მზესუმზირა – სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარე

მზესუმზირა – Helianthus L. რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახის წარმომადგენელია. სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობის ერთწლოვან და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს.
სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან “Helios” – მზე და “anthos” – ყვავილი. მზესუმზირა მნიშვნელოვანი სამეურნეო და დეკორატიული კულტურაა.
ერთწლოვანი სახეობებიდან კულტურაში ფართოდ გამოიყენება Helianthus annus L. – ერთწლოვანი მზესუმზირა. ამ სახეობიდან გამოყვანილია, როგორც სამეურნეო დანიშნულების, ისე დეკორატიული ჯიშები, რომლებიც განსხვავდებიან სიმაღლით, კალათების სიდიდით, სიმჭიდროვით, შეფერილობით – ყვითლიდან ყავისფერამდე.
მზესუმზირა სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა. ითესება ნათელ მზიან ადგილებზე; ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, მაგრამ კარგად იზრდება და ვითარდება ნაყოფიერ ნიადაგებზე. გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ პერიოდულად საჭიროებს მორწყვას.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით მზეუმზირას ყვავილედები და თესლები ფიქსირდება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიხცვამდე პირველ საუკუნეში.
თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მცენარის კულტივაცია ჩვენს წელთაღრიხცვამდე 2600 წელს ტაბასკოში (მექსიკაში) დაიწყო. ამერიკის ძირძველი ხალხები – აცტეკები, ოთომები (მექსიკა) და ინკები (პერუ) – მზესუმზირას მზის ღვთაების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ესპანელმა მოგზაურებმა მზესუმზირა 16 საუკუნის დასაწყიში აღმოაჩინეს და მისი თესლი ევროპაში ჩამოიტანეს.
თავდაპირველად მზესუმზირას ზრდიდნენ როგორც დეკორატიულ მცენარეს, ხოლო მისი გამოყენება საკვები და სამკურნალო დანიშნულებით მოგვიანებით დაიწყო.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.