მთავარი » კულტურა

ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.05.2010 2 კომენტარი | 1,836 ნახვა

ნიკო გომელაური“მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას –
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას…”

ამ ლექსით გაიხსნა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტის VIII კორპუსის დარბაზში გაიმართა. იდეა ეკუთვნოდა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს: ალექსანდრე პაპიაშვილს, გიორგი ედილაშვილს, ლაშა გობრონიძეს, თორნიკე ხუციშვილს, არჩილ ჭელიძეს, მარიამ აფრიდონიძეს. მათი და მონაწილეების დახმარებით საღამო წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნიკო გომელაურის მეუღლე – ნინა, შვილები, მეგობრები, თანამშრომლები… იქ იმყოფებოდნენ თავისუფალი თეატრის მსახიობები: ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, მაია დობორჯგინიძე, გოგა ბარბაქაძე, კახა მიქიაშვილი, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი…

საღამოს მიზანი იყო სტუდენტური ცხოვრების გახალისება, გალამაზება, მათი ინტერესის დაკმაყოფილება და, რაღა თქმა უნდა, ნიკოს ხსოვნისადმი პატივის მიგება. ღონისძიებაზე სტუდენტებმა ნიკო გომელაურის ფოტოკოლაჟისა და წყნარი მელოდიების ფონზე პოეტის ლექსები წარმოთქვეს. თითოეულ მონაწილეში იგრძნობოდა ნიკოს შემოქმედებისადმი დიდი სიყვარული, სითბო და, რა თქმა უნდა, სევდა. საღამოს დასასრულს პატრიარქის ლექსი “ყველაფერი კარგად იქნება” წაიკითხეს. ამაღელვებელი იყო ბოლო მომენტი, როცა მაყურებელი ტაშს მსახიობებს უკრავდა, ისინი კი, ნიკოს ფოტოსურათისკენ შებრუნებულნი, პოეტს უძღვნიდნენ აპლოდისმენტებს.

გიგა გოგიჩაძე (“სხვენის” მსახიობი): “ჩვენი დასი 3 წლის წინ ჩამოყალიბდა. მისი სახელწოდებაა “სხვენი”. ვდგამთ სპექტაკლებს. რეჟისორია გიორგი გომურაშვილი. ამ საღამოს მოწყობა ჯერ კიდევ ნიკოს სიცოცხლეში გვინდოდა, მაგრამ რადგან ასეთი რამ მოხდა, გავჩერდით. შემდეგ ამ ინიციატივით უნივერსიტეტის თვითმმართველობამ მოგვმართა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით და გვერდში დავუდექით. ძალიან ძნელი იყო ნიკოს ლექსების წაკითხვა, რადგან არ გვინდოდა, მიგვებაძა, გვსურდა, რაღაც განსხვავებულად წარმოგვეჩინა. იმედია, ჩანაფიქრი განვახორციელეთ და მაყურებელი კმაყოფილი დარჩა”.

გვანცა სოსელია (“სხვენის” მსახიობი): “ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდ პატივს ვცემ ნიკო გომელაურს, როგორც მსახიობსა და როგორც – პოეტს. მიყვარს მისი ლექსები. საღამოს მეშვეობით გვსურდა, სამძიმარი გამოგვეხატა ნიკოს ახლობლებისადმი”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: მარიამ ჯოლოგუა, კახა მიქიაშვილი, ავთო ვარსიმაშვილი.

ავთო ვარსიმაშვილი (რეჟისორი): “ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც სცენაზე იდგა. მინდა, საქართველოში ნიკოს ლექსები დიდხანს იკითხებოდეს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედება ბევრ თაობას გაუძლებს და XXII საუკუნეში გადავა. ქართველებს ხშირად მიცვალებულები უფრო გვიყვარს, ვიდრე ცოცხლები. ნიკო ამ მხრივაც გამონაკლისს წარმოადგენდა. სიცოცხლეშივე გახლდათ ყველასგან დაფასებული. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, დიდი პოეტი და მსახიობი, ადამიანი, რომელსაც შეგეძლო დაყრდნობოდი და მიგენდო მთელი შენი ცხოვრება. მან ჩემთან 29 როლი ითამაშა. ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული თეატრალურ საქმიანობაში, იცის, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია… ბევრი ამბობდა, რომ ნიკო სვამდა. მინდა გითხრათ, რომ ნიკო, რა თქმა უნდა, სვამდა, მაგრამ ამას სპექტაკლებისა და რეპეტიციების დროს არასოდეს აკეთებდა. ბოლოს სასმელი საერთოდ შეიძულა და ამბობდა: რა დეგენერატი ვიყავი, რომ ვსვამდი. რამდენი წუთი, რამდენი წამი დავკარგე. რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა იმ პერიოდში. სიფხიზლეში ხომ უფრო ლამაზია ეს ქვეყანა და უფრო გადასარევი ჩვენი სამშობლო, საქმეო… ის ყოველ დაკარგულ წამს ნანობდა. მისი ცხოვრების ბოლო წელიწადნახევარი არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანმა ამქვეყნად უნდა იცხოვროს. ჩემს მანქანაში ვისხედით, როცა თავისი დიაგნოზი მითხრა. ძალიან დიდხანს ჩუმად ვიყავით. ვკითხე, რა გვექნა, შეგვემცირებინა თუ არა სპექტაკლები და რეპეტიციები… მან კი მითხრა, რომ ეს არავითარ შემთხვვაში არ უნდა გაგვეკეთებინა: ჯობს სცენაზე მოვკვდე, ვიდრე საწოლშიო… მას უნდოდა, რომ დახარჯულიყო, ბოლო წამებამდე მაყურებლისათვის სიყვარული აეხსნა, ეთქვა, რომ ის დგას სცენაზე, იდგება და შეეწირება კიდეც თავის საქმეს. როდესაც ინდოეთში ფილმის “ყველაფერი კარგად იქნება” გადასაღებად მივდიოდით, ექიმმა გაგვაფრთხილა, რომ ვრისკავდით. ნიკომაც მითხრა: ვრისკავთ, ავთუშ, რამე რომ დამემართოსო?! მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით. მის ბოლო სპექტაკლსაც “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” ერქვა. ვისაც სპექტაკლი უნახავს, იცის, რომ მოქმედი გმირი უკვე გარდაცვლილია და ყველაფერს იმ სამყაროდან ყვება. ეს მისთვის გახლდათ დაწერილი. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ის წავიდოდა. ნიკო ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე რთული როლი, რაც კი ეთამაშა. რთული იყო არა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურით. მას მართლაც მთელი გულით უყვარდა თავისი მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი. ამიტომაც ღრმად მჯერა, რომ ის XXII საუკუნეში გადავა”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • რეჟისორი რატომ არ არის მოხსენიებული? რა დაგიშავათ?

    • დავითი says:

      გიორგი, ჯერ სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხო და მერე გამოთქვა შენი მოსაზრება!

      აი ამონარიდი სტატიიდან:

      …საღამო წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნიკო გომელაურის მეუღლე – ნინა, შვილები, მეგობრები, თანამშრომლები… იქ იმყოფებოდნენ თავისუფალი თეატრის მსახიობები: ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, მაია დობორჯგინიძე, გოგა ბარბაქაძე, კახა მიქიაშვილი, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი…

      შენდობას ვითხოვ მითითებისათვის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი