მთავარი » ჯანმრთელობა

ნარკომანია და ნარკოტიკების ზეგავლენა ადამიანზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2012 9 კომენტარი | 40,364 ნახვა

რა არის ნარკოტიკი? რომელი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკად და რომელ მათგანს იყენებენ ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე “ამბიონს” ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე (საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი) ესაუბრა:

“ტერმინი “ნარკოტიკი” ბერძნული წარმოშობისაა (Narkoticos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს; თუმცა მალე ამ ცნებაში ნარკომანი გაერთიანდა ისეთი საშუალებებიც, რომელთა მთავარი მახასიათებელი სულაც არ არის ძილის გამოწვევა ისევე, როგორც მრავალი საძილე საშუალება არ არის ნარკოტიკი.

საქართველოს კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” ნარკოტიკად მიიჩნევა მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, ან მისი შემცველი პრეპარატი, რომელიც შეტანილია გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის თანდართულ სიებში. ასეთია განმარტება კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ ნარკოტიკი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ აქტივობაზე და იწვევს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში ნარკოტიკებს შორის აღმოჩნდება ალკოჰოლი, თამბაქო და ყავა.

გარკვეულ კონტექსტში მართლაც ხშირად მოიხსენიებენ ჩამოთვლილ ნივთიერებებს “ლეგალურ ნარკოტიკებად”, რადგან მათ გამოყენებას არ კრძალავს კანონი მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ასევე – ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის.”

რომელი ნარკოტიკია ყველაზე საშიში ადამიანისთვის?

ნარკოტიკისგან მომდინარე საშიშროება შეიძლება ორი სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ. ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის მავნეობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რაც განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს. სტატისტიკური კვლევის მიხედვით, ამ ნივთიერებების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად დამზადებული პოპულარული ნარკოტიკების – მეტამფეტამინების (მაგ.: ვინტი) და დეზომორფინის, იგივე “ნიანგის” მიერ გარდაცვლილთა რაოდენობას.

მეორე მხრივ კი ხსენებული კუსტარული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ნარკომომხმარებლებში, რომ მათი გამოყენების ინდივიდუალური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თამბაქოს, ან ალკოჰოლის მოხმარებისა. რადგან აღნიშნულ ნარკოტიკებს გაცილებით მცირე რაოდენობის ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლთან და თამბაქოსთან შედარებით, შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეული ზიანის დონე უფრო დაბალია ზოგადად სოციუმისთვის.

რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი პიროვნებისთვის?

ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ყოველი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც. ნარკოტიკული საშუალების სახეობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ხარისხით დაზიანდეს ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი, შარდსასქესო სისტემა და სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანოთა სისტემა და ორგანო, რომელზეც არ აისახება ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა.

ნარკოტიკზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ზოგი ნარკოტიკის შემთხვევაში 2-3 მიღებაც კი საკმარისია დროის მოკლე ინტერვალში, სხვა ნარკოტიკისთვის კი შესაძლოა 5-10, ან მეტჯერადი მოხმარება იყოს საჭირო, რაც დამოკიდებულია როგორც ნარკოტიკის სახეობაზე, ისე ადამიანის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე, ნარკოტიკის მოხმარების მოტივსა და გარემოზე.

რა თვისებები ყალიბდება ნარკომან ადამიანში?

წამალდამოკიდებულები საკუთარი თავის დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში გახდნენ ეგოისტები, დაკარგეს ძველი ინტერესები, დაენგრათ ღირებულებები, დაკარგეს, ან დაუქვეითდათ თანაგრძნობის უნარი და ა. შ. მე კი ვერაფერს ვიტყვი მყარად და კონკრეტულად მათთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც ყველა წამალდამკიდებულისთვის საერთო იქნება და განასხვავებს ლუდომანებისა (თამაშზე დამოკიდებულები) და დამოკიდებულების სხვა ფორმების მქონე დაავადებულებისგან.

რამდენად სახიფათოა ნარკომანი გარშემომყოფებისთვის?

ნარკოტიკის მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს, რაც მათი მხრიდან კანონდარღვევის ალბათობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გარშემომყოფთა მიმართ რაოდენობრივად ან სიმძიმის თვალსაზრისით უფრო დიდია, ვიდრე ლუდომანების (რომლებიც, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არიან წაგებული ფულის მოსაპოვებლად), ალკოჰოლიზმით დაავადებულების (უამრავი ოჯახური ან გარე კონფლიქტი, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები და მკვლელობები, ასევე, ავტოავარიის შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ თრობასთან), ან თუნდაც თამბაქოს მომხმარებლებისა, რომელთა ქცევაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, რადგან ისინი უნებურად ხდებიან პასიური მწეველები, რაც ხდება მიზეზი როგორც ფსიქოლოგიური დისკომფორტისა, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა. ვიმეორებ, რომ ნარკოტიკების მოხმარება ამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა ვეცადოთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.

ყველაზე ხშირად რა მიზეზი უბიძგებს ადამიანს ნარკომანობისკენ?

ნარკოტიკის მოხმარებისკენ ერთს ინტერესი უბიძგებს, მეორეს – თვითდამკვიდრების სურვილი, მესამეს – უარის თქმის უუნარობა და პიროვნული სისუსტე, მეოთხეს – პრობლემებისგან გაქცევის, ხოლო მეხუთეს – მეტი სიამოვნების განცდის სურვილი. სხვა მიზეზებიც არსებობს…სამწუხაროდ, არ მინახავს სტატისტიკური კვლევა, სადაც პროცენტულ მაჩვენებლებში აისახებოდა მომხმარებელთა მიერ წამლის მოხმარების დაწყების მიზეზები. თუ აქამდე არ გაკეთებულა ასეთი კვლევა, ალბათ, ღირს ამის გაკეთება, ასეთი კვლევის შედეგი გარკვეულწილად დაგვეხმარება, რომ პრევენციის სტრატეგიაში აქცენტები ოპტიმალურად გადანაწილდეს.

როგორ ხდება ნარკომანიის მკურნალობა და რა შემთხვევაშია ეფექტური?

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთაგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ოპტიმალური მიდგომის შერჩევა. მკურნალობის მეთოდებს შორის აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია. ნარკოტიკი დეტოქსიკაციის დროს ნარკოლოგიურ კლინიკაში ხდება ნარკოტიკული ტოქსინებისგან გათავისუფლება და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის სინდრომის (ე. წ. ლომკების) შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებით. ბევრი კლინიკა ამ პროცესში ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად იყენებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სხვა მეთოდებს. ზოგიერთ შემთხვევაში დეტოქსიკაციის პარალელურად წარმოებს ფსიქოთერაპიაც. დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ კი ყოფილი წამალდამოკიდებული გადადის აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია პაციენტის მიერ და ხდება რეციდივის, ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზი.

საერთოდ, მკურნალობასთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ წამალდამოკიდებულება მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განკურნებაზე არ ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია და რაც შიეძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს იგი.

მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალდამოკიდებულს აქვს საკმარისი სურვილი, არის მოტივირებული და შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს ჯერ ნარკოლოგთან, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან, მაქსიმალურად იცავს რჩევებს, ქცევის შეთანხმებულ წესებს, ცდილობს სრულ რესოციალიზაციას.

როგორ უნდა იცხოვრონ მათ, რომ მკურნალობის შემდეგ ისევ არ დაუბრუნდნენ ნარკოტიკებს?

ამისათვის საჭიროა მოხერხდეს მისი სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, ადამიანთა ისეთ კატეგორიასთან ურთიერთობა, ვინც სოციალურად აქტიურია და თავისუფალია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაც კეთდება, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია, იმდენად დიდია წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, შეიქმნას მეტი სოციალური საწარმო და სხვ.

და ბოლოს, რაიმე სტატისტიკა თუ გაქვთ? ან პირადი გამოცდილებიდან როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით?

ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აპრობირებული მეთოდით – ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის, გამოვლენილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების შეჯერებით – საზღვრავენ მიახლოებით წამალდამოკიდებულთა რაოდენობას. აღნიშნული რაოდენობა კი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად კატასტროფულია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • შველა შიძლება! მაგრამ რა აზრი აქვს ჩ აგიყრიან ამაგს წყალში. თავიდან დაიწყებნ.

    • ნიკოლოზ says:

      თუ ზემოთ მოყვანილ ტექსტს კარგად წაიკითხავთ. მიწვდები რომ შველა არ არის ის რომ ნარკოტიკების თავის დანებებისთანავე ადამიანი გამოჯანმრთელდა. მას დრო სჭირდება და რაც მთავარია ხელის შეწყობა. არ შეიძლება ესეთ ადამიანს ყველაფერში იდეალურობა მოვთხოვოთ, იმიტომ რომ ასეთ დროს ადამიანი ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ხდება.არ უნდა დავამადლოთ გვერდში დგომა და უნდა შევეცადოთ ბევრ რამეში გაუგოთ. ეს ხანგძლივი პერიოდია და მოთმინება უნდა იქონიოთ მანამ სანამ ადამიანი თავის თავს არ ნახავს ისეთს, როგორიცაა.თუ მას არ ვაცდით და იმას აგრძნობინებთ რომ თქვენ მისთვის ყველაფერი გააკეთეთ და შედეგი მაინც არ არის, ან ეგრევე დაუწყებთ მოთხოვნას რომ ის უკვე კარგადაა და ჯანმრთელია, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა რომ დაუბრუნდეს ნარკოტიკებს.

  • baia says:

    visac nebisyofa ar aqvs is yvela amags wyalshi chagiyrit zogi ki ara

  • Kuanysh says:

    TCG საქართველო !
    ნარკომანია – მკურნალობა, რეაბილიტაცია!
    ალკოჰოლიზმი – მკურნალობა, რეაბილიტაცია!
    ტელეფონის ნომერი: 557522689

  • ნიკოლოზ says:

    ვისაც თავის ოჯახი უყვარს, ის აუცილებლად გადალახავს ყველა ბარიერს. რა თქმა უნდა ხელის შეწყობა აუცილებელია. და რაც მთავარია დრო მანამ სანამ ადამიანი ბოლომდე არ გამოფხიზლდება.

  • როგორც არ ჯნდა უყვარდეთ ოჯახი და ოჯახის წევრები მათიც უნდა გავიგოთ,ისინი იმხელა ტკივილს განიცდიან ბრძოლის პერიოდში ზალიან ხშირად მიდიან თვითმკვლელობამდე! როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს მე ვფიქრობ გვერდში დგომა ყველაზე მთავარია ადამიანი რომელიც ნარკოდამოკიდებულია ერთი ხელის მოსმით რათქმაუნდა ვერ გადააგდებს თუმცა მაინტერესებს ჩანაცვლების პროგრამები რამდენად ეფექტურია ამ შემთხვევაში. ზემოთ ერთერთი კომენტარი ძალიან გააზრებულად არის დაწერილი და თუ კომპეტენტური ხარ შეგიძლია მესაუბრო მაგ თემაზე პირადში..)) და ის ადამიანები რომლებიც თვლით რომ ამაგს ჩაგიყრიან წყალში მასე ძაან ბევრი შვილი უყეის მშობელს ამაგს წყალში მაგრამ ჩვენ მაინც ვაჩენთ და ვზრდით მიუხედავათ იმისა რომ არ ვიცით რომ გაიზრდება ამაგს ჩაგვიყრის წყალში თუ შაქარს ჩაიში!! ჩვენ ჩვენი ვეცადოთ და ადამიანი რომელიც შეიძლება ჩვენი გვერდში დგომით და სიყვარულით გადავარჩინოთ აუცილებლად გადავარჩინოთ❤️

  • Nini says:

    Me sigaretze var damokidebuli aseve mosatsevze meshinia rom at dadges momenti rom gavsinjo narkotikic vici rom marixuana drota galmalonashi nelnela gatsyaldeba da ar minda amus gasinjva vici rogoria adamiani romelic kaifshia roca vuyurebdi ert adamians kaifshi cremkebi madgeboda mecodeboda xolme meshinia mec ar shevecodo vinmes me 20 var jer sikvdili ar minda

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.