მთავარი » საზოგადოება

როგორ გავახაროთ ნაძვის ნერგი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.12.2016 11 კომენტარი | 28,057 ნახვა

“მოდის ახალი წელი, ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შიეტანოთ ნაძვის ნერგი”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა საკვირაო ქადაგებისას (11.12.2016) და მრევლს მოუწოდა ნერგების გამოყვანა შეისწავლონ.

”ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთისა. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე?. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, ნაძვის ნერგი არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ მასში ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ მასში სიცოცხლეა, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში.

ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა, საქართველოდან გააქვთ მისი თესლი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია”, – აღნიშნა პატრიარქმა (11.12.2016).

საახალწლოდ თითქმის ყველა ოჯახში ირთვება ნაძვის ხე. მისი მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახალისებს. წელს საახალწლო ბაზრობებზე ნაძვის ნერგების სიმრავლე შეიმჩნევა. როგორც რამდენიმე რესპონდენტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი მიესალმებიან პატრიარქის ინიციატივას და ტრადიციულ ხელოვნურ ნაძვის ხესთან ერთად მათ საახალწლო კუთხეს უკვე ნაძვის ნერგიც დაამშვენებს.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი ხეა. იგი დაახლოებით 20-50 მეტრის სიმაღლე იზრდება. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis). ნაძვის ნაყოფს გირჩა ჰქვია, იგი ღია ყავისფერია. გირჩას სამკურნალოდ და შეშის ნაცვლად, საწვავ საშუალებად იყენებენ.

ნაძვის ნერგის მოვლას თავისი წესი აქვს. რა პირობების დაცვაა საჭიროა რომ ნერგმა გაიხაროს? ამ საკითხზე “ამბიონი” “მომავლის ფერმერის” აგრონომს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, თამარ ვახტანგაძეს ესაუბრა.

თამარ ვახტანგაძე: ” თუ ნაძვი ოთახში, ქოთანში გვაქვს, მისთვის საკმარისია 12-14◦C ტემპერატურა და ნათელი ადგილი. მოვრწყათ ისე, რომ ნიადაგი ნოტიო იყოს. მარტის მეორე ნახევარში შეგვიძლია გადავრგოთ ნოყიერ ნიადაგზე. ამოვიღებთ ორმოს ნახევარჯერზე უფრო დიდს, ვიდრე ქოთანია, ჩავრგავთ, მიწას მივუტკეპნით და მოვრწყავთ. ნაძვი სიგრილის მოყვარულია და ტენსაც კარგად იტანს.

საქართველოში ნაძვის წმინდა კორომები იშვიათია, ხშირად შერეულია. იზრდება ფიჭვი, წიფელი, რცხილა, დამახასიათებელი ქვეტყით, ბალახოვანი საფარით, ხავსით.

საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის აღმოსავლური ნაძვია, რომელიც ბორჯომის ხეობაშია და მისი გავრცელების საზღვარი კავკასიონის ქედს მიჰყვება, შავი არაგვის ხეობამდე. ვარჯი კომპაქტურია, ძირიდანვე იტოტება. მამრობითი გირჩები ცილინდრულია, მდედრობითი ყვავილები მოწითალო ან მომწვანოა, ზის ხის კენწეროზე. თესლი ფრთიანია და ზის თითისტარისებრ ჩაღრმავებაში. მისი აღმონაცენი ზიანდება ადრეული ან გვიანი ყინვებისაგან.

ნაძვი 15-20 წლამდე ნელა იზრდება, შემდეგ საკმაოდ სწრაფად. საქართველოში გარდა ადგილობრივი ნაძვებისა, გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი. იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ფიტონციდებს, რომელიც თავის მხრივ, შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს.

ნაძვი ცოცხლობს 300 წლამდე, იშვიათად – 500 წლამდე. წიწვოვანი მცენარეები ძნელად ფესვიანდება. მის დასაფესვიანებლად უნდა ავიღოთ ერთწლიანი ტოტი, ჩავდოთ წყალში დაახლოებით 2 საათი, შემდეგ ამოვიღოთ, დავსეროთ და ჩავდოთ სტიმულატორში რამდენიმე საათი. სტიმულატორიდან ამოღების შემდეგ ვათავსებთ წინასწარ მომზადებულ სუბსტრატში, სუბსტრატი უნდა იყოს ტენიანი. დაფესვიანებას რამდენიმე თვე სჭირდება.

წიწვოვან მცენარეებს აზიანებს სხვადასხვა მავნებელი, მაგალითად გირჩის ალურა. გირჩის ალურა გავრცელებულია ყველგან. ისინი კვერცხებს დებენ გირჩის ფუძეში. შემოდგომაზე ცვივა და მატლები ნიადაგში გადადიან გამოსაზამთრებლად. მავნებლისგან დასაცავად საჭიროა გირჩები შეგროვდეს და დაიწვას. პეპლების ფრენის პერიოდში მცენარეები უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებით”.

წიწვოვანი მცენარე გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, მას სამკურნალო თვისებაც აქვს, გამოიყენება კოსმეტიკურ პროდუქციაში, ასუფთავებს ჰაერს მიკრობებისგან, ალამაზებს გარემოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • Giorgi says:

    Dzalian mcire informaciaa. Tu heidzlebaamixsenit rogor gadavarchino nergi tu gazafxulze daecko cicvebis cvena?

    • თეონა ნოზაძე says:

      გიორგი, მოგესალმებით. აღნიშნული სტატია, რა თქმა უნდა, არაა სრულყოფილი. აღნიშნულ თემაზე მიმართეთ სხვა აგრონომს. ინტერვიუ რომელ აგრონომთანაც გვაქვს ჩაწერილი ამ სტატიაში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა

  • თეონა ნოზაძე says:

    გაზაფხულზე ნაძვის წიწვების ცვენა შეიძლება სხვადასხვა პრობლემამ გამოიწვიოს. შეიძლება ნიადაგის პრობლემაა, ან სოკოვანი დაავადებებია მიზეზი, ან ტემპერატურული ცვლილება (თუ ჯერ სახლში გქონდათ და შემდეგ ეზოში გადარგეთ)… უფრო დეტალურად მოგვწერეთ…ერთწლიანი ნერგი გაქვთ? როდის შეამჩნიეთ წიწვების ჩამოცვენა?

  • ნინო says:

    კი კარგია მაგრამ ძალიან ძვირი რომ არის ამაზე რატომ არაფერს არ ამბობს ძალიანაც მინდა გავამწვანო გარემო და ბევრსაც ვწვალობ ამისთვის, მაგრამ თუ ვინმე მაინც შეგვიწყობს ხელს ნერგების ხელმისაწვდომ ფასად შეძენაში კარგი იქნება

  • Nino says:

    Nadzvs daewyo wiwvebis cvena. 17 dekembers shevitane saxlshi Da ert kvirashi ukve daewyo cvena. Aris erti metris zomis.rogor sheidzleba gadavarchino? Otaxis temperatura aris 24 gradusi.

  • მარი says:

    სექტემბრის ბოლოს დავრგე ვერცხლისფერი ნაძვი ,როგორ მოუარო რომ გაიხაროს ნაძვი არის 10 წლის

  • დავითი says:

    გირჩებისგან არ შეიძლება ნერგის გამოყვანა?

  • თეონა says:

    დღე მშვიდობის,ნაძვი მიდგას აივანზე და გაუჩნდა შავი პატარა მუხლუხო ჭიები,შევიძინე Პრეპარატი 3ჯერ შევნამე უკვე,მაგრამ სრულად არ გაქრა ეს ჭია,რას მირჩევთ?(აივანი შემინულია და ამ დრომდე დახურული იყო,ამან ხო არ გამოიწვია)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი