მთავარი » დღესასწაულები

“ნანდვილვე აღდგა უფალი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2018 | 963 ნახვა

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი. მამა დიონისე გვიმრაძე ქრისტეს აღდგომით წარმოჩინდა სიკვდილის არარაობა, უსუსურობა და სულის უკვდავება. ამიტომ ქრისტესთან დაკავშირებული ყოველი სხვა ადრეული მოვლენა, თუნდაც ქრისტეს შობა, მისი შემდგომი _ აღდგომის მოლოდინითა და სიხარულით არის აღსავსე. შესაბამისად, აღდგომის სიდიადე და მისი მნიშვნელობა განუზომელია ქრისტიანისთვის.

თუმცა დღევანდელ რეალობაში არა თუ ქრისტეს აღდგომა, არამედ თავად მისი პიროვნების არსებობაც კი ეჭვქვეშ არის დაყენებული. ამიტომ რა შეგვიძლია ჩვენ ქრისტიანებს, როგორ ვიქადაგოთ აღდგომილი ქრისტეს რწმენა, რის საფუძველზე? როგორ დავარწმუნოთ არაქრისტიანები და ურწმუნოები ღმერთის განკაცებასა და ადამიანის გამოხსნაში? აღნიშნულ საკითხს შეიძლება გარკვეული მიმართულებითი გადაწყვეტის გზები მოვუნახოთ, მაგალითად: ქრისტეს პიროვნების უტყუარობის შესახებ ისტორიული მონაცემების გაცნობა, ბუნებაში არსებული მოვლენების დაკავშირება და თავად წმიდა წერილის განხილვა. ახლა მოკლედ განვიხილოთ მაცხოვრის აღდგომის სხვადასხვა უტყუარი მოწმობები:

პირველი მოწმობა. თავდაპირველად განვიხილოთ ქრისტეს აღდგომის დამადასტურებელი ისტორიული ჩანაწერები. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა შრომებია გამოქვეყნებული, რომელთაგანაც უნდა გამოვყოთ აკადემიკოს ივანე ბელეცკის შრომა. მან ქრისტეს ეპოქაში მცხოვრებ მწერალთა და ისტორიკოსთა ცნობებს მოუყარა თავი, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არაქრისტიანი ცნობილი ისტორიკოსის იოსებ ფლავიოსის ცნობა: “ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ”. გარდა იოსებ ფლავიოსისა მსგავსი სახის ცნობებს შემდეგი ისტორიული პირები გვაწვდიან: ლაბირინიუსი, ბერძენი ჰერმიდიუსი – იუდეის მმართველი ბიოგრაფი, სირიელი ეიშუ – პილატეს პირადი მკურნალი და სხვა მრავალი ებრაელი, არაქრისტიანი თუ ქრისტიანი ავტორი.

მეორე მოწმობა. ქრისტეს აღდგომის დამადასტურებელია ბუნებაში არსებული მოვლენები. ამ საკითხს წმიდა პავლე მოციქული ზოგადად ქრისტეს მეორედ მოსვლისას მკვდართა სხეულით აღდგომასთან მიმართებით განიხილავს: ,,ვითარმე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითამე ხორცითა მოვიდნენ? უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის; და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არს, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი; ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თითოეულსა თესლსა-თვისი გუამი’’ (1კორ.15:35-38). ამრიგად, მოციქული მიგვანიშნებს, რომ თუ ღვთის ძალით ხრწნადი თესლისგან მსგავსი, მაგრამ უკეთესი ნაყოფი აღმოცენდება, მაშინ მკვდართა და მით უმეტეს ქრისტეს აღდგომა რატომ უნდა გაგვიკვირდეს?! ასევე, ბუნებაში არსებულ მოვლენათაგან ქრისტეს აღდგომის შესაძლებლობაზე ბუნების ყოველწლიური ციკლურად ცვალებადი მოვლენები მიგვანიშნებს: შემოდგომის ხრწნადობას დამორჩილებული ბუნება გაზაფხულზე ახალი სიცოცხლით შეიმოსება.

მესამე მოწმობა. ქრისტეს აღდგომის მესამე დამადასტურებელი ფაქტორი თავად ებრაელთა ურწმუნოებაა, რომელიც ახალ აღთქმაში დაწვრილებით არის აღწერილი და რომელზეც შესანიშნავად მიგვითითებს წმ. იოანე ოქროპირი: “მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე; ებრაელები თავად გაებნენ თავის დაგებულ ბადეში. დიახ, პილატესთან რომ არ მისულიყვნენ და არ მოეთხოვათ უფლის სხეულის გაძლიერებული დაცვა, უფრო ადვილად იცრუებდნენ, მაგრამ ყველაფერი გაცხადდა. ფაქტია, რომ ვერავინ შეძლებდა შეიარაღებულ, ფხიზელ მცველთაგან უჩუმრად თავის დაღწევას”.

მეოთხე მოწმობა. ქრისტეს აღდგომას მისი მოწაფეების მოღვაწეობა და ქრისტიანული სარწმუნოების თავდაპირველი გავრცელება ადასტურებს. სწორედ, აღმდგარი ქრისტეს ხილვის შემდგომ მოციქულთა შინაგანი მდგომარეობა მთლიანად იცვლება; მათში ქრება შიშის ყოველგვარი განცდა, დიდი შეუპოვრობა და სიმამაცე ენიჭებათ. ქრისტეს თერთმეტი უსწავლელი და უპოვარი მოწაფე კაცობრიობაში გაბატონებული სიცრუისა და უზნეობის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას და წარმატებასაც აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ აღმდგარი ქრისტეს ხილვის საშუალება ბევრ ადამიანს არ ჰქონია, მოციქულების ცოცხალი რწმენის საფუძველზე, სხვათათვის უხილავი მოვლენის ჭეშმარიტება და ძლევამოსილება მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა, რაზეც თავად მაცხოვარი მიუთითებდა წმ. პეტრე მოციქულს: ,,და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ.15:18). აქ “კლდედ” აღმდგარი ქრისტესადმი სარწმუნოება მოიაზრება. აი, რას გვეუბნება ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი: ,,თუ მოციქულებს უფლის აღდგომის არ სჯეროდათ, იმაზე ფიქრსაც კი როგორ გაბედავდნენ, რომ მთელს მსოფლიოში საქადაგებლად წასულიყვნენ; განა შეიძლებოდა უტყუარი ზეციური ნიშნისა და ღვთიური ძალის შეწევნის გარეშე ჩაბმულიყვნენ ამდენ ბრძოლაში; თუ არა ეს სასწაული ვერაფერი სხვა ძალა ვერ უბიძგებდა მათ მოსალოდნელ სასტიკ ბრძოლაში ჩასაბმელად, რომ არ აღმდგარიყო ქრისტე, მოწაფეები მისი ერთგულნი კი არ დარჩებოდნენ, პირიქით, თავს მოტყუებულად ჩათვლიდნენ. მან აღუთქვა: “სამი დღის შემდეგ აღვდგებიო”, და შეჰპირდა ცათა სასუფეველს, უთხრა, რომ სულიწმიდის მადლს მიიღებდნენ და ქვეყანას მოაქცევდნენ; აგრეთვე, აღასრულებდნენ სხვადასხვა სასწაულს ღვთიური ძალის გამოვლინებით. თუ უფლის სიტყვები არ შესრულდებოდა, სიცოცხლეში მის მიმართ მოციქულებს რაც არ უნდა დიდი რწმენა ჰქონოდათ, გარდაცვლილს აღარაფერს დაუჯერებდნენ”.

მეხუთე მოწმობა. ქრისტეს აღდგომას ქრისტიანთა მოწამეობრივი ცხოვრებაც მკვეთრად გამოხატავს. მათ აღმდგარი ქრისტესადმი რწმენა სიკვდილზე გამარჯვებით დაამოწმეს. ამიტომ მოწამეთა აღნიშნული რწმენა თანამედროვე ქრისტიანისთვის მთავარ სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს, რადგან მათ მთლიანად გაამართლეს მაცხოვრის მოწოდება: ,,ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე” (იოან.20:29).

ქრისტეს აღდგომის დამადასტურებელ მოწმობათა განხილვის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის გონება ისეა მოწყობილი მარტო ისტორიული ფაქტებითა და ლოგიკური მსჯელობის შედეგად, უშუალო ხილვისა და განცდის გარეშე, ძნელია ჭეშმარიტების აღიარებამდე მივიდეს. ამიტომ თანამედროვე ადამიანისგან ბევრის მოთხოვნა არასაფუძვლიანია, რადგან თუ გავიხსენებთ თავად მაცხოვრის მოწაფეებს, მათთვისაც კი ძნელად მისაღები გახდა ამგვარი საოცარი მოვლენის აღიარება. თომა მოციქული პირდაპირ აცხადებს, რომ ვერ ირწმუნებს აღმდგარ მაცხოვარს, სანამ უშუალოდ არ იხილავს და არ შეეხება მის წყლულებს (იოან.20:25). მაშ რა ვქნათ, როგორ მივაწვდინოთ ხმა თანამედროვე ადამიანს, ვისაც არ უხილავს აღმდგარი მაცხოვარი?
ამოცანა რთულია. თუმცა მაცხოვარი გვეუბნება: “ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე”. მან კარგად იცის, რომ კაცობრიობა მისი აღდგომის შემდგომაც განაგრძობს ცხოვრებას. ამიტომ იგი უმართებულოდ როდი ექცევა ადამიანს, არამედ მისი მცნებების შესრულების გზით თავის გამოცხადებას ჰპირდება: “რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი” (იოან.14:21). თავად ქრისტეს გამოცხადება ამ შემთხვევაში გარკვეულ განმარტებას მოითხოვს, რადგან აქ თომას წინაშე აღმდგარი ქრისტეს გამოცხადება როდი იგულისხმება. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისი წასვლა და ამაღლება უკეთესია ადამიანთათვის: ,,უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა” (იოან.16:7). ქრისტე უნდა გასულიყო სოფლიდან, მასთან ხილული ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო; მას კონკრეტული მისია გააჩნდა – კაცობრიობის გამოხსნა; ამის შემდეგ კაცობრიობას სხვა შემწე და ხელმძღვანელი სჭირდებოდა, ასე უმჯობესი იყო, რადგან ქრისტესთან უშუალო ურთიერთობის საშუალება ყველას როდი ექნებოდა, ამიტომ სულიწმიდა უნდა მოვლენილიყო და ყველა მსურველისთვის გამოცხადებულიყო: “და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხვაი ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაითა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს” (იოან.14:16).

ამიტომ ძლევამოსილი და უტყუარი გზა აღდგომილ ქრისტესთან შეხვედრისა, მისი შინაგანი განცდა, მისგან მოვლენილი სულიწმიდის შეგრძნებაა. შესაბამისად, დღევანდელ სეკულარიზებულ საზოგადოებაში ღმერთისადმი რწმენის გაღვივება რთული პროცესია, რადგან: “სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი (სულიწმიდა)”.
ახლა შემდეგი კითხვა ჩნდება: სად არის დამკვიდრებული სულიწმიდა, როგორ შევიგრძნოთ იგი? ,,ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს”, როგორც სულიწმიდისადმი სავედრებელ ლოცვაშია გადმოცემული, მაგრამ მასთან დაკავშირების უმთავრესს საშუალებად მაცხოვარმა მის მიერვე დადგინებული საიდუმლოებები მიიჩნია: ,,რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ” (გალ.3:27) და ასევე: ,,რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა” (იოან.6:56). ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია ნათლობის, ზიარებისა და სხვა საიდუმლოებათა მეშვეობით გვაძლევს ცოცხალ ღმერთთან, მის მადლთან უშუალო შერწყმის საშუალებას. ამიტომ თუკი ვინმე იტყვის ქრისტე არ მოვლენილა და არ აღმდგარაო, მაშინ მას ან საიდუმლოებებში არ მიუღია მონაწილეობა ან კიდევ მონაწილეობის მიუხედავად ვერ უგვრძნია მადლი, რადგან არ დაუცავს მაცხოვრისავე მოცემული ძირითადი პრინციპი: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ.5:8).

შესაბამისად, ღმერთისგან მასთან ურთიერთობისთვის ჩვენთვის მონიჭებული უშუალო შესაძლებლობის – საიდუმლოებების განხილვის შემდეგ, ახლა სწორედ მისი განცდისთვის ჩვენში არსებულ აუცილებელ პირობაზე – გულის სიწმინდეზე ვისაუბროთ. გულის სიწმინდე პირდაპირ დაკავშირებულია ღვთის მცნებათა აღსრულებაზე. ვინც სახარებისეული მცნებების შესრულებას ცდილობს, მისი გული ნელ-ნელა თავისუფლდება ყოველგვარი მზაკვარებისა და ცოდვისაგან. ამიტომ იქ მაცხოვარის სწავლების მიხედვით უფლის მადლის შეღწევის საშუალება იზრდება, რადგან: ,,არავინ შთაასხის ღვინოი ახალი თხიერთა ძუელთა..არამედ ღვინოი ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან” (მარკ.2:22). ხოლო წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიგვანიშნებს: ,,არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის“ (1კორ.3:16).

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურება, რომ ცალკეულად, ვერც მცნებათა აღსრულებით ვიხილავთ უფალს და ვერც _ საიდუმლოებათა ზიარების საშუალებით. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ მიგვითითებს წმიდა თეოფანე დაყუდებული: ,,არ იფიქრო, რომ მცნებებს მადლი შემოჰყავს ჩვენში ნათლობისა და წმიდა ზიარებისაგან ცალკე, ან დამოუკიდებლად. ნათლობისა და წმიდა ზიარების მადლი იძლევა ძალებს მცნებების ჭეშმარიტად შესრულებისათვის”. შემდეგ აგრძელებს წმიდა მამა: ,,მადლი მხოლოდ და მხოლოდ საიდუმლოებების მეშვეობით შემოდის; და არ ყოფილა ღვთის ეკლესიაში შემთხვევა, რომ მადლს სხვა გზით აღევსო ადამიანი”.

ამრიგად, ადამიანი სადაც არ უნდა ეძიებდეს ღმერთს, მაინც ვერსად იპოვნის საკუთარ თავში ჩაღრმავების გარეშე, რადგან უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ გულით წმინდანი იხილავენ მას (მათ.5:8). შესაბამისად, სწორედ ჩვენი ბუნება უნდა გახდეს ქრისტესადმი რწმენის მთავარი განმაპირობებელი. აქ ამოცანა შემდეგშია: ვიპოვნოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენი რეალური ბუნება. გავითავისოთ ჩვენი სულიერი შესაძლებლობები; არ გავექცეთ საკუთარ თავს და მასში ჩაღრმავების შედეგად აღმოჩენილ ჩვენში არსებულ სულიერ მანკიერებებს. სწორედ ამ შემთხვევაში წარმოჩინდება ქრისტეს ცხოველი საჭიროება. ამას გვეუბნება იგი თავის მოვლინების მიზეზად: ,,არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა” (მათ.9:13). ასევე თუ გავიხსენებთ მის მიერ მოთხრობილ ერთ-ერთ იგავს ორი მევალის შესახებ, სადაც ორ ადამიანს დიდად განსხვავებული რაოდენობის ვალი ეპატიათ ბატონისგან, აღნიშნულ შემთხვევაში ბატონისადმი სიყვარული დიდი ვალის (ცოდვების) მქონე პიროვნებას მეტად აღმოუცენდება. აღნიშნული იგავიც კი მკვეთრად მიგვითითებს, რომ ღვთისადმი ამაღლებამდე, მისი საჭიროების წარმოშობამდე, მისი არსებობის აღიარებამდე და მისდამი რწმენამდე მისვლას სწორედ ჩვენში არსებული მანკიერებების დანახვა, შემდეგ განცდა და საბოლოოდ შენდობა განაპირობებს. ამრიგად აღდგომილი ქრისტეს ქადაგება დღევანდელი საცდურითა და აჩქარებული დროით გამოხატულ ცხოვრებაში, მიმბაძველობით, ისტორიისადმი თვალის გაყოლებითა და ლოგიკური მსჯელობით შეუძლებელი ხდება. საუბარი ღმერთის უშუალო განცდაზეა, რასაც პირადი ბუნების შეცნობის გარეშე ვერაფრით მივაღწევთ.
აქედან გამომდინარე, გასაგებია თანამედროვე საზოგადოების მხრიდან აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენის დაკარგვის მიზეზი – ქრისტეს მცნებათა აღსრულების უგულებელყოფა, რადგან როგორც უფალი გვმოძღვრავს: ,,შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას” (მათ.7:13). ხოლო, როგორც აღინიშნა, მცნებათა უარმყოფელნი საიდუმლოთა ზიარების შემთხვევაშიც ვერაფერს განიცდიან.

ყოველივე ზემოთ თქმულს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები დავურთოთ: ,,უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი” (1კორ.15:14). და მეორე მხრივ ასეც შეიძლება ითქვას – რადგან ქრისტე აღდგა და ჩვენ ვერ შევიცანით, მაშინ ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ. ამიტომ ვინც ეძებს ჭეშმარიტებას და სიმართლეს, ის აუცილებლად იპოვნის მას, როგორც მაცხოვარი გვეუბნება: ,,რომელი ეძიებდეს, პოვოს” (მათ.7:8).

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, ვინც ირწმუნა აღმდგარი უფალი, მან სიკვდილზე გამარჯვება მოიპოვა. იგი აღარც ძრწის სიკვდილზე ფიქრისას, აღარც რაიმეს შიში აქვს და იმედით არის აღსავსე. ამიტომ ამ ცხოვრებაშიც ხარობს და მომავალ ცხოვრებაში უფრო მეტი სიხარულის მოლოდინი გააჩნია. დაე, ჩვენც იმგვარად გვეცხოვროს, რომ მოციქულებივით წარმოგვეთქვას სიტყვები: ,,ნანდვილვე აღდგა უფალი” (ლუკ.24:34).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

ქრისტე აღსდგა!