მთავარი » სხვადასხვა

ნანორევოლუცია – ფანტასტიკა თუ რეალობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2010 4 კომენტარი | 8,904 ნახვა

ნანოტექნოლოგიები“ნანო” მეცნიერებაში აღნიშნავს რაიმე სიდიდის მემილიარდედ ნაწილს და ბერძნულად ჯუჯას ნიშნავს. ტერმინი ნანოტექნოლოგია 1974 წელს შემოიტანა იაპონელმა პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ, იგი ეწოდება ატომებისა და მოლეკულების შეკავშირებისა და მოწესრიგების გზით 1 დან 100 ნმ-მდე ხელსაწყოების, მასალებისა და სისტემების შექმნას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ როდესაც ამერიკაში 1946 წელს რამოდენიმე სართულიანი სახლის სიმაღლის კომპიუტერზე მუშაობდნენ, 2008 წელს უკვე გაიყიდა სერიული პროცესორი, რომლის ელემენტები 45 ნანომეტრის ზომისაა, ანუ ადამიანის თმის დიამეტრზე 1000-ჯერ ნაკლები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილებით შექმნილი ტექნოლოგიები შეცვლიან სამყაროს, საზოგადოებას, კაცობრიობის ცხოვრების წესს. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას ბევრი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკაში და ენერგეტიკაში. ნანოტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და წინ მიიწევს. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ნანოტექნოლოგიები განსაკუთრებით განვითარებულია ამერიკაში, რუსეთსა და ჩინეთში. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში გამოსვლისას განაცხადა, რომ ნანოტექნოლოგიების განვითარება რუსეთს ნაკლებად გახდის დამოკიდებულს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვაზე. მისი თქმით, 2015 წლისთვის ნანოტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროდუქციის მსოფლიო ბაზარი სამი ტრილიონი დოლარის ღირებულებას მიაღწევს.

საქართველოში ნანოტექნოლოგიებთან დაკავშირებით პირველი ნანოკონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თაოსნობით გაიართა, რომელშიც 200 ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა.

ნანოტექნოლოგიებზე “ამბიონი” ესაუბრა ნანოკონფერენციის ერთ-ერთ ინიციატორს პროფესორ დავით ჯიშიაშვილს:

– ძირითადად რა მიმართულებები აქვს ნანოტექნოლოგიას?

– მოკლედ განვმარტავ, რომ ნანომეტრი მეტრის მემილიარდედი ნაწილია. ნანოტექნოლოგია ესაა ნანომეტრების ზომის სისტემებისა თუ მოწყობილობების აგება ცალკეული ატომებისა და მოლეკულებისაგან. ასეთი ატომურ-მოლეკულური ინჟინერიით შექმნილი ნანოსისტემების მაქსიმალური ზომები 100 ნანომეტრს, ანუ ადამიანის თმის სისქის მეათასედს არ აჭარბებს, ხოლო უმცირესი – ერთეულ ნანომეტრებს შეადგენს და ატომთა ზომებს უახლოვდება. ცნობისთვის გეტყვით, რომ ვირუსების ზომები საკმაოდ დიდია და 50-100 ნანომტრს შეადგენს, სისხლის წითელი ნაწილაკი კი, თავისი 5000 ნანომეტრიანი ზომით, საერთოდ “გიგანტად” მოგეჩვენებათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნანოტექნოლოგიაში ისაა, რომ ასეთი მცირე ზომებისას მასალათა თვისებები რადიკალურად იცვლება და ისინი სულ ახალ, ე.წ. მოცულობითი მასალისაგან სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ.

ნანოტექნოლოგიით დამზადებული სისტემებით დაინტერესებულია როგორც საბუნებისმეტყველო და სიცოცხლისშემსწავლელი, ისე საინფორმაციო, ფარმაცევტული და საინჟინრო მეცნიერებები. აქედან გამომდინარე, ნანოტექნოლოგია, როგორც უაღრესად მულტიდისციპლინარული გამოყენებითი სფეროს მეცნიერება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიმართულებას მოიცავს. როგორც წესი, ნანოტექნოლოგიური კვლევები ხშირად ორი, ან მეტი მომიჯნავე ან თუნდაც, განსხვავებული მიმართულების მეცნიერთა ჯგუფის მიერ სრულდება. პირადად ჩემი კვლევები შვეიცარელ კოლეგებთან ერთად ხორციელდება ნანომასალების ტექნოლოგიისა და მზის ენერგეტიკის გაერთიანებულ სფეროებში. არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა და რომელიც ძალზედ სწრაფად ვითარდება, ესაა ნანოეთიკა და ნანოტექნოლოგიის სამართლებლივი საფუძვლები, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

– რას გვპირდება ახლო მომავალში ნანოტექნოლოგია?

– ნანოტექნოლოგიით შექმნილი ხელსაწყოები თუ სხვა საქონელი უკვე დამკვიდრდა ბაზარზე და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. თავიდან ეს იყო ნანობოჭკოთი არმირებული საბურავები, გოლფის ბურთები, მეხანძრეთა სპეცტანსაცმელი. ამას მოჰყვა აირის სენსორები, შუქდიოდები, სუნის მშთანმთქმელი დანაფერები მაცივრებისთვის, შუშები, რომლებიც მტვერს და ჭუჭყს არ იჩერებენ, თვითმფრინავის ფრთების გამამაგრებელი ნანობოჭკოვანი კომპოზიტები, ხისა და კედლების დამცავი ნანოსაღებავები, რომლებიც წყალს არ იკარებენ. ნანოტექნოლოგიის მეშვეობით დღეს დნმ-ის ანალიზი უფრო სწრაფად ხორციელდება და მისი ფასი 300 დოლარამდე დაეცა. ნანომიმართულებით მომუშავე მეცნიერთა რამოდენიმე ჯგუფი უკვე დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. მომავლის პროგნოზები ძალზე ფართო და ყოვლისმომცველია. ქვემოთ მხოლოდ უმთავრეს პროგნოზებს ჩამოვთვლი:

კომპიუტერების სწრაფმოქმედება ტერაჰერცებს მიაღწევს. ინფორმაციის ჩაწერის სიმკვრივე კი – ათასობით ტერაბიტს კვადრატულ სანტიმეტრზე;
შეიქმნება ზემტკიცე მასალები ნანომილაკებისა და ნანოსტრუქტურული კომპოზიტების საფუძველზე; ტემპერატურა და კოროზიამედეგი მასალები და დანაფერები;
საწარმოო და ბირთვული ენერგეტიკის ნარჩენების გადამუშავებაში დაინერგება ნანოტექნოლოგიები.

შემუშავდება ახალი კატალიზატორები; ნანოფოროვანი ფილტრები წვრილდისპერსული დამაბინძურებელი აგენტების მოსაშორებლად.

ნანოტექნოლოგიების გამოყენება ენერგეტიკაში ხელს შეუწყობს: წყალბადის ენერგეტიკაზე გადასვლას; სითბური ელემენტების შექმნას; მინიმუმამდე შეამცირებს ნავთობისა და ბუნებრივი აირების გამოყენებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი, ბუნებრივი რესურსების გაყიდვაზე დამოკიდებული სახელმწიფოს დასუსტება. ზენიტში მყოფ მზეს დედამიწის 1 კვადრატულ მეტრზე 1 კილოვატი ენერგია მოაქვს. დღევანდელ საყოფაცხოვრებო მზის ელემენტებს ამ ენერგიის მხოლოდ 20%-ის ათვისება შეუძლიათ. ნანოტექნოლოგიების გამოყენებით ეს რიცხვი 40%-ს გადააჭარბებს.

სოფლის მეურნობაში ნანოტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს უვარგისი მიწების გამდიდრებას და სასოფლო-სამეურნეო სარგებლობაში დაბრუნებას; მიწათმოქმედების ეფექტურობის ამაღლებას; ახალი ჯიშების შექმნას; კვების პროდუქტების სინთეზს.

კოსმოსურ აპარატებში გამოსაყენებლად შეიქმნება მინიატიურული ხელსაწყოები, ნანოსენსორები, ნანომოწყობილობები, თერმოსაიზოლაციო და ცვეთამედეგი დანაფარებში.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ პროგნოზებია და სავარაუდოდ, ნანოტექნოლოგიით გამოწვეული რეალური რევოლუციური ცვლილებები 2025 წლიდან დაიწყება. ამიტომ მოვითმინოთ კიდევ რაღაც 15 წელი და ვნახოთ, რა იქნება.

ნანოტექნოლოგიები– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ნანოტექნოლოგიის განვითარებას? არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ნანოტექნოლოგია მომავალში ბოროტად გამოიყენონ კაცობრიობის წინააღმდეგ?

– ნანოტექნოლოგია მთლიანად გამოყენებით სფეროზე ორიენტირებული დარგია. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროგნოზების მიხედვით ვიმსჯელებთ, ნანოტექნოლოგიას შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს და გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა, ყოფა-ცხოვრება და მისი გარემომცველი სამყარო. ამ მხრივ ყველაფერი ცხადია.
სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მოჰყვა პროგრესულ მეცნიერულ კვლევებს ქიმიაში, ბირთვულ ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში. ეს იყო მომწამლველი საბრძოლო აირების, ბირთვული და ბიოლოგიური იარაღის შექმნა. ამ მხრივ ნანოტექნოლოგიური “მედლის” მეორე მხარე ძალზე სახიფათოა.

ნანოტექნოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ე.წ. თვითორგანიზების ან თვითაწყობის მეთოდები, რომლის დროსაც ნანოსისტემაში არსებული ატომები და მოლეკულები გარკვეული წინასწარ არსებული შაბლონების ან კანონების მიხედვით ახორციელებენ ერთმანეთთან შერწყმას და რაღაც ფუნქციონალურ ნანოსისტემას, ნანორობოტს ქმნიან. როგორც ცნობილია, ბიოლოგიური ორგანიზმების ჩამოყალიბება და განვითარებაც სწორედ თვითორგანიზაციის ასეთ პროცესს ეფუძნება. მაგრამ, ადამიანის ხელით შექმნილმა ამ თვითაწყობის უნარის მქონე ნანოტექნოლოგიურმა რობოტმა ადამიანისავე ნებით შეიძლება ერთ შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატი მიიტანოს რაიმე ორგანომდე, მეორე შემთხვევაში კი _ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება. “პანდორას ყუთიდან” ერთხელ გაშვებული ასეთი რობოტები თვითონ გამრავლდებიან და თვითონვე აირჩევენ თავის მსხვერპლს.
შეიძლება სხვა სცენარიც წარმოვიდგინოთ. როგორც აღვნიშნეთ, ნანომეტრის ზომის მასალებს სრულიად ახალი თვისებები უჩნდებათ. თუ მიკროზომის ნივთიერება ადამიანისთვის სრულიად უვნებელია, ნანოზომის იგივე მასალა შეიძლება მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. თუ ასეთ მომწამლველ ნანომასალას, ვთქვათ, კბილის პასტაში შევურევთ, მაშინ ქიმიური ანალიზით მასში ვერავითარ შხამს ვერ დავაფიქსირებთ, რადგან დადგინდება მხოლოდ ცნობილი უვნებელი ნივთიერება. რეალურად კი ასეთი კბილის პასტა ხანგრძლივმოქმედ მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს.

არსებობს ნანოტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების ბევრი სხვა სცენარიც. ძალზე საშიშია ნანოტექნოლოგიაზე დაფუძნებული ზემგრძნობიარე და უზუსტესი აპარატურის გამოყენება თანამედროვე საბრძოლო სისტემებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას. დასამალი არაა, რომ თავის დროზე სწორედ მიკროელექტრონიკის სამხედრო–სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა მისი განვითარება, საყოველთაო გამოყენება, საინფორმაციო ერის ჩამოყალიბება და ნანოტექნოლოგიის გაჩენა. დღეს უკვე ნათელია, რომ უახლოეს მომავალში ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო-სტრატეგიულ პოტენციალს სწორედ მისი ნანოტექნოლოგიური მიღწევები განსაზღვრავს. ნანოტექნოლოგიური კვლევების პრიორიტეტულობა უკვე კარგა ხანია რუსეთმაც აღიარა და გამალებით ცდილობს ფეხი აუწყოს მიმდინარე ნანოტექნოლოგიურ კვლევებს. ვვარაუდობ, რომ ამაში, ძირითადად მაინც, სამხედრო მიმართულებით ჩამორჩენის შიში გამოსჭვივის.

სწორედ ამ საშიშროებებითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ნანოტექნოლოგიური კონფერენციის ერთ-ერთ საკითხს ნანოეთიკა წარმოადგენს. იდეალში ნანოტექნოლოგებმა უნდა იმუშაონ საღი გონებითა და სუფთა ხელებით, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს მხოლოდ იდეალადვე დარჩება. ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპიუტერული პროგრამების ფართო განვითარებას მოჰყვა ჰაკერებისა და ახალი კომპიუტერული ვირუსების გამავრცელებელთა მთელი პლეადის გაჩენა. და მაინც, ნანოტექნოლოგიას იმდენი დადებითის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის, რომ უარის თქმა არც ღირს და ვერც ვიტყვით. უბრალოდ, კაცობრიობამ, სახელმწიფო სტრუქტურებმა მთელ მსოფლიოში მეტი უნდა იმუშაონ ადამიანთა სოციალური ყოფისა და ეთიკის გასაუმჯობესებლად, განათლებისა და კულთურის დონის ასამაღლებლად. მაშინ ამ გაუმჯობესებულ გარემოში დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები გაბოროტებული თუ აგრესიულად განწყობილი ადამიანი იქნება, და ნანოტექნოლოგიაც მხოლოდ ადამიანის კეთილი ზრახვების განხორციელებას მოხმარდება. ამ მხრივ, ნანოტექნოლოგიაში მომუშავე მეცნიერისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღვთის მორწმუნეობა, რადგან ღვთის ძალას და შიშს ბევრი ბოროტი ზრახვის აღკვეთა შეუძლია.

ნანოტექნოლოგიები– რა გადატრიალებას მოახდენს ეს მეცნიერება მედიცინაში? თუნდაც, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში?

– სამედიცინო სფეროში მიმდინარე ნანოტექნოლოგიურ კვლევებს შედარებით ზედაპირულად ვიცნობ, თუმცა სწორედ ნანომედიცინის მიმართულებითაა მოსალოდნელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღება. როგორც ადრე აღვნიშნე, ბიოლოგიური და დაავადებათა გამომწვევი ობიექტები ნანოზომებით ხასიათდებიან. დღეს მათთან ბრძოლა სწორედ მათი თანაზომადი და კიდევ უფრო მცირე ნანონაწილაკებით, ნანორობოტებითა და ნანოხელსაწყოებით მიმდინარეობს, რაც მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის.

2009 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიენიჭა სამ ამერიკელ მეცნიერს, რომლებმაც ნანონაწილაკებით მარკირების მეთოდით აღმოაჩინეს ქრომოსომთა დაყოფისას მათ განაპირა რეგიონებში დეფექტების გაჩენისა, შესაბამისად, სიბერის გამოწვევისა და მასთან ე.წ. ტელომერებით ბრძოლის ეფექტი. ეს აღმოჩენა, რომელიც ნანოტექნოლოგური მასალების გამოყენებით გაკეთდა, სავარაუდოდ, სულ მალე შეძლებს სიბერის გადავადებას.

დღეს უკვე რეალობად იქცა სამკურნალო პრეპარატების მოლეკულების ჩანერგვა ისეთ ნანონაწილაკში, რომელიც სისხლს გაჰყვება და დაუკავშირდება მხოლოდ წინასწარდეგეგმილ ორგანოს, მაგალითად, ღვიძლს ან თირკმელს. ამრიგად, შესაძლებელი ხდება წამლის სელექციური მიტანა დაავადებულ ორგანოში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის ეფექტურობას.

შექმნილია ძვლის თუ კანის შემცვლელი ხელოვნური ნანომასალები. ცნობილია, რომ ადამიანის გაცვეთილი ხრტილი აღარ აღსდგება, რაც ბევრი ადამიანის, მათ შორის სპორტსმენის ინვალიდობას იწვევს. ამ დაავადებით გამოწვეული ზარალი აშშ-ში ყოველწლიურად 65 მილიარდ დოლარს შეადგენს. წელს გაცხადდა, რომ შეიქმნა ბიოაქტიური ნანომასალა, რომელიც ხრტილის აღდგენასა და სახსრის განკურნებას იწვევს.
არის ნანომედიცინის ბევრი სხვა მიღწევაც, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

რაც შეეხება კიბოს პრობლემის დაძლევას ნანოტექნოლოგიური მეთოდებით, ამ მიმართულებით ბევრი რამაა მიღწეული, მაგრამ ბევრი ისევ კვლევის პროცესშია. უმთავრესი აქ მაინც ადრეული დიაგნოსტიკაა, რაც მკურნალობას აიოლებს. უკვე დამზადებულია ე.წ. ერთ ჩიპზე დამზადებული ქიმიური ლაბორატორიები, რომელთა ზომები კვადრატული მილიმეტრებით განისაზღვრება. ასეთი ჩიპები სისხლისა თუ დნმ-ის ანალიზისთვის უმცირეს წვეთებს მოიხმარენ. მათი საშუალებით შეიძლება დნმ-ის სწრაფი ანალიზი, მასში მომხდარი მუტაციებისა და შესაბამისად, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. სწორედ კიბოს დროული გამოვლენა და სწრაფი, შედარებით იოლი მეთოდებით მკურნალობაა Aბევრი განვითარებული ქვეყნის კიბოსთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია. მის ხერხემალს სწორედ ნანოტექნოლოგიური მასალები და ზემგრძნობიარე ნანოხელსაწყოები წარმოადგენენ.
რაც შეეხება კიბოს მკურნალობას, უკანასკნელ ხანს ერთ-ერთ პროგრესულ მეთოდად მიჩნეულია სისხლში სპეციალური მაგნიტური ნანონაწილაკების შეშვება, რომლებიც მხოლოდ კიბოთი დაავადებულ უჯრედებთან გროვდებიან. გარედან რეზონანსული მაღალსიხშირიანი ველის მოდებისას მხოლოდ ეს ნანონაწილაკები ითვისებენ ველის ენერგიას, ხურდებიან და მეზობელი კიბოიანი უჯრედების განადგურებას და შესაბამისად, კიბოს განკურნებას იწვევენ.

ერთი რამ ცხადია: უახლოეს წლებში ნანოტექნოლოგიის დახმარებით მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წინსვლა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა გამომწვევი მიზეზებისა და მათი მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავების საქმეში.

– რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ნანოტექნოლოგიის განვითარების კუთხით?

– ქართველი მეცნიერები ყოველთვის კვალში ედგნენ მეცნიერების განვითარების ყველა თანამედროვე ტენდენციას. ამ მხრივ არც ნანოტექნოლოგიურ კვლევებს ჩამორჩებიან. ჩვენი ქიმიკოსები ადრეც იკვლევდნენ ულტრადისპერსულ სისტემებსა და კოლოიდურ ნანონაწილაკებს. მიკროელექტრონული კვლევების მძლავრი სამეცნიერო კერა არსებობდა ქარხანა “მიონთან”, საიდანაც შემდეგ კვლევებმა აკადემიურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გადაინაცვლა. უაღრესად კონკურენტულ გარემოში ელემენტთა ზომების შემცირება მიკროელექტრონული ტექნოლოგიის თანმდევი და სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა. არსებობის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, პრაქტიკულად ჩემი თაობის თვალწინ, ელემენტთა ზომები მიკროსქემებზე ასეულობით მიკრონიდან ათეულ ნანომეტრამდე შემცირდა. შეიქმნა ატომური გარჩევისუნარიანობის მქონე უზუსტესი ხელსაწყოები, რომლებსაც არამარტო ატომთა განლაგების დანახვა შეეძლოთ, არამედ მათი გადატანა და ატომებით მანიპულირების გზით ახალი ნანოსტრუქტურების შექმნაც. ნანოტექნოლოგია მიკროელექტრონიკის განვითარების ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა 1997 წელს. თვითონ მიკროელექტრონიკაში დღეს უკვე ნანოზომის ელემენტები და ახალი ნანომასალები გამოიყენება და ეს ტერმინი თანდათან ნანოელექტრონიკით იცვლება.
სწორედ თბილისში არსებული ქარხანა “მიონით”, უნივერსიტეტების მიკროელექტრონიკისა და ნახევარგამტარების კათედრებით, აკადემიური ინსტიტუტების ლაბორატორიების მეშვეობით ვეცნობოდით და ვმონაწილეობდით ქართველი მეცნიერები მიკრო-დან ნანოტექნოლოგიის ჩამოყალიბების საქმეში. ამდენად, ნანოტექნოლოგიაზე გადასვლა ბევრისთვის კვლევების განვითარების სრულიად ბუნებრივ შედეგს წარმოადგენდა. კერძოდ, ჩვენი ლაბორატორია თხელი, რამოდენიმე ნანომეტრის სისქის ფენების მიღებისა და კვლევის საკითხებზე მუშაობდა. ასე რომ, ნანოზომის ობიექტების მიღება და კვლევა ჩვენთვის სრულიად ორგანული საქმიანობა იყო. ვიცოდით, რომ საქართველოში იყო ნანოტექნოლოგიით დაკავებული სხვა ჯგუფებიც.

შარშან, 2009 წელს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. შემდგომში უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ პარმენ მარგველაშვილის, აგრეთვე პროფესორ შოთა სიდამონიძისა და ჩემი ინიციატივით გადაწყდა ნანოტექნოლოგიური საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა, რომელიც მიზნად ისახავდა ნანოტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე ქართველ მეცნიერთა გამოვლენას, მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, თანამშრომლობის სამომავლო გზების დაგეგმვას. მალე საინიაციატივო ჯგუფს პროფესორები რაფიელ ჩიქოვანი და ალექსი გერასიმოვი შეუერთდნენ. წელს მარტში კონფერენციას საპატრიარქოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო 56 მოხსენება, რომლებმაც, პრაქტიკულად, ნანოტექნოლოგიის ყველა მიმართულება მოიცვა. როგორც გაირკვა, ქართველ მკვლევართა ნაწილი უცხოელ კოლეგებთან ერთად წარმატებით მონაწილეობს საერთო კვლევებში. რიგი სამუშაოებისა სრულდება საერთაშორისო და საქართველოს გრანტების ფინანსური უზრუნველყოფით.
ჩემის აზრით, საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამართულმა პირველმა ნანოტექნოლოგიურმა კონფერენციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრული ქართული ნანოტექნოლოგიერი საზოგადოების შეკავშირებისა და ჩამოყალიბების საქმეში. ჩვენ შევაფასეთ ნანოტექნოლოგიური პოტენციალი და ის საკმარისად მაღალი აღმოჩნდა. უმთავრეს პრობლემას, ალბათ, მაინც საქართველოში თანამედროვე, მგრძნობიარე ანალიტიკური და გამზომი აპარატურის სიმცირე წარმოადგენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონფერენციაზე გარკვეული გეგმებიც დაისახა.
ჩვენი შედეგები და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა ცხადყოფს, რომ საქართველოს მეცნიერებს ამ მიმართულებით მუშაობის კარგი პოტენციალი გააჩნიათ. იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ მეცნიერების განვითარების ზოგად ტენდენციებს, ვფიქრობთ, საჭიროა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს დაინტერესება ნანოტექნოლოგიის სფეროთი, მისი გამოცხადება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და აქტიური, ყოველმხრივი მხარდაჭერა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ნათია says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა.და დამაფიქრებელი,ალბათ დიდი საფრთხეც გველის,რადგან აშკარაა ამ ტექნოლოგიებს ბოროტი მიზნებით აუცილებლად გამოიყენებენ.

  • ლიმონა says:

    არაჩვეულებრივი სტატიაა,ცოტა მოვითმინოთ და საოცარი ამბების მხილველნი გავხდებით, რატომ უნდა ვიფიქროთ ბოროტზე ამ ტექნოლოგიებს გადატრიელება შეუზლიათ მოახდინონ მედიცინაში,ყველა დავადება დამარცხებული იქნება,ვირუსები ვეღარ გავრცელდება დაუამრავი სასიკეთო საქმეც გაკეთდება, თუმვცა არ გამოვრიცხავ ,რომ ადამიანები ბოროტადაც გამოიყენებენ.

  • valeri says:

    საინტერესო სტატია არის, მეც ასეტ საკითხებს ვეხები უფრო ნანომედცინის გამოყენებით. დიდი სურვილი მაქ ბატონ დავით ჯიშიავილს შევხვდე.. თუ შეიდლბა დმაეხმარეთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი