მთავარი » ქრისტიანობა

ნათლისღების საიდუმლოს შესრულების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2020 | 454 ნახვა

ეკლესიის ისტორიის უძველეს დროში, ნათლისღების საიდუმლო საეკლესიო წლის განსაზღვრულ დღეებში აღესრულებოდა, კერძოდ – დიდ დღესასწაულებზე. უფრო ხშირად მას (ნათლისღების საიდუმლოს) აღასრულებდნენ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის – წმინდა აღდგომის დროს, ამასთან ეს ხდებოდა საზეიმოდ, მორწმუნეთა შეკრებისას ტაძრებში. როგორც წესი, ნათლობას წინ უსწრებდა მოსანათლთა მომზადების – კათაკმევლობის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მრავალი თვე (ზოგჯერ კი – წლებიც) გრძელდებოდა, როცა მოსანათლნი საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდნენ, ტაძარში მოდიოდნენ და ეპისკოპოსის ან მღვდლის საუბრებს ისმენდნენ, რომლებშიც მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლები და ქრისტიანული ცხოვრების არსი განეცხადებოდათ. კათაკმეველნი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ნათლობისათვის ემზადებოდნენ, განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენდნენ ძველი დროის ეკლესიაში – მათთვის ნებადართული იყო ღვთისმსახურებაზე დასწრება, მაგრამ ლიტურგიის დროს, სახარების წაკითხვისა და ქადაგების წარმოთქმის შემდეგ ისინი უნდა გასულიყვნენ ტაძრიდან (იმ დროიდანაა შემორჩენილი ღვთისმსახურებაში ლიტურგიკული ღაღადი: „კათაკმეველნო, განვედით! რომელნი კათაკმეველნი ხართ, განვედით!“), რადგან ევქარისტიის საიდუმლოში მონაწილეობა მხოლოდ მონათლულ მართალ მორწმუნეებს შეეძლოთ, რომლებიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. კათაკმეველთა დასამოძღვრავი საუბრები ვნების შვიდეულში მთავრდებოდა. დიდ პარასკევს, როგორც

წესი, აღესრულებოდა „სატანისაგან განდგომა-განშორება“ და სარწმუნოების აღიარება („ხელშეკრულება ქრისტესთან“ – როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს), ხოლო დიდ შაბათს, მწუხრის ლიტურგიის შემდეგ, თვით ნათლისღების საიდუმლოც აღესრულებოდა. დღემდე, მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურებაში დარჩენილია კვალი ადრეული ტრადიციისა, ესაა შუაღამისეული ლიტანიობა ტაძრის გარშემო, რომელიც ოდესღაც თეთრი სამოსით მოსილი და ხელში ანთებული სანთლებით მავალი ახლადმონათლულების მსვლელობა იყო ეკლესიისკენ, სადაც მათ სადღესასწაულო ღაღადით„ქრისტე აღდგა!“ – ეგებებოდა სამღვდელოება და მორწმუნე ერი. დღესდღეობით ნათლისღების საიდუმლო ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს (ხსნილშიც და მარხვაშიც, დღისითაც და ღამითაც). ბუნებრივია, რომ ნათლისღების საიდუმლო ვერ აღსრულდება მოსანათლის დაუსწრებლად, ანდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას პირველი სამღვდელო მოქმედება არის მღვდლის მიერ მოსანათლზე ხელის დადება ნიშნად დაცვისა და კურთხევისა. ამ შემთხვევაში მოსანათლის თავზე დადებული მღვდელმსახურის ხელი არის თვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელი, რომელიც ამიერიდან თავისი დაცვისა და მფარველობის ქვეშ იყვანს მასთან მოსულ ადამიანს. შემდეგ იკითხება ეგრეთწოდებული „შეფუცების ლოცვები“, რომლებშიც ეკლესია მღვდლის სახით ღმერთის სახელით აღუკრძალავს ეშმაკსა და მის არაწმინდა სულებს მზაკვრობებისა და ხრიკების მოწევნას მოსანათლზე და გარე განაგდებს მათ.

შეფუცების – შერისხვის ლოცვათა წაკითხვის შემდეგ, როცა ყრმა ხელში უკავიათ საკურთხევლისაკენ პირისახით მდგომთ (ხოლო თუკი მოსანათლი მოზარდია, მიმრქმელები მის უკან დგანან), ისინი საპირისპირო მხარეს მიბრუნდებიან – დასავლეთისაკენ, რითაც სიმბოლურად გამოხატავენ ღმერთის მოწინააღმდეგე ძალებისაკენ პირისახით მიქცევას, რის შემდეგაც მოსანათლი (ან მცირეწლოვნის შემთხვევაში ნათლიები) მღვდელთან ერთად ადასტურებენ ბოროტი ძალისაგან განშორების განზრახვის ჭეშმარიტებას, ნამდვილობას: „ვიჯმნი (განვეშორები) ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოზთა (ეშმაკთა) მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან“.

რაზეც მოსანათლიცა და მიმრქმელებიც (ანდა, თუ ყრმა ჩვილია – მხოლოდ მიმრქმელები) პასუხობენ: „განვეშორები“. ასე მეორდება სამგზის.
შემდეგ მღვდელი ეკითხება: „განაგდებ სატანასა?“ – რაზეც მოსანათლი და მიმრქმელები პასუხობენ: „განვაგდებ“, რაც ასევე სამგზის მეორდება.
„(და) შეჰბერე და შეჰნერწყვე მას!“ – ამბობს ამის შემდეგ მღვდელი, და მიმრქმელები და მოსანათლი შეჰბერვენ და ჰნერწყვავენ თავიანთ წინ, როგორც იქ რეალურად მდგომ ბოროტს, რითაც თავად ჩვენი ცხონების მტერს აფურთხებენ და განაგდებენ („ფუი ეშმაკს“ – 3-გზის).
ამის შემდეგ მიმრქმელები და მოსანათლი კვლავ იბრუნებენ პირს აღმოსავლეთისაკენ – საკურთხევლისაკენ, რაც სიმბოლურად გამოხატავს მოქცევას.

ღმერთისაკენ: „შეუდგებია ქრისტესა?“ – ეკითხება მღვდელი, რაზეც მოსანათლი და მიმრქმელები (ან მხოლოდ მიმრქმელები) პასუხობენ: „შევუდგები“, რაც ასევე სამგზის მეორდება.

შემდეგ მღვდელი ეკითხება მოსანათლსა და მიმრქმელებს: „და გრწამსა იგი?“, რაზეც პასუხობენ: „მრწამს იგი, ვითარცა მეუფე და ღმერთი“

ამის შემდეგ თავად მოსანათლი, ანდა მის მაგივრად – მიმრქმელები წარმოთქვამენ სარწმუნოების სიმბოლოს – მრწამსს – ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებას, რაც იმას მოწმობს, რომ მოსანათლი შეგნებულად ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ძალზე სასურველია, რომ ნათლიებმა სარწმუნოების სიმბოლო ზეპირად იცოდნენ (და საერთოდაც, ეს – ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა) და შეეძლოთ მისი წარმოთქმა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას. სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმის შემდეგ მღვდელი სამგზის ეკითხება მოსანათლსა და მიმრქმელებს: „შედგომილხარ ქრისტესა?“, რაზეც ისინიც სამგზის პასუხობენ – „შედგომილვარ!“
ამის შემდეგ მღვდლის სიტყვისამებრ – „და თაყვანისეცი მას!“ – მოსანათლი ან მიმრქმელი პირჯვარს გადაისახავს, ქედს იხრის საკურთხევლის მხარეს – თაყვანს სცემს უფალს და, ამასთან, ამბობს: „თაყვანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. თუ ნათლობის წყალი მომზადებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსანათლსა და მიმრქმელებს ხელში ანთებული სანთლები უკავიათ, თუ არა და ამ მომენტის შემდეგ ანთებენ ასამაღლებლის წარმოთქმასთან ერთად. მღვდლის ასამაღლებლის: „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, და მის მიერ საგანგებო კვერექსის წარმოთქმის შემდეგ, რომელიც, გარდა ტრადიციული ვედრებებისა, შეიცავს საგანგებო თხოვასაც იმ წყალთან დაკავშირებით, რომელშიც ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება, და თავად მოსანათლთან დაკავშირებითაც, ხდება წყლისა და ემბაზის კურთხევა.

ჩვილ ყრმათა ნათლობა, პრაქტიკაში, მათი სამგზისი შთაფლვით აღესრულება ემბაზში – საგანგებო, მაღლა აწეულკიდეებიან დიდ, მრგვალ ჭურჭელში, რომელიც ნაკურთხი წყლით არის სავსე. ზრდასრულთა მონათვლა სასურველია სანათლავში (ბაპტისტერიუმში) – სპეციალურად მოწყობილ მომცრო აუზში მოხდეს, რომელშიც მთლიანად შეიძლება წყალში შთაეფლას ზრდასრული ადამიანი. ხოლო თუკი ტაძართან არ არის ამგვარი სანათლავი, მაშინ ნათლისღების საიდუმლო აღესრულება წყლის თავზე დასხმით – ემბაზის გამოყენებით. ნათლობისათვის წყლის კურთხევის ბოლოს ამ წყალს ნაკურთხ ზეთს სცხებენ, მერმე კი – თავად მოსანათლის ცხებაც ხდება. ნაკურთხი ზეთი არის განკურნვისა და სიჯანსაღის, სიმრთელის, ღმერთთან შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლო. და ბოლოს, დგება ნათლისღების საიდუმლოს ყველაზე მთავარი მომენტი: მოსანათლს სამგზის შთაფლავენ – ჩაძირავენ მთლიანად წყალში. ამის აღსრულებისას, მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: „ნათელს იღებს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა, ამინ. და ძისათა, ამინ.

და სულისა წმიდისათა, ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ამ დროსვე ნათლია-მიმრქმელი ხელში იღებს ტილოს (ზეწარს) და ემზადება თავისი ნათლულის ასაყვანად – მისარქმელად (აქედანაა სიტყვა „მიმრქმელი“) ემბაზიდან. შემდეგ მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ – ქრისტეს ეკლესიისადმი კუთვნილების ნიშანს. ნათლისღებას მოსდევს მირონცხების საიდუმლო.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი