მთავარი » პოპულარული

“მზიურის” ვარსკვლავი და კიდევ ერთი ოჯახის შეცვლილი ცხოვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2010 | 3,855 ნახვა

9 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო გალაკონცერტისთვის, ანსამბლ “მზიურის” პირველი თაობა სრული შემადგენლობით გაერთიანდა. საღამოს დასასრულს კი საკონცერტო დარბაზის წინ, ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სპეციალურად კონცერტისთვის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში, ცნობილი მომღერალი, ანსამბლ “მზიურის” ყოფილი წევრი თამარ გვერდწითელი ჩამოვიდა.

საღამოს 17 მზიურელი მონატრებულ მაყურებელს შეხვდა, მაყურებელმა კი “მზიურის” ეპოქა გაიხსენა. კონცერტის პირველ ნაწილში, პიონერების ფორმაში გამოწყობილმა მონაწილეებმა ზაალ კაკაბაძის, ფილმიდან “მზიური” სიმღერების თანამედროვე და რეტრო ვერსიები შეასრულეს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი მზიურელები სხვადასხვა ფერის გრძელი საკონცერტო კაბებით წარსდგნენ და ახალი თაობის მზიურელებთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს.

ანსამბლი წლების შემდეგ მზიურელების ცხოვრება განსხვავებულად წარიმართა, ბევრი ისევ შემორჩა სცენას და მაყურებლისგან სითბოს ყოველ წუთს გრძნობს, რამდენიმემ კი სხვა პროფესია აირჩია. საღამოს მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ დეტალურად გახდა ცნობილი, როგორ წარიმართა თითოეული მზიურელის ცხოვრება.

ცოცხალი ბენდის თანხლებით გაფორმებული ნომრები მართლაც რომ მრავალფეროვანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა მაყურებლისთვის.

მზიურის კონცერტს განსაკუთრებით მზრუნველობამოკლებული ბავშვები ელოდნენ. პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” ეგიდით გამართულ კონცერტზე, თითოეული ადამიანის თანადგომით, ღონისძიებიდან შემოსული თანხით, კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი გაბედნიერდა და სახლის გასაღებით დასაჩუქრდა. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები მეოცნებე ბავშვების ნუგზარ, შოთა, სალომე, ნესტან, რუსუდან, სოფიკო, როლანდ მიქაძეების ოცნება ასრულდა. მათი ცხოვრება ამ საღამომ მთლიანად შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი “მზიური” 39 წლის წინ დაარსდა. ერთ დღეს, როდესაც დარბაზში ბიჭების მიერ დატოვებულ ინსტრუმენტებს წამოავლეს ხელი გოგონებმა, ისეთი შემართებით დაუკრეს, რომ მათ პედაგოგებს გოგონათა ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნის იდეა გაუჩნდათ. ეს იყო 1971 წლის მაისი. ამ ისტორიულ ფაქტს ესწრებოდნენ რაფაელ კაზარიანი, გურამ ჯაიანი. პირველი რეპეტიცია შედგა ამავე წლის 4 ივლისს. დუშეთის პიონერთა ბანაკ “მზიანეთში”. 18 ნოემბერს კი გაიმართა პირველი კონცერტი რუსთაველის სახელობის თეატრში. პატარა გოგონები, რომლებიც ინსტრუმენტების უკან ძლივს ჩანდნენ მაყურებელმა მხურვალე ოვაციით დააჯილდოვა. მზიური მალე გახდა ცისფერი ეკრანის ხშირი სტუმარი. “აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება”, – ასე აფასებდა “მზიურის” მოღვაწეობას მაშინდელი ხელისუფლება. ანსამბლმა მრავალ ქვეყანაში მიაღწია წარმატებას, მოიპოვა ხალხის სიყვარული და აღიარება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი