მთავარი » ახალი ამბები

ნეკრესის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2010 | 1,302 ნახვა

nekresiნეკრესობამდე 2 დღით ადრე, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა მოინახულეს და 3 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შედეგები შეაფასეს.

ნეკრესის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად კახეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სამონასტრო კომპლექსმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.

მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოებისას XII საუკუნის ტერასები და ამავე პერიოდის დაკონსერვებული ორ რეზერვუარიანი წყარო იქნა აღმოჩენილი. მოეწყო ტურისტული ბილიკები და დასრულდა მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. გუმბათოვან ეკლესიასთან, ორ მცირე და სამეკლესიან ბაზილიკასთან ერთად აღდგენილია ნეკრესელის სასახლე, კოშკი-სამრეკლო, სატრაპეზო, საწნახელი საცხოვრებელი ოთახი და ორი მარანი.

ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო, კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრია. კომპლექსი ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად მდებარეობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე ეს მხარეც გაქრისტიანდა, IV ს-ის II ნახევარში თრდატ მეფემ “ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღაშენა განსრულებით”. მეფე ვახტანგ გორგალის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ გავრცობილი, ხოლო მისი მღვდელმთავარი “ეპისკოპოზ გაღმა-მხარისა დიდო თურქთ” იყო. VI ს. II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს.

XVI ს. II ნახევრიდან კახეთის სამეფოს ოთხი სადროშოდან მეორე სადროშოს წინამძღოლად ნეკრესელი მღვდელმთავარი ითვლებოდა. XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბაზ პირველმა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი კაკ-ენისელი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა. XVIII ს. პირველი მეოთხედიდან გაღმა მხარის მომძლავრებულმა ლეკებმა ამ მხარეში საბოლოო გაბატონება მოინდომეს. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის აყრისა და განადგურების შემდეგ ეს მხარე (საინგილო და მისი მიმდებარე ტერიტორიები) დროებით ჩამოსცილდა კახეთს.

ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესის და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მართავს მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი