მთავარი » ქრისტიანობა

ნათლისღების საიდუმლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2020 ერთი კომენტარი | 426 ნახვა

წმიდა ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას ნათლისღების საიდუმლო. იგი არის შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში – ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა. ჯერ კიდევ ნათლისღების საიდუმლოს დადგინებამდე უფალი იესო ქრისტე თავის საუბარში ნიკოდიმოსთან მიუთითებს, რომ ამ საიდუმლოს აღსრულება გადარჩენისათვის აუცილებელია: „ამენ, ამენ, გეტყვ შენ: უკეთუ ვინმე არა იშუეს მეორედ, ვერ ჴელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“ (ინ. 3,3). როდესაც ნიკოდიმოსი დაიბნა და ვერ გაიგო, თუ „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად?“ (ინ. 3,4), მაცხოვარმა უპასუხა, რომ ახალი შობა აღესრულება წყლითა და სულით: „ამენ, ამენ, გეტყჳ შენ: უკეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფებისა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არის, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3,5-6).

ამ მადლმოსილი საიდუმლოს დადგინება მოხდა ქრისტეს აღდგომის შემდგომ: უფალი გამოეცხადა მოწაფეებს და უთხრა მათ, რომ მამისაგან მიიღო ყოველი უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და განაგრძო: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (ინ. 28,19-20), და თან დასძინა: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მრკ. 16,16). მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, როდესაც პეტრე მოციქულის სიტყვის შემდგომ მსმენელნი კითხულობნენ, თუ რა უნდა მოემოქმედათ, პეტრე მოციქულმა მიუგო მათ: „შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა ესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაი“ (საქმ. 2,38). „საქმენი მოციქულთას“ წიგნში ასევე მოყვანილია ნათლისღების ცალკეული შემთხვევები, რომელნიც მოციქულებმა აღასრულეს. მაგ., პეტრე მოციქულმა მონათლა კორნილიუსი (საქმ. 10), პავლემ – ლუდია და მისი სახლეულნი, სატუსაღოს მცველი და „მისთა ყოველთა“ (საქმ. 16).

საიდუმლოს მნიშვნელობა

ნათლისღების საიდუმლოს მადლმოსილების შესახებ აღნიშნულია წმიდა წერილის ზემომოყვანილ ადგილებში: ნათლისღება არის „ახალი შობა“, იგი კაცთა ცხოვნებისათვის სრულდება (მრკ. 16,16). ამას გარდა, ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით „განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანი“ და ა.შ. ნათლისღებით ჩვენ „ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ“, „თანა-დავეფლობით ქრისტესთან“ და აღვდგებით მასში. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვის, რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყვთა“ (ანუ ნათლისღებით, და დადგენილი სიტყვების თანხლებით. ეფ. 5,25-26); „განიბანენით,… განიწმიდენით… განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“ (I კორ. 6,11); „თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“ (რომ. 6,4); ნათლისღებას ეწოდა „ბანა მეორედ შობისა“ (ტიტ. 3,5). რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, ანუ თავად მოსანათლავის სულიერ განწყობას, ამის თაობაზე პეტრე მოციქული მიუთითებს, რომ ნათლისღება არის „გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ“ (I პეტ. 3,21). ნათლისღების აღსრულებით ხდება ადამიანის შეერთება ეკლესიასთან.

საიდუმლოს აღსრულების გზა

ნათლისღებას ადარებენ წყლით ბანას, საფლავს და სხვა. ეს და სხვა მაგალითები მიანიშნებენ, რომ საიდუმლო შთაფლვით უნდა აღსრულდეს. თავად ბერძნული სიტყვა Βαπτίζω ნიშნავს „დანთქმას“. ფილიპეს მიერ საჭურისის მონათვლის შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულოას“ წიგნში: „შთახდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოხდეს წყლით, სული წმიდა მოვიდა საჭურისსა მას ზედა“ (საქმ. 8,38-39). გამონაკლისის სახით ეკლესია აღიარებს „სისხლით ნათლობას“. როგორც მოუნათლავთა მოწამებრივ, ქრისტიანულ ღვაწლს. ეკლესია ასევე იღებს დასხმით ნათლობას, მაგრამ არ იწონებს, როგორც არაკანონიკურს. წყალში შთაფლვა ხდება სამჯერ და თან წარმოითქმება სიტყვები: „ინათლება მონა ღვთისა … სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (თვით ქრისტეს მიერ მოცემული მცნების თანახმად – მთ. 28,19). საიდუმლო რომ ასე სრულდებოდა ძველ ეკლესიაში, ამის თაობაზე ვიგებთ უკვე ბარნაბა მოციქულის ეპისტოლედან, ხოლო ტერტულიანეს მოჰყავს ნათლისღების შესახებ მაცხოვრის სიტყვები და პირდაპირ მიუთითებს, რომ „ნათლისღების წესი ნაბრძანებია წერილით“; იგი აქვე ადასტურებს სამჯერ შთაფლვას და ხაზს უსვამს ერთ თავისებურებას: მოსანათლავს მოეთხოვება განუდგეს სატანასა და მის ანგელოზებს და შემდეგ აღიაროს მრწამსი.

წმიდა წერილში ზოგჯერ ლაპარაკია ნათლისღებაზე უფალ იესო ქრისტეს სახელით (საქმ. 2,38; 8,16; 10,48). ძველ მამათა განმარტებით, გამოთქმა „სახელითა უფალი იესუსი“ ნიშნავს „ქრისტეს მცნებისა და გადმოცემის თანახმად“ ან „ქრისტესადმი პირადი რწმენის დასადასტურებლად“. ეს გამოთქმა არ უარყოფს მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით ნათლისღების ფაქტს, როგორც ეს რაციონალური სკოლის წარმთმადგენელ ქრისტიანობის ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია. როდესაც „ქრისტეს“ სახელით ნათლისღებაზე ლაპარაკობდნენ პავლე მოციქული (რომ. 6,3: გალ. 3,27; I კორ. 1,13) და „საქმენი მოციქულთას“ წიგნის ავტორი ლუკა მოციქული, სრულიად ბუნებრივია, მათ მიზნად ჰქონდათ ხაზი გაესვათ ქრისტიანობაში ნათლისღებისთვის და ამით განესხვავებინათ იგი იოანეს ნათლობის, ან მის მსგავსთაგან. დღესაც იგალობება ნათლისღების დროს „რაოდენცა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს…“.

ნათლისღების აუცილებლობა

ნათელღებული ადამიანი იწყებს ადრინდელი, ძველი მყოფობის სანაცვლოდ ახალ არსებობასა და ცხოვრებას, ხდება ღვთის შვილი, ქრისტეს სხეულის – ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე. აქედან ცხადი ხდება, რომ ნათლისღება აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის ყრმათათვისაც, რათა სულითა და ხორცით ქრისტეში გაიზარდნენ. სამოციქულო ნაწერებში არაერთგზის იხსენიება მთელი სახლეულის ნათლობა (ლუდიასა და სატუსაღოს მცველის – საქმ. 16 და სტეფანეს სახლეულის მაგალითები – I კორ. 1,16) და არსად არის ნახსენები ყრმათა გამოკლება. ეკლესიის მამები მორწმუნეთათვის დარიგებებში დაჟინებით ითხოვენ ბავშვების მონათვლას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მიმართავს ქრისტიან დედებს და ამბობს: „გყავს ყრმა? ნუ მისცემ დროს გაძლიერდეს დაზიანება. დაე, განიწმიდოს ყრმობაში და ყმაწვილობაში ეზიაროს სულს. შენ, როგორც სულმოკლე და მცირედმორწმუნე დედას, გეშინია ბეჭედისა ბუნებითი უძლურების გამო? მაგრამ ანამ სამოელის დაბადებამდე აღუთქვა მისი თავი ღმერთს, ხოლო დაბადებიდან მალევე მიუძღვნა მას: აღზარდა წმიდა შესამოსელისათვის და არ შეუშინდა ადამიანურ უძლურებას, მას ღმერთის სწამდა“8. ოღონდ ამასთან აუცილებელია, რომ ყრმის მოსანათლავად მომყვანმა ადამიანებმა შეიგნონ მთელი თავიანთი პასუხისმგებლობა მონათლულის ქრისტიანული რწმენითა და სათნოებებით აღზრდაში. ამის თაობაზე განჩინებას ვკითხულობთ წმ. დიონისე არეოპაგელის თხზულებაში „საეკლესიო იერარქიის შესახებ“, რომელსაც ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა ეკლესია: „ჩვენმა ღვთაებრივმა დამრიგებლებმა ინებეს, მოსანათლავად ყრმანიც დაეშვათ იმ წმიდა პირობით, თუკი მისი ბუნებითი მშობლები მას სხვა რომელიმე მორწმუნეს მიაბარებდნენ, რომელიც კეთილად დამოძღვრავდა საღვთო საკითხებში და იზრუნებდა ბავშვზე, როგორც მამა და როგორც მისი მარადიული ცხოვნების მცველი. მას, ვინც დაჰპირდება, ითავოს მოზარდის კეთილმსახურად აღზრდა, იერარქი აიძულებს, წარმოთქვას განდგომა და წმიდა აღსარება“9.

ნათლობის განუმეორებლობა

სარწმუნოების სიმბოლოს მე-10 წევრი ასეთია: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ეს ნიშნავს, რომ ნათლისღება, როგორც სულიერი შობა, თუ იგი სწორად შესრულდა (სამჯერადი შთაფლვა მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით), არ შეიძლება განმეორდეს. ამიტომ ეკლესია განმეორებითი ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით იღებს მის წიაღში შემოსულ ერეტიკოსებსაც (თუ ისინი უკვე მონათლულნი არიან), თანახმად სახარებისა და ძველი ეკლესიის მიერ მოცემული მცნებისა.

ნათლისღება, როგორც კარი სხვა მადლმოსილ ნიჭთა მისაღებად

წმიდა მოციქულთა ზემომოყვანილი მითითებებიდან, აგრეთვე, ეკლესიის მთელი სწავლებიდან ვხედავთ, რომ ნათლისღება არ არის მარტოოდენ ბიწიერებისგან სულის განწმენდისა და განბანვის სიმბოლო. იგი არის საწყისი პირობა იმ საღვთო ნიჭების მისაღებად, რომლებიც წმენდენ და ანადგურებენ ცოდვის მთელს სიბილწეს და ადამიანს ახალ ცხოვრებას აზიარებენ. მიტევებულია ყველა ცოდვა, პირველქმნილი თუ პირადი; გაიხსნა გზა ახალი ცხოვრებისაკენ; გაჩნდა შესაძლებლობა საღვთო ნიჭთა მისაღებად. შემდგომი სულიერი ზრდა ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაცდუნებელ საწყისს შესწევს უნარი, ადამიანის ბუნებაში იპოვოს თანამგრძნობი – ეს არის ცოდვისადმი მიდრეკილება, რომელიც მასში ცოდვით დაცემის პირველი დღიდან არსებობს. მაშასადამე, ზნეობრივი სრულყოფის გზაზე ბრძოლა გარდუვალია. ამ შინაგან ბრძოლაში თანადგომას ადამიანი ეკლესიის მადლმოსილ ცხოვრებაში ყოფნით იღებს. მონათლულს ეკლესია შემდგომ მირონცხების საიდუმლოთი აძლევს მადლმოსილ შემწეობას.

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი ლაზი says:

    მამა დავით, თქვენთან შეკითხვა მაქვს: „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სოდომური სექტების წევრებს და მხარდამჭერებს აზიარებთ? აი რეებს სჩადიან სკოლებში! შვილებს გვირყვნიან! https://xorumi.com/n76

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი