაკურთხოს, შეგვარიგოს ღმერთთან და მოგვანიჭოს ზეციური კურთხევა.
    ეკლესია ყოველთვის მზადაა იმისთვის, რომ გულში ჩაგვიკრას. მივისწრაფოთ მისკენ ყველამ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი. მივისწრაფოთ – და ეკლესია იტვირთავს ჩვენი ტვირთის სიმძიმეს, გვიბოძებს ღვთის წინაშე კადნიერებას და აავსებს ჩვენს გულებს ბედნიერებითა და ნეტარებით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.