მთავარი » ჯანმრთელობა

ნევროზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2011 1,195 კომენტარი | 500,758 ნახვა

ნევროზი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ე.წ ნევროზს გარდამავალი ადგილი უჭირავს ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის. ეს არის დაავადება, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. იგი ეპიდემიასავითაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდებში, მოხუცებში და ასევე, ბავშვებშიც.

ნევროზის წარმოშობაზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე უფრო დაწვრილებით ჩვენ ვესაუბრეთ ექიმ-ნევროლოგს – ირინა ხატიაშვილს.

რა იწვევს ნევროზს?

ნევროზი არის ფსიქიური აშლილობის სახე, რომელსაც იწვევს კონკრეტული პიროვნებისათვის მნიშვნელოვანი ერთჯერადი ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი, ან ქრონიკულად არსებული კონფლიქტური სიტუაცია. ნევროზი არის პიროვნების რეაქცია რთულ, ხშირად ამ პიროვნებისათვის გამოუვალ სიტუაციაზე. საზოგადოდ, ნევროზის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს პიროვნების გარკვეული ე.წ. “ნევროტიული” დამოკიდებულება კონკრეტული გარემო პირობებისადმი, ანუ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც ამ სიტუაციის “რაციონალურ” გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის. ანუ ნევროზის მიზეზია არა თავად ნეგატიური გარემო პირობები (სტრესი, კონფლიქტი, არასასურველი მოვლენები და სხვ), არამედ პიროვნების დამოკიდებულების თავისებურება მოცემული გარემო პირობების მიმართ. ნევროზის წარმოშობას ხელს უწყობს გარკვეული სოციალური ფაქტორები, მაგალითად, პროფესიული მოღვაწეობის თავისებურებები (მაგ.: ინფორმაციული გადატვირთვა, ერთფეროვანი სამუშაო, არასაკმარისი შემოსავალი), ოჯახური პრობლემები, არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, სქესობრივი აღზრდის თავისებურებები და სხვ.

ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ნევროზი?

ნევროზი უმეტესწილად ზრდასრულ ადამიანთა შორის გვხვდება, თუმცა მისი ჩამოყალიბება, როგორც წესი, იწყება პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში და ხშირად საფუძვლად უდევს ადრეულ ბავშვობაში გადატანილი სტრესული მდგომარეობები, არაჯანსაღი სიტუაცია ოჯახში, კონფლიქტი მშობლებს შორის, გადაჭარბებული სიმკაცრე და ძალადობა ბავშვის მიმართ, მისი პირონებისა და ინტერესების უხეში დათრგუნვა, გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვისადმი (მაგალითად, სწავლაში, სპორტში), ან მისი არაჯანსაღი იდეალიზაცია, ჩაგონება, “რომ იგი განსაკუთრებულია და განსაკუთრებული მიღწევები უნდა ჰქონდეს”. ნევროზი ხშირად უვითარდებათ გარკვეული ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანებს, მაგალითად, მათ, ვისაც ძალიან განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაღალ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ ათავს, ასევე, მათ, ვისაც აქვს მერყევი ხასიათი, უჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ნევროზები ხშირად გამოვლინდება, ასევე, კლიმაქტერულ პერიოდში. ამ შემთხვევაში, მას ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები. ნევროზი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

რამდენად გავრცელებულია ნევროზი ბავშვებში?

ბავშვებს შორის ნევროზი არც თუ ისე იშვიათია, უმეტესად, იგი გამოვლინდება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში (5-10 წელი) და პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში (11-15 წელი). ბავშვებში ნევროზის გამოვლინებები სხვადასხავგვარი შეიძლება იყოს. საკმაოდ ხშირია ე.წ. ენურეზი, ან ენკოპრეზი – შარდვის, ან განავლის შეუკავებლობა, მეტყველების პრობლემები – ე.წ. “ენის ბორძიკი”, უნებლიე მოძრაობები – ტიკები, ძილის დარღვევა, კვებითი ქცევის დარღვევა (უმადობა, ან გადაჭარბებული ჭამა), სქესობრივი ქცევის დარღვევა და ა.შ. ბავშვებში ნევროზი შესაძლებელია გამოვლინდეს თავის ტკივილებით, ტკივილებით მუცლის, ან გულმკერდის არეში, ღებინებით, აგრესიულობით, გულჩვილობით, სხვადასხვაგვარი შიშებით და ა.შ. რაღა თქმა უნდა, თუ მშობელმა ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ან სხვა უჩვეულო სიმპტომი შენიშნა, ბავშვი აუცილებლად ექიმთან უნდა წაიყვანოს.

მცირეწლოვნებში რა შეიძლება გახდეს ნევროზის მიზეზი?

ყველაზე ხშირი მიზეზი არის ოჯახში ბავშვისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება: გადამეტებული სიმკაცრე, ან, პირიქით, ზედმეტად დამთმობი პოზიცია მშობლების მხრიდან. დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური დასჯა (ცემა) და შეშინება სხვადასხვაგვარი სასჯელით, ან იმით, რომ “თუ ცუდად მოიქცევა, დედას აღარ ეყვარება”, “დედა წავა და აღარ მოვა”, “საბავშვო ბაღში დაგტოვებს”, “დედა მოკვდება” და სხვა ამგვარი. ბავშვის ნევროზის მიზეზი შესაძლოა იყოს მშობლებს შორის კონფლიქტი, ან კონფლიქტური დამოკიდებულება ოჯახის სხვა წევრებს შორის. ბავშვის ნევროზი ხშირად განპირობებულია მისი გადამეტებული ინფორმაციული დატვირთვით (განსაკუთრებით ეს ეხებათ უმცროსი ასაკის ბავშვებს), აგრესიული და ბავშვისათვის საშიში ინფორმაციის მიწოდებით, დღის რეჟიმის დარღვევით.

როგორ ვლინდება თავიდან ნევროზი , რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ნევროზის გამოვლინებები სხვადასხვაგვარია. საწყის ეტაპზე ადამიანი შეიძლება უჩიოდეს უხასიათობას, გულჩვილობას, ძილის დარღვევას, მაგალითად, ჩაძინების გაძნელებას, ან უჩვეულოდ ადრე გაღვიძებას, უმადობას, ან, პირიქით, ე.წ. ბულიმიას (გადაჭარბებულ ჭამას), ადვილად დაღლას, ადვილად გაღიზიანებადობას (როდესაც “ყველაფერი ნერვებს უშლის”), ღელვას თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემების გამო, შიშს, “რომ რაიმე ცუდი მოხდება”, გულის აჩქარების შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ყელში “ბურთის გაჩხერვის” შეგრძნებას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრიდან დარღვევებს – ყაბზობას, მეტეორიზმს და სხვ. აღნიშნული, ან სხვა სიმპტომების არსებობისას ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

ნევროზის რა ფორმები არსებობს და რომელი ფორმებია ყველაზე გავრცელებული?

როგორც აღვნიშნეთ, ნევროზის გამოვლინებები მეტად მრავალფეროვანია და თითოეული მათგანის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ძირითადად გამოიყოფა ნევროზული აშლილობის ორი ვარიანტი: შფოთვითი აშლილობა, რაც ვლინდება ხოლმე ე.წ. პანიკური შეტევებით და დეპრესია. ხშირად შფოთვითი აშლილობა და დეპრესია თანაარსებობს და მაშინ საუბარია ე.წ. დეპრესიულ-შფოთვით აშლილობაზე.

პანიკური შეტევა, უმეტესად, ვლინდება საღამოს საათებში, შესაძლოა ღამითაც გამოაღვიძოს ადამიანი. ამ დროს პიროვნებას ეუფლება ძლიერი შიშის გრძნობა, ჰგონია, რომ “კვდება”, “გიჟდება”, “კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე”, ან “აქვს ინფარქტი”, “გულის შეტევა”. ამგვარი შიში თანხლებულია გენერალიზებული კანკალით – შემცივნებით, გულის აჩქარებით, არტერიული წნევის მომატებით, სიფერმკრთალით, ძლიერი ოფლიანობით; შესაძლოა ტკივილი, ან დისკომფორტი გულმკერდის, ან მუცლის არეში, ქოშინი, ჩასუნთქვის, ან ამოსუნთქის უკმარისობის შეგრძნება. პანიკური შეტევა გრძელდება რამოდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე. შეტევა თავისით მთავრდება, თუმცა, როგორც წესი, დაავადებულის ოჯახის წევრები იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, პაციენტს უკეთდება დამამშვიდებელი საშუალება, რის შედეგად შეტევა სწრაფად მოიხსნება ხოლმე.

დეპრესიის გამოვლინებებიდან აღსანიშნავია უხასიათობა, უიმედობისა და მომავლის უპერსპექტივობის შეგრძნება, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის დაკარგვა, დანაშაულის გრძნობა, მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა და, საერთოდ, ინტერესთა წრის შევიწროება. დეპრესიაში მყოფი ადამიანი ხშირად ტირის, არ შესწევს ძალა, ყოველდღიური ჩვეული საქმიანობა განახორციელოს, ის, რაც ადრე სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებდა, აღარ სიამოვნებს და აღიზიანებს კიდეც, უჭირს დილით ლოგინიდან ადგომა და ღამით ჩაძინება, აღენიშნება უმადობა და წონაში იკლებს, ან, პირიქით, გაძლიერებულად ჭამს და ძლიერ იმატებს წონაში. დეპრესიის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებიც გამოვლინდეს: თავის ტკივილები, გაურკვეველი ტკივილები კუნთების არეში, აუხსნელი შეგრძნებები თავის მიდამოში, კანკალი და სხვ. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ სჭირს რაიმე მძიმე დაავადება, ამის გამო მრავალ ექიმთან დადის და თვლის, რომ “ვერავინ უსვამს სწორ დიაგნოზს”.

რამდენად საშიში დაავადებაა ნევროზი და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ნევროზი ფსიქოლოგიური სფეროს აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება, იგი სერიოზული დაავადებაა, რომელიც სწორ მკურნალობას საჭიროებს. სწორად წარმართული მკურნალობთ ნევროზი ხშირად სრულად იკურნება.

არასათანადო სამკურნალო მიდგომებისას კი ნევროზი ღრმავდება და სხვა გამოვლინებები ემატება. მაგალითად, პანიკური შეტევების მქონე ადამიანებს უყალიბდებათ ე.წ. აგორაფობია, ანუ ღია სივრცის შიში, შიში ისეთ ადგილას მოხვედრისა, სადავ “ცუდად რომ გახდეს, ვერავინ უშველის”, ან “ცუდად გახდომა სირცხვილი იქნება”. შედეგად ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვდეს ქუჩაში, უჭირს ტრანსპორტით (განსაკუთრებით მეტროთი) მგზავრობა, აცდენს სამსახურს და საბოლოო ჯამში შესაძლოა საერთოდ სახლში ჩაიკეტოს. ამასთანავე, ხშირად სახლში მარტო დარჩენისაც ეშინია, რადგან ”ცუდად გახდომისას ვერავინ დაეხმარება”. ამგვარად, ადამიანი, ფაქტობრივად, უუნარო, ე.წ. ინვალიდი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული დაავადება არ აღენიშნება.

დეპრესიას კიდევ უფრო სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რადგან დეპრესიისას ადამიანებს საკუთარი უსარგებლობის, დანაშაულის, სიცოცხლის უაზრობის გრძნობა აწუხებთ, რაც თვითმკვლელობაზე ფიქრის საბაბი ხდება და შესაძლოა ასეთმა პიროვნებამ თვითმკვლელობა ჩაიდინოს კიდეც.

სწორედ ამიტომ დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა გადაუდებელ ადექვატურ მკურნალობას საჭიროებს ფსიქიატრისა და ნევროლოგის მიერ.

რამდენად ადვილია ნევროზისგან თავის დაღწევა? რა სამკურნალო საშუალებები არსებობს ამისთვის?

რგორც უკვე ვთქვით, ნევროზისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია სწორი მკურნალობისას. ნევროზის თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა კი არ შეამსუბუქოს ნევროზი, არამედ მისი გარკვეული გამოვლინება (მაგალითად, დეპრესია) გააღრმავოს კიდეც. სწორედ ამიტომ საჭიროა დაავადებულმა ადამიანმა ნევროლოგს, ან ფსიქიატრს მიმართოს. ნევროზის მკურნალობა, როგორც წესი, კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიოლოგიური ჩარევის საშუალებებს.

ხშირად ადამიანი ნევროზში ისევ თავის თავს ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ ნევროზისაგან განიკურნება, თუ ”თავს ხელში აიყვანს”, ”ნერვებს არ აჰყვება”, ”არ ინერვიულებს პრობლემებზე”. გარკვეულ ეტაპამდე შესაძლოა ეს საკმარისი იყოს, მაგრამ თუ ადამიანი თავის თავს ვერ ერევა, უმჯობესია ექიმს დროულად მიაკითხოს, რათა სათანადო რჩევები მიიღოს და დროულად დაუბრუნდეს თავის ნორმალურ მდგომარეობას.

ჩვენ ასევე გთავაზობთ, თუ რა საშუალებები გააჩნია ეკლესიას ნევროზის წინააღმდეგ საბრძოლველად:

მამა კონსტანტინე (გიორგაძე): ,,ნევროზი და დეპრესია არ არის ხორციელი დაავადება, ეს უფრო სულიერია. მიზეზი ასეთი დაავადებებისა გახლავთ ბოროტის ზემოქმედება, რომლის განხორციელების საშუალებაც ადამიანმა თვითონ მისცა მას, ანუ ეს არის ცოდვების შედეგი, ცოდვების ჩამონათვალი კი თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან დიდია.

ასეთი ადამიანების სამკურნალოდ სწორედ ეკლესიური მეთოდებია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სრულყოფილი, გულახდილი აღსარება, ზიარება, ზეთის ცხება, მომლოცველობა (წმიდა ადგილებისა), სახარებისა და ფსალმუნების კითხვა, უზმოზე დილით სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება, ასევე, სახლში ნაკურთხი წყლის სხურება და საკმევლის კმევა.
თუმცა არ გამოვრიცხავთ, გარკვეულ შემთხვევაში, მედიცინის ჩარევას, რადგან ყოველივე ეს ღვთისგან მოდის’’.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1,195 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი