მთავარი » ქრისტიანობა

ნაკურთხი წყალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2015 13 კომენტარი | 32,252 ნახვა

“აიაზმა არის უდიდეს სასწაული ღვთისა. ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ უზმოზე. ეცადეთ, ხშირად აკურთხოთ თქვენი საცხოვრისი, რომ მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს თქვენს ოჯახში!”

უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ნაკურთხ წყალთან დაკავშირებული კითხვების შესახებ გვესაუბრება წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე: “ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენი სამყაროს ოთხი სტიქიიდან წყალს, ალბათ, უმთავრესი ადგილი უჭირავს როგორც რაოდენობრივად, ასევე მნიშვნელობითად. ადამიანის სხეულის უმეტესი ნაწილი (70%) წყლისგან შედგება.

რაც შეეხება წყლის თვისებას, მან სხვა დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩავიდა წყალში მოსანათლად. მოგეხსენებათ, უფალმა თავმდაბლობით ნათელ იღო იოანე ნათლისმცემლის მიერ, თუმცა მას ეს ნათლობა არ ესაჭიროებოდა, პირიქით, მაცხოვარი კი არ მონათლა იოანემ, არამედ მაცხოვრის წყალში ჩასვლით განიწმინდა და განინათლა ყოველივე ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ზუსტად ამ დროს ჩაინერგა წყალში ღვთიური მადლი, რის შედეგადაც ამდენ ხანს ეშმაკებით გავსებული წყალი სრულიად განიწმინდა. ასეთი განწმენდილი წყალი დაედო ზღვარად ძველსა და ახალ აღთქმას და სწორედ ამ წყლით მოხდა ძველი კაცის ბუნების განახლება – პირველქმნილი ადამის ცოდვისგან გამოხსნა.

ნაკურთხი წყალი

სახარებაში ვკითხულობთ: “უკეთუ ვინმე არ იშვეს წყლისგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლა სასუფეველსა ღვთისასა”. ანუ ვინც არ ინათლება ისე, როგორც ეს მაცხოვარმა დააწესა, წყლითა და მირონით, რომელიც სულიწმიდის მადლის მატარებელია, ვერ შევა ცათა სასუფეველში. არსებობს ნათლობის მეორე სახეც, რომელსაც სისხლით ნათლობა ეწოდება (ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოუნათლავი ადამიანი ქრისტეს გულისთვის კვდება, ანუ სისხლს ღვრის. ასეთი სისხლის დაღვრა მას ნათლობად ერაცხება. სწორედ ნათლობის ორი სახის ნიშანია მაცხოვრის გვერდიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი, როცა მას ასისთავმა შუბი უგმირა)”.

როგორ ხდება და რა თვისებებს იძენს წყალი კურთხევისას?

წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით.

ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის ჩანერგვის შემდეგ მიიღო. ეს არის წყლის სულიერი თვისებები. ნაკურთხი წყლის ფიზიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია სამეცნიერო კვლევებს და აუხსნელია ნებისმიერი დიდი მეცნიერებისათვის.

აუცილებელია თუ არა, ყველა ქრისტიანს სახლში ჰქონდეს ნაკურთხი წყალი?

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სახლში უნდა ჰქონდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც მას ნათლისღების დღესასწაულზე სახლში ეკლესიიდან მოაქვს. იგი ოჯახის დაცვის განუყოფელი ატრიბუტია. სახლი სასულიერო პირის მიერ უნდა გახლდეთ ნაკურთხი, მაგრამ წყლის სხურება სავალდებულოა ოჯახის წევრებისგანაც, სასურველია ყოველდღეც. ძველ დროში მართლმადიდებელ მშობიარე დედას ნაკურთხი წყალი მშობიარობისას თან ჰქონდა ხოლმე იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვი მომაკვდავი დაიბადებოდა, რომ თავად მოენათლა თავისი პირმშო, რათა იგი სასუფეველს არ მოკლებოდა.

გვესაუბრეთ ნაკურთხი წყლის მოხმარებისა და შენახვის წესებზე…

ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას.
ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ.

ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით.

როგორ მოვიქცეთ, თუ ნაკურთხი წყალი გაგვიფუჭდა?

ადამიანის ურწმუნოებისა და უდიერად მოპყრობის გამო წყალი შეიძლება გაფუჭდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ თვით ადამიანი განაშორებს ამ წყლიდან მადლს თავისი სიბინძურით და როდესაც წყალი ფუჭდება, ანუ ის კარგავს მადლს, ასეთი წყალი უვარგისია გამოსაყენებლად და უმჯობესია, ყვავილებს დავუსხათ. დაუშვებელია მისი უწმინდურ ადგილას გადაღვრა.

რა სასწაულებია დაკავშირებული ნაკურთხ წყალთან?

ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული ნაკურთხი წყალი უამრავ სასწაულს ახდენს. ამის მაგალითი ბევრია… დღესაც შეიძლება ვიხილოთ სასწაული, როდესაც სულიერ თუ ხორციელ ავადმყოფს ასხურებენ ნაკურთხ წყალს და ისინი იკურნებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან ესაა უფლის უდიდესი, ჩვენთვის აუხსნელი საიდუმლო.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • ანი says:

    სერბეთში ყოფნისას მინახავს გასაყიდად სპეციალურად ნაკურთხი წყლისთვის განკუთვნილი ბოთლები, რომელშიც შიგნით ხის ჯვარი იყო მოთავსებული და თავი ეხრახნებოდა. ჩვენთან ბევრი საეჭვო წარმომავლობის, ან კიდევ უარესი – ერთჯერად პოლიეთლენის ბოთლებში ვინახავთ წყალს, რაც ალბათ დაუშვებელია.

  • ნანა says:

    ნაკურთხი წყლის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი შვილს ჰქონდა სიცხე და სისუსტეე, წავიყვანე ატენის სიონშიიიი, ეკლესიაში ბავშვს სიცხემ აუწია და ცუდად გახდაა. იქ მომსახურე პერსონალს ვთხოვე ბავშვისთვის ნაკუთხი წყალი დაელევინებინათ. ჩემმა შვილმა დალია 2 ყლუპი წყალიი და საოცრად კარგად იგრძნო თავიი. მთხოვა სურათი გადამეღო. იმ წუთშივე გახდა კარგადდდ. უფალმა დაიცვას ყველა პატარაააა

  • MARINA says:

    DIDEBA SHENDA DMERTO CHVENO, DIDEBA UFALS !!!! YVELAFRIS MJERA

  • მარი says:

    ,, არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს,ძილში დაცემის ან სხვა შებილწვისას… ”
    იქნებ ამიხსნათ, დედათა წესს რატომ მოიხსენიებთ ,,სიბილწედ ” ან ,, შებილწულად “? ყოველთვის მიკვიდა, რატომ მიიჩნევენ ქალის ამ მდგომარეობას სიბილწედ, ეს მდგომარეობა ხომ უფლის დადგენილია? მაშინ, რატომ მოვიხსენიებთ მას სიბილწედ? ამ სიტყვას განმარტებით ლექსიკონში სულ სხვა ახსნა აქვს… შეგიძლიათ მიმითითოთ საღვთო წიგნი,სადაც მსგავსი რამ წერია?! გმადლობთ.

    • ლულუ says:

      გეთანხმები მარი, ძალიან მაღიზიანებს ურჩხულივით რომ უყურებენ ქალს მაგ დროს

      • qweli says:

        ნუ ბრაზდებით, არავინ ამბობს რომ ამ დროს ქალები ბილწები არიან და უწმინდურები. უბრალოდ ამ კრიტიკულ დღეებში თვითონ უნდა მოერიდონ სიწმინდეებზე შეხებას, რადგან ინტიმური ადგილიდან გამოსულ სისხლთან აქვთ კონტაქტი. და ეს გამონადენი საეკლესიო თვასაზრისით ითვლება უწმინდურად.

    • elene says:

      am dros kargad vicit rom organizmidan gamodis rac cudia sisxltan ertad anu chuchyiani sisxli. am mdgomareobashi myopebi xom metanxmebi rom uplis sicmindeebs ar unda shevexot da arc cminda cigni ar unda vikitxot sanam ar ganvicmindebit.meore mxrv rom dapiqrde ratom marto qalebs da ara kacebs?

  • Gio says:

    მე მაინტერესებს წყალს დილით ზოგი ონკანიდან იღებს, ხმა არავის უნდა გასცე და ისე აიღოო და ნაკურთხიაო, დღეს ისიც მოვისმინე ღია ცის ქვეშ უნდა დადგა ღიად წყალი და იკურთხებაო, თუ გაგიგიათ ასეთი რამ და რას ნიშნავს

  • გამარჯობათ პატივცემულო ამბიონის რედაქციავ გთხოვთ მითხრათ აუცილებელია ნათლისღებას ნაკურთხი წყალი იყვეს სამკურნალო?და მაქ ნერვოზი აკვიატებულია აზრები შიშებიი როგორ უმკურნალო ამას ნაკურთხი წყალით გმადლობთ ღმერთმა დაგლოცოთ,

  • უცნობი კაცი says:

    გიორგი მასეთ მდგომარეობაში რათქმაუნდა ნაკურთხი წყალი კარგია და განკურნებაში ძალიან დაგეხმარება,თუ რწმენით მიიღებ მაგრამ ავადმყოფობებს მათ შორის ნერვოზს და სულიერ აშლილობებს არასწორი ცხოვრების წესი ანუ არაქრისტიანულად აზროვნება და ცოდვები იწვევს.საკუთარი გამოცდილებებით გეუბნები. ფესვები უნდა ამოძირკვო დამიჯერე და კარგად იქნები. ქრისტეს მცნებებით იცხოვრე და ნახავ როგორ შეიცვლება ყველაფერი იმედით, სიხარულით და ჯანმაგრობით. დამიჯერე ასეა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი