მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია – ხაშურის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.09.2021 | 756 ნახვა

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია შიდა ქართლის მხარის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე მდებარეობს. აგებულია ჭერათხევის ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით XV საუკუნის დასაწყისში.

ნაბახტევის ღვთისმშობლის კომპლექსი დარბაზული ეკლესიისგან და მისი ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლოსგან შედგება. დარბაზული ეკლესია (14,5 X 9,35 მ) ნაგებია მონაცრისფრო ქვის თლილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთით (ამოშენებულია) და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხეველში ორი სატრაპეზო ქვა დგას, ერთი — ცენტრში, მეორე კი მასზე მიდგმულია მოგვიანებით ჩრდილოეთიდან.

ეკლესიის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია, გრძივ კედლებში – თითო. ინტერიერში უჩვეულო ელემენტს წარმოადგენს აფსიდის წინ აღმართული კედელი, რომელიც მთლიანად ფარავს საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთით სატრიუმფო თაღში გადადის. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი სამი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები.

ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 1412-1431 წლებში. იგი ძლიერ დაზიანებულია. ზოგიერთი კომპოზიცია საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. აფსიდის კონქში შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება ორივე მხარეს წმინდანების ფიგურებით, სატრიუმფო თაღში წარმოდგენილნი იყვნენ მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველნი. დარბაზისა და საკურთხევლის გამყოფი კედლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია ფხიზელი თვალი, მეორეში აბრაამის სტუმართმოყვარეობა (აქვე იყო იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი), ხოლო მესამეში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი და სვიმეონ მესვეტე.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი