მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

როგორ იქმნება ნაქარგი ხატები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2012 2 კომენტარი | 8,599 ნახვა

ხელოვნების ერთ-ერთი ლამაზი სახეობის, ქარგვის შემოქმედებითი პროცესი დიდ ნებისყოფას, მონდომებასა და ნიჭს მოითხოვს. თანამედროვეობაში ქარგვით მრავალი ადამიანია დაინტერესებული. ანა ასლანიშვილი “ამბიონის” მკითხველს ამჯერად ახალგაზრდა მქარგველის, ანა ასლანიშვილის შემოქმედებას გავაცნობთ. ის წმიდა ხატების მოქარგვით 2-3 წლის წინ დაინტერესდა და ამ საქმიანობის გარეშე დღეს მისთვის უკვე ცხოვრება წარმოუდგენელია.

ანა ასლანიშვილი: “ქარგვის შესწავლის დასაწყისში დაბრკოლებები მქონდა, მაგრამ ამ საქმისადმი დიდი ინტერესისა და სიყვარულის დახმარებით ბევრი წინააღმდეგობა გადავლახე. თავიდან შეცდომებიც საკმაოდ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხედავდი, თუ როგორ იხვეწებოდა ჩემი ნაქარგები. პირველად მოვქარგე “უფლის ხელთუქმნელი ხატი”, რომელსაც დიდი დრო შევალიე. დღევანდელი გადასახედიდან, ჩემი პირველი ხატი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შრომა მასში მაქვს ჩადებული და ის დღემდე ჩემი ოჯახის წმიდა ხატების ნაწილია.

დღემდე მოქარგული მაქვს 13 ხატი და ამჟამად ვმუშაობ წმიდა ნიკოლოზის ხატზე. როდესაც ქარგვა დავიწყე, არ მიფიქრია, რომ ჩემს ნამუშევრებს რაღაც დროის შემდეგ გავყიდდი, ალბათ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი დიდ შრომას მოითხოვს. ჩემს მოქარგულ ხატებს საკმაო გამოხმაურება მოჰყვა, მისი შეძენის სურვილიც ბევრმა გამოთქვა, ამის შემდეგ მათი გაყიდვაც გადავწყვიტე. დამერწუნეთ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ფიქრობ, რომ შენი ნაქარგი ხატი სხვა ოჯახში, ან ეკლესიაშია დაბრძანებული და მის წინაშე ხალხი ლოცულობს.

ჩემი ძირითადი პროფესია – საბანკო საქმე ხელს არ მიშლის, რომ ხატები მოვქარგო. ამ საქმეს ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 საათს ვუთმობ. მაქვს ისეთი დღეებიც, როცა ვისვენებ. ქარგვა ჩემთვის ცხოვრების წესად იქცა.”

როგორ იქარგება ხატი?

რამდენიმე წელია, რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ჩემი სულიერი მოძღვრის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის ლოცვა-კურთხევით ვქმნი ხატებს, რაც ძალიან მეხმარება მუშაობის პროცესში.

დიდი პასუხისმგებლობაა წმიდანის მოქარგვა. ყოველთვის ვფიქრობ, ნამუშევარში შეცდომები არ იყოს და მნახველის კრიტიკა არ გამოიწვიოს. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, გარემო უნდა იყოს მშვიდი, მაცხოვრის ხატი სადაც შემეძლება მოვქარგო საგალობლის, ან წყნარი მუსიკის ფონზე, მანამდე ყოველთვის ვკითხულობ იესოს ლოცვასა და იმ წმიდანის ტროპარს, რომლის ხატზეც ვმუშაობ.

ხატების უმეტესობა სქემებით არის შერჩეული. სქემის გარეშე ხატის მოქარგვა შესაძლებელია, მაგრამ სქემა იმისთვისაა საჭირო, რომ დაიცვა ზომები და ხატი არაპროპორციული არ გამოვიდეს. ხშირ შემთხვევაში ხატების ფერების შერჩევა ხდება სქემების საშუალებით, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მიწევს ამა თუ იმ ფერის ჩამატება, რაც ხატზე კარგად აისახება. ასევე, საჭიროა ხატის მოქარგვისას დაცული იყოს კანონიკა.

რა რჩევებს მისცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ ამ ხელსაქმეს მიჰყონ ხელი?

ქარგვისას აუცილებელია მყარი კანვის ნაჭერი, რომელზეც ნაქარგი არსებული სქემის საშუალებით გადაგვაქვს. გამოიყენება სპეციალური მულინის ძაფები არსებული ნომრების მიხედვით, რაც სქემაზეა აღნიშნული. ქარგვის დროს არსებული კანვის ნაჭერი შეიძლება გადაიჭიმოს სპეციალურ ხისგან დამზადებულ სამაგრზე, რაც უფრო მოსახერხებელს გაგიხდით მუშაობის პროცესს. მნიშვნელოვანია, იყოთ დაკვირვებულები, რომ “თვალი” არ გამოგრჩეთ, რაც შემდგომში არასწორი ნაქარგის მიღებას იწვევს. შესაბამისად, ნამუშევრის დაშლა და მისი თავიდან მოქარგვა მოგვიწევს. აუცილებელია კარგად დააკვირდეთ ფერებსა და არსებულ სქემას. ღვთისმშობლის ნაქარგი ხატი ნაქარგის დამთავრების შემდგომ ხატს უკეთდება სპეციალური სარჩული, რაც ჩარჩოში ჩასმის დროს უფრო მყარად მაგრდება.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა სურთ ქარგვის დაწყება, ვეტყვი, რომ ცხოვრებაში ყველაზე კარგი მასწავლებელი საკუთარი თავია, ამიტომ გირჩევთ, თქვენი შრომით შეუდგეთ სწავლას. ეს გაცილებით მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ ღვთის წყალობითა და შემწეობით იმაზე უკეთეს შედეგს მიიღებთ, რასაც ელოდით და ეს შრომა მომავალში მეტად დაგიფასდებათ. იყავით მიზანდასახულები და დაკვირვებულები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა?

ვაპირებ, ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ეკლესიას შევწირო. დიდი სურვილი მაქვს, გარკვეული დროის შემდეგ გამოფენა მოვაწყო. ალბათ, დაინტერესებაც იქნება, რადგან საქართველოში ამ ტიპის ნაქარგობით ბევრი ადამიანი არ გახლავთ დაინტერესებული და ნაშრომიც ცოტაა. დიდი შრომა გავწიე იმისათვის, რომ ქარგვა ჩემით მესწავლა და ამაში არავინ დამხმარებია, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. ღვთის დიდი რწმენითა და ეკლესიური ცხოვრებით წმიდანთა ხატების მოქარგვა შევძელი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი