მთავარი » საზოგადოება

ნარკოდამნაშავეებს ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა ეძლევათ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2012 ერთი კომენტარი | 2,412 ნახვა

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებსა და გამსაღებლებს ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. ცვლილება “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში შედის. cixe კონკრეტულად, რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილება? “ამბიონის” კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლინა ღვინიანიძე პასუხობს:

“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად ჩამოერთმევათ შვიდი სახის უფლება. ესენია: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო – საჯარო დაწესებულების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მოქმედი კანონმდებლობით უფლების ჩამორთმევის ვადაა მინიმუმ – 3 და მაქსიმუმ 15 წელი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნარკოტიკული დანაშაულია სახეზე, რომლის თაობაზეც დადგა განაჩენი. თუმცა კანონი არ ითვალისწინებს უფლებების ჩამორთმევის ვადაზე ადრე გაუქმებას ან მისი ვადის შემცირების შესაძლებლობას. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განიხილება პარლამენტში, მიზნად ისახავს კანონში გაჩნდეს აღნიშნული საკითხების გადახედვის მექანიზმი.”

რის საფუძველზე მოხდება ნარკოდამნაშავეებისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენა?

ცვლილების ამოქმედების შემდეგ, კანონი გაითვალისწინებს მექანიზმს, რომლის მიხედვით ჩამორთმეული უფლებების აღდგენა მოხდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონში მოცემული ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო მხედველობაში მიიღებს, არის პირის ყოფაქცევა, რაც საკმაოდ შეფასებითი ცნებაა და კონკრეტულ შემთხვევაში იგი ინდივიდუალურად განიმარტება აღნიშნული ორგანოს მხრიდან.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედების განხორციელებით, უფლებამოსილია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. რამდენად ობიექტურად შეიძლება განხორციელდეს პირის მისამართით ვადის გასვლამდე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის ან შემცირების პროცესი?

საიამ ამ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის ან ვადის შემცირების საკითხის გადახედვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი უმჯობესია განიხილოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც დღეს პირობითი მსჯავრის საკითხებზე მსჯელობს. თუმცა პარლამენტის მიერ ინიცირებული ვერსიით, აღნიშნული ორგანო იქნება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ადგილობრივი საბჭო, რომელიც სასჯელის შემცირებისა და შეცვლის საკითხებს განიხილავს.

კანონის თანახმად, უფლებების ჩამორთმევა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც პირი მოიხდის საპატიმრო სასჯელს და ლოგიკურად, ამის შემდეგ დგება ამ შეზღუდვების გადახედვის საჭიროებაც. შესაბამისად, იმ დროისათვის პირს აღარ აქვს არანაირი კავშირი სასჯელაღსრულებასთან და უმჯობესია მისი საკითხი შედიოდეს პრობაციის სააგენტოს კომპეტენციაში, რომელიც სწორედ არასაპატიმრო სასჯელების კონტროლსა და აღსრულებას ახორციელებს, რაც შინაარსობრივად ახლოსაა იმ უფლებების ჩამორთმევასთან, რასაც ამ შემთხვევაში განიხილავთ. კერძოდ, პრობაცია ახორციელებს აღსრულებასა და კონტროლს, მაგალითად, ისეთი ტიპის სასჯელზე, როგორიცაა საქმინობის უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ პრობაციას გააჩნია მსგავსი უფლებამოსილება და კომპეტენცია, რათა სათანადოდ შეძლოს ამ საკითხების გადახედვა.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებამ?

ვფიქრობთ, ცვლილება პოზიტიურია და იგი გულისხმობს ჩამორთმეული უფლების ვადაზე ადრე აღდგენის მექანიზმის შექმნას. თუმცა არის გარკვეული პროცედურული საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს და არ ირკვევა შემოთავაზებული რეგულაციიდან. მაგალითად, არ ჩანს, თუ ვინ მიმართავს ადგილობრივ საბჭოს ჩამორთმეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. ვფიქრობთ, კანონპროექტის განხილვის პერიოდში ეს საკითხები უნდა დაზუსტდეს და სათანადოდ განისაზღვროს. საია გეგმავს, დასვას შესაბამისი კითხვები საკომიტეტო მოსმენაზე და შესთავაზოს პარლამენტს მისი ალტერნატივები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილების განხორციელებისას კანონში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნეს გათვალისწინებული.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საია მიიჩნევს, რომ კანონში კვლავ რჩება სხვა პრობლემური საკითხები, რომელთაც შეეხება საიას საკანონმდებლო წინადადება. კერძოდ, მივიჩნევთ, რომ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა არ უნდა ხდებოდეს ავტომატურად და მასზე უნდა მსჯელობდეს სასამართლო. დღეს მოქმედი კანონით, უფლებების ჩამორთმევა ხდება ავტომატურად, რაც გამორიცხავს პირების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვადის გასვლისთანავე უნდა ხდებოდეს უფლების ავტომატური აღდგენა ან გაიწეროს შესაბამისი წესი და მოხდეს აღნიშნული საკითხის დიფერენცირება ჩამორთმეული უფლებების მიხედვით. დღეს მოქმედი რეგულაცია საკმაოდ ბუდნოვანია. გარდა ამისა, მივიჩნევთ, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების აღსრულება და კონტროლი არ არის ეფექტური და ცენტრალიზებული, რომ შესაძლებელია, აღნიშნული უფლებამოსილება დაემატოს პრობაციის სააგენტოს და მისი ვადაზე ადრე აღდენის საკითხიც მასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი