მთავარი » ხატები და ფრესკები

ხატი – ნაყოფიერი მთა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2016 | 4,450 ნახვა

სმოლენსკის სასაფლაოს ეკლესიაში, ქ. ტვერში არის საწმინდედ შერაცხილი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ნაყოფიერი მთა.

ხატი მისივე სახელზე აშენებულ ეკვდერში, კანკელზეა მოთავსებული და ძალიან ხშირად მოსახლეობის თხოვნით ოჯახებში დაბრძანდება. ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელში უპყრია, მისი სახე რამდენადმე მარჯვნივაა დახრილი, თვალები პირდაპირ უმზერენ მლოცველს, მარჯვენა ხელის თითის წვერებით უპყირა მთა, რომელზედაც რამდენიმე გუმბათითა და ჯვრით დამშვენებული ეკლესიის თავი ჩანს. ხატი - ნაყოფიერი მთა წინასაუკუნეთა ყრმა გამოსახულია მაკურთხეველი მარჯვენით. ხატწერა ძალიან ძველია.

ამ ხატის შესახებ გადმოცემა ამბობს, რომ 200 წლის წინ თათრული წარმომავლობის ვინმე კოზმა ვოლჩანინოვმა ტვერის ერთ-ერთ მონასტერში დიდი შიდა სამუშაოები გასწია და ყველაფერი კარგად და კეთილსინდისიერად შეასრულა. როცა საქმეს მორჩა და გასამრჯელოც მიიღო, კმაყოფილმა წინამძღვარმა მოინდომა, რომ მისი სურვილის მიხედვით, რომელიმე ხატით დაესაჩუქრებინა. ვოლჩანინოვმა მიუთითა ღვთისმშობლის ხატზე, რომელსაც ნაყოფიერი მთა ერქვა და მარცხენა კლიროსზე, იატაკზე იდგა. ვოლჩანინოვმა ეს ხატი ისე მიიღო, როგორც უდიდესი საჩუქარი, სახლში გადააბრძანა, ღვთისმოსაობით ემსახურა მთელი ცხოვრება და სიკვდილის წინ შვილებს დაუბარა, რომ ყოველთვის ღვთისმოშიშებით დაეცვათ და თაობიდან თაობაზე გადაეცათ. ის უნდა რგებოდა უფროს ძეს, ხოლო თუკი მამრობითი მოდგმა აღმოიფხვრებოდა, – ღვთის ტაძარში მიეტანათ. ვოლჩანინოვის შვილიშვილმა, როდესაც პაპისა და მამისაგან ეს ხატი მემკვიდრეობით მიიღო, წინაპართა ანდერძი არად ჩააგდო: ხატი მას ზედმეტად მოეჩვნა და სხვენში აიტანა. ზეციურმა ანგელოზმა გამოაფხიზლა იგი: მისი რძალი ოჯახში დიდად შეურაცხყოფილი იყო, მრავალ წყენასა და იმედგაცრუებას განიცდიდა და ამიტომ გადაწყვიტა, თავი მოეკლა. ის ჩუმად წავიდა პარმაღიდან, რათა აბანოში განმარტოებულს დაეხრჩო თავი. უცებ კუტიკარი გაიღო და გამოჩნდა ბერი: „სად მიდიხარ, უბედურო – უთხრა მან – უკან დაბრუნდი, ილოცე ღვთისმშობლის ხატის – ნაყოფიერი მთის წინაშე და ტკბილად და მშვიდად იცხოვრებ“. ის შეშინებული მივარდა სახლში და ისე რომ, თავისი ცოდვა არ დაუფარავს, ყველაფერი მოუთხრო. ბერი ვერსად ნახეს, მაგრამ სასწრაფოდ მოიძიეს ნაანდერძევი ხატი და მას შესაფერისი ადგილი მიუჩინეს. ეს 24 მარტს მოხდა. ამავე დროს ხატის წინაშე ღამისთევის ლოცვა აღესრულა და მას შემდეგ ამ რიცხვში ყოველწლიურად სრულდებოდა ლოცვა. ვოლჩანინოვის რძალმა ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობა და კმაყოფილებ მოიპოვა.

წმინდა ხატი დაახლოებით ასნახევარი წლის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა, ბოლოს ვოლჩანინოვის საგვარეულო ვაჟების მხრიდან შეწყდა. ერთადერთმა ქალიშვილმა ეკატერინემ, რომელიც კონიაევზე იყო გათხოვილი, მთელი ქონება და მასთან ერთად წმინდა ხატიც მემკვიდრეობით მიიღო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ეკატერინე უფროსი მაზლის ოჯახში ცხოვრობდა და ხატიც მასთან ინახებოდა. როცა ისიც გარდაიცვალა, მოხუცმა კონიაევმა, თუმცა ვოლჩანინოვის ანდერძი იცოდა, ვერ გადაწყვიტა ხატი რომელ ტაძარში წაეღო. ამგვარად, მის სახლში ის 50 წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა. სასწაულმოქმედ ხატთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, განსაკუთრებით ავადმყოფი ბავშვების დედები მიმართავდნენ მას და ზეციური დედოფლის შემწეობისადმი მხურვალე რწმენას ავლენდნენ. სარწმუნოებითი ლოცვა ამაო როდი იყო, ქვეყნიერების დედოფალი ყველას კურნებას ანიჭებდა.

ხატის წინ სამი უქრობი კანდელი ენთო. მადლიერმა მლოცვლებმა წმინდა ხატი ვერცხლის მოოქროვილი პერანგით შეამკეს.

1963 წელს სმოლენსკის სასაფლაოს ეკლესიის ღვთისმსახურებმა და მამასახლისმა განიზრახეს, მიეშენებინათ ახალი ეკვდერი, რომ სულის შაბათს და სხვა დღესასწაულებზე მეორე ლიტურგიაც აღსრულებულიყო. მათთან გამოცხადდა მოხუცი კონიაევი და შესთხოვა, რომ ორი ეკვდერი აეშენებინათ, აქედან ერთი -ღვთისმშობლის ხატის – ნაყოფიერი მთის სახელზე. „ეს ხატი 50 წელია ჩემს ოჯახშია – ამბობდა იგი – მე მოხუცი ვარ, ვაჟები არ მყავს. წმინდა ხატის სამყოფელად ღვთისმშობლის ტაძარი უფრო შესაფერისია, რადგან ის ადგილი, სადაც ტაძარია აღმართული, როგორც ქალაქის ყველაზე მაღალი ნაწილი, უწინ მთად მოიხსენიებოდა. წყალდიდობისას მოსახლეობა სწორედ ამ მთაზე გამოხიზნავდა ხოლმე თავის ქონებას და თვითონაც აქ აფარებდა თავს. დაე, ღვთისმშობელმა ნაყოფიერმა მთამ განისვენოს თავისი მადლით ამ მთაზე და დაიცვას აქ დაკრძალულთა სულები“. მისი თხოვნა ყურად იღეს: 1861 წელს დაიწყო ეკვდერის მშენებლობა, ხოლო 1866 წლის 15 მაისს ხატი ნაყოფიერი მთა ლიტანიით გადმოიტანეს და სამეუფო კართან კანკელზე მოათავსეს. მოხუც კონიაევს ბედნიერება ხვდა წილად: მან საკუთარი ხელით გადმოაბრძანა ხატი ეკვდერში და მეორე დღეს კურთხევაც მის თვალწინ აღესრულა. ამის შემდეგ მან კიდევ ორი წელი იცოცხლა და შობიდან 97-ე წელს შეისვენა.

ღვთისმშობლის ხატის – ნაყოფიერი მთის დღესასწაული წელიწადში სამჯერ აღესრულება. 24 მარტს – მის მიერ მოხდენილი პირველი სასწაულის მოსახსენებლად, 16 ივლისს – ეკვდერის კურთხევის დღეს და 27 ნოემბერს – ძველად დადგენილი ტრადიციის თანახმად.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.