მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2012 | 8,602 ნახვა

თბილისში მდებარე ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის შესახებ “ამბიონს” კონსტრუქტორი ზურაბ ვახტანგაძე ესაუბრა:

“ტაძრის აგების ძირითადი ინიაციატორი გახლდათ რომან გვენცაძე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კომუნისტების დროს. მაგრამ მანამდე ნარიყალაზე დიდიხნით ადრე დაწყებული იყო ნარიყალას კომპლექსის არქეოლოგიური შესწავლა და გალავნის რესტავრაცია, არქეოლოგ ოთარ ტყეშელაშვილისა და არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ხელმძღვანელიბით, ხოლო 1983 წლიდან კი ნარიყალას ესტუმრა (და დღემდე არიან) ენთუზიასტთა ჯგუფი რომან გვენცაძის მეთაურობით (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის 1971 წლის კურს დამთავრებულ მშენებელთა ჯგუფი), შემდეგ კი გამოჩნდნენ სპონსორებიც.

ტაძრის მშენებლობა დააფინანსა თემურ კვარაცხელიამ, სამშენებლო მასალები, კონკრეტულად ქვიშა ხრეში შემოსწირა იმჟამინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ გულუამ და მისმა თანამშრომელმა ომარ ნარმანიამ, ამასთან გაკეთებულია უამრავი შემოწირულობები ცემენტი, გაჯი, მოსაპირკეთებელი მასალ ქვის სახით და სხვა. მათი სახელები და გვარები ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ღმერთმა ყველას შეუწიროს.

ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

კომუნისტურ პერიოდში ცოტა რთული იყო რაიმე ინიციატივის გამოჩენა. აქ ყველაფერი მიწაში გახლდათ.
ხელმძღვანელების – ტარიელ კიპაროიძისა (არქიტექტორი) და ოთარ ტყეშელაშვილის (არქეოლოგი) ხელშეწყობით 10-15 დამხმარე ადამიანი 5000 კაცად იქცა. რის გამოც, შევქმენით ცნობილი “დავით აღმაშენებელის სახელობის საქველმოქმედო საზოგადოება” (რომელოც დღემდე არსებობს),რომლის პირველი პრეზიდენტი იყო ნუგზარ ჩიგოშვილი, ხოლო შემდეგ საქართველის მწერალთა კავშირის თავჯდომარე მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბატონი გურამ ფაჯიკიძე და ასე დაიწო ყველაფერი.

გზა გავაკეთეთ და იმედი გაჩნდა, რომ ეს უშველებელი მიწა, რომელიც ნაგვით გახლდათ სავსე, გასუფთავებულიყო და გამოჩენილიყო ის, რაც არის. გაჩნდა იდეა, რომ ტაძარი აღგვედგინა.

გზის გაკეთების შემდეგ დიდ წინააღმდეგობებს წავაწყდით. ტაძრის აღდგენა არ უნდოდათ, კონსერვაციას თხოულობდნენ. მაგრამ ტარიელ კიპაროიძის დასაბუთებით, რომ ეს იყო ძველი თბილისის სამეულის ერთ-ერთი ნაწილი (მეტეხი, ნარიყალა და თაბორი) , დამტკიცდა და დავიწყეთ მშენებლობა.

1982-83 წლებში დავიწყეთ გასუფთავება, 1989 წელს კი – გზის გაკეთება, რაც იმავე წელს დასრულდა. მოვიპოვეთ ნებართვაც, ჩავატარეთ რესტავრაცია, შევისწავლეთ ძველი ნაგებობების ნაშთები, გამოვიკვლიეთ რამდენად მყარი იყო. შემდეგ მშენებლობაც დავიწყეთ.

9 აპრილის შემდეგ შეფერხდა მუშაობა. დიდი პაუზის მიუხედავად, 1996 წელს გამოჩნდა სპონსორი – თემურ კვარაცხელია, რომელმაც გადაწყვიტა, დაეფინანსებინა ტაძრის მშენებლობა.

1997 წლის 6 აპრილს, ლაზარეს შაბათს, როდესაც იხსენიება „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ტაძარი იკურთხა წმიდა ნიკოლოზის სახელზე ამბა ალავერდელი მთავარეპისკოპოსის დავითის (მახარაძე) მიერ. მეორე დღეს მობრძანდა პატრიარქი და წირვა აღავლინა. ტაძრის აღდგენა და გახსნა დიდი სიხარული იყო ყველასათვის.
ახალი ტაძარი ძველ ნატაძრალზე აიგო და ძველ საძირკველსა და ძველ კედლებზეა დაშენებული, რაც სეისმოლოგიურად გამოიკვლიეს.

ტარიელ კიპაროიძის ხუროთმოძღვარს თითქმის შესწავლილი ჰქონია ეს ტერიტორია, რადგან აკადემიას ამთავრებდა და ეს მისი სადიპლომო ნამუშევარი ყოფილა. სადიპლომოს ხორცი შეესხა.

მე-13 საუკუნის დროინდელი ტაძარია, დემეტრე თავდადებულის პერიოდში აგებული, იმავე პროპორციებით აშენებული, როგორც ძველად იყო. კომუნისტების დროს საორჭოფო საკითხების გადასაწყვეტად იწვევდნენ დიდ საბჭოს, სადაც არქეოლოგები, ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები შედიოდნენ. რაიმე არაპროპორციული რომ ყოფილიყო, აუცილებლად მისცემდნენ შენიშვნებს განხილვისას.

შენიშვნები მხოლოდ ჩუქურთმების საკითხს ეხებოდა. გადაწყვიტეს, რომ განსხვავებისათვის გამოეკვეთათ ძველი და ახალი დანაშენი.

უშვალოდ ნარიყალას (დედაციხის) კომპლექსზე და ციტადელზე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი: გასათხრელია და შესასწავლია კომპლექსის დიდი ნაწილი,ციტადელის გალავანი მიწისძვრის გამო და სხვა ფაქტორებისგან სერიოზულად არის დაზიანებული, არის ბევრი პრობლემა, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას თხოულობს,რათა შეუნარჩუნდეს ქვეყანას ეს უნიკალური კომპლექსი, თავისი გადარჩენილი ნაგებობებით. საჭიროა სასწრაფოდ ჩაერთვნენ შესაბამისი სახელმწიფო და არა სახელმწიფო ორგანიზაციები მის გადასარჩენათ და გასამშვენებლათ.

როგორც იქნა, შეთანხმდნენ სამრეკლოს აგებაზე. ისტორიულად არ არის ცნობილი, იყო თუ არა აქ სამრეკლო. ტაძარი ისეთ პერიოდშია აშენებული, რომ შეიძლება არც ყოფილიყო. ამჟამად კი მისი არსებობა აუცილებელი და საჭიროა, რაზეც საპატრიარქოს საბჭომ და ძეგლთა დაცვამ ნებართვა მოგვცეს.

ტაძარი მოხატულია – დავით ხიდაშელისა და ლადო თევდორაძის მიერ. მოხატვა წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტაძარში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია, თუმცა მე-18-19 საუკუნის ხატებიც გვხვდება.
ტაძარს მრევლმა შემოსწირა წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, რომელსაც მისივე წმიდა ნაწილი ახლავს. არის შიო მღვიმელის ხატი, რომელსაც წმიდა ნაწილი აქვს. ჩვენი მრევლი იერუსალიმში დადის და იქიდანაც ბევრი წმიდა ნაწილი აქვთ ჩამოტანილი.

როდესაც დავიწყეთ მიწის გაწმენდა, ტაძარში 4 აკლდამა აღმოვაჩინეთ, რომლებიც გატეხილი იყო, მათ თავზე კი 6 მოკვეთილი თავი ელაგა.

ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. დაახლოებით იმეორებს მეტეხის არქიტექტურას, ახასიათებს უფრო გვიანდელი დახვეწილი სტილი.

ტაძარი ბოლნისის, ტუფისა და ქვიშა-ქვით არის ნაგები. შიგნით იგივე მასალაა გამოყენებული, კუთხეებში კირ-ქვა და აგურიცაა შერეული. ძირითადად რაც ფასადზე ჩანს გარედან, ბოლნისის ქვიშა ქვა და ტუფია.
ტაძრის წინამძღვარია გიორგი თევდორაშვილი. სასულიერო პირები: დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე, დიაკვანი ექვთიმე ღარიბაშვილი.
ტაძარი ამჟამად მოქმედებს და აღევლინება წირვა-ლოცვა, უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ამინ!”.

თეა სულაბერიძე
ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.