მზეთამზის წმ.გიორგის დარბაზული ეკლესია – ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას სასაფლაოზე. XX ს-ის დასაწყისში აგებული ეკლესია თავისი დროის ტიპური ნიმუში იყო – ნაშენი ფლეთილი ქვით და შემდეგ შებათქაშებული ფასადებით;

ქვის წყობის დასავლეთი ფასადით და რელიეფური კბილანისებური ზოლით აქცენტირებული მისი შუა ნაწილით (ფასადზე გამოყენებულია საფლავის ქვების მართკუთხა კვადრებიც);.
ფართო თაღოვანი სარკმლებით, რომლებსაც მუქი რუხი ბაზალტის კბილანისებურად დალაგებული თლილი კვადრების საპირე შემოუყვება;
ასეთივე საპირიანი დასავლეთის თაღოვანი შესასვლელით და შეფიცრული ფრონტონებით დას. და აღმოსავლეთ მხრიდან. ანალოგიური სტილისა იყო ეკლესიის ინტერიერიც – საკურთევლის სწორკუთხა აბსიდით, ნახევარწრიული შეფიცრული კამარით და ბუტაფორულ პილასტრებიანი განიერი დარბაზით.
ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის აღდგენა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. იგი თითქმის მთლიანად გადაკეთებულია – მოწყობილია ნახევარწრიული აბსიდა ფლეთილი ქვის კარგი წყობით და თაღოვანი ნიშებით.
შეკიდულია ბეტონის სატრიუმფო თაღი და ბეტონის საყრდენებზე, ბეტონითვეა გადაყვანილი ნახევარწრიული კამარა.
დასავლეთის ფასადზე მოხსნილია თაღოვანი შესასვლელის მოჩარჩოება და თაღოვან ღიობში ჩასმულია ხის თაღოვანი კარი. ფლეთილი ქვის წყობით არის შეცვლილი ხით შეფიცრული ფრონტონებიც.
ფოტო: თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.