მთავარი » კულტურა

მწერლობა – ჩვენი არსობის ვენახი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2010 3 კომენტარი | 4,765 ნახვა

ჩამოთოვლილი ზარები“ჩამოთოვლილი ზარები” – ქალბატონმა თამარ შაიშმელაშვილმა ასე უწოდა თავის მეოთხე კრებულს. ლექსებს მეექვსე კლასიდან წერს. პირველი ლექსი “ზამთრის სურათი”, რომელიც ჟურნალ “პიონერში” გამოქვეყნდა, ახლაც ზეპირად ახსოვს. მისთვის პოეზია შინაგანი განცდის, სევდისა და ტკივილის გამოხატულებაა, რწმენა და სამშობლო კი – ის “შემაძრწუნებელი ბედნიერება”, რომლის განცდითაც ცხოვრობს.

პოეტისა და პოეზიის მისიასა და დანიშნულებაზე “ამბიონი” ქალბატონ თამარს გაესაუბრა.

– ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, რა არის პოეტის ძირითადი დანიშნულება?

– “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა” – წერდა ილია ჭავჭავაძე. ახლა სხვა დროა და, ბუნებრივია, პოეტს ერის წყლულთან ერთად სხვა საკითხებიც უნდა აღელვებდეს. მისმა სულმა სამყაროს ფიქრი, მისი დარდი და სიხარული უნდა აირეკლოს… მარტოსულებს შეეწიოს… ანდა, იქნებ როგორც ერთხელ ჩემი წიგნის წარდგენაზე ქალბატონმა ლინა ბარათაშვილმა აღნიშნა, პოეზია არის “საგალობელი სამყაროს სევდის…” იქნებ ასეცაა? ვინ იცის?

– როდის გამოიცა თქვენი კრებული “ჩამოთოვლილი ზარები” და რამდენი ხანი მუშაობდით კრებულზე?

– “ჩამოთოვლილი ზარები” 2007 წელს გამოიცა. იგი მეოთხე, ყველაზე სრულყოფილი კრებულია. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ წიგნზე. მრავალი ახალი ლექსი დამიგროვდა და შინაგანად უკვე მსურდა წიგნის გამოცემა.

საერთოდ, წიგნის გამოცემა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. მე-3 და მე-4 კრებულებს შორის შუალედი სამი წელია. ამ ხნის განმავლობაში ბევრს ფიქრობ. სათქმელი გროვდება და ახალი კრებულიც იბადება…

– რა არის თქვენი შემოქმედების ძირითადი სათქმელი?

– ის სევდა და ტკივილი, რასაც განვიცდი ამ სამყაროში, ლექსად გადმოვცე. “სამყაროში ჩუმი გაოცებით… ვის უხმობს სული მთვარის ლურჯი ნატერფალებით…” – ვწერ ერთ ლექსში. ჩვენ გვიხმობს სული… მხოლოდ პოეზიას ძალუძს ჩუმი ძახილი შეგაგრძნობინოს… და შენი დარდიანი სამშობლო გიყვარდეს. “ბედი ჩემი კრწანისია, ცრემლი მეფე ერეკლესი” – ვწერ სამასი არაგველებისადმი მიძღვნილ ლექსში. დღეს კრწანისი ქართლში განმეორდა, სამაჩაბლოში ყაყაჩოები აატირეს… ჩვენი მიწა-წყალი გოდებს…

ლექსების კრებულისთვის “ჩამოთოვლილი ზარები” შემთხვევით არ მიწოდებია. ჩამოთოვლილ ზარებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: პირველი – ყველა ადამიანმა თოვლის სისპეტაკით უნდა იცხოვროს, რაც შეიძლება ნაკლები ცოდვით; მეორე – პოეტის სული ჩამოთოვლილ ზართა მდუმარებაში ქმნის ლექსებს და სხვასაც ამ იდუმალებას აზიარებს… მესამე – სამშობლოში, სადაც “უმზეო ქარები ქრიან” და “გაბზარულია ღვთისმშობლის ხატი”, ამ ჩამოთოვლილ ზართა სევდა გამეფებულა…

– როგორია პოეტის შინაგანი სამყარო?

– “სიჩუმე მზეში” ჩემი ლექსების მესამე კრებულის სათაურია… ეს განცდა ათრთოლებს სულს და იმ სიძლიერეს მმატებს, რომ შევინარჩუნო საკუთარი თავი და სხვაც გავამხნევო: “დასეტყვილ ყანაშიც ჩურჩულებს იმედი…”

– თქვენს ლექსებში ხშირად ახსენებთ სიყვარულსა და სიკვდილს… რას ნიშნავს თქვენთვის ეს ორი ცნება?

– “ჩემი სოფელი ასკილის ყვავილების ეკლესიაა, სადაც ჯვარს იწერენ სიკვდილი და სიყვარული…” ასკილის ყვავილების ეკლესია იმ სამყაროში გადასასვლელია, სიყვარულით განწმენდილი სული უფალს მიეახლება. ყველას საკუთარი სიკვდილი და სიყვარული გვაქვს, ჩემი აზრით, სიყვარული სიკვდილთან ერთად თანაარსებობს, დაბოლოს, იმარჯვებს მასზე…

– კრებულში არაერთხელ ახსენებთ უფალს, შობას, სამშობლოს, სინანულს, აღდგომას, ფსალმუნს… რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში რწმენასა და სამშობლოს?

– მართებულად აღნიშნეთ, რწმენა და სამშობლო ჩემთვის უმთავრესია. ბატონი ოთარ ჭილაძე ბრძანებდა: “და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი…” იგივე განცდით ვცხოვრობ, ამ “შემაძრწუნებელი ბედნიერებით” მაქვს სული სავსე… შემაძრწუნებელით იმიტომ, რომ სამშობლო დარდიანია. ბედნიერება კი ისაა, რომ მრავალი განსაცდელის მიუხედავად აქ ხარ, შენს სამშობლოსთან, მისი ტკივილი გტკივა და სიხარული გახარებს. სამშობლო შენს სულშია…

თამარ შაიშმელაშვილი– თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია თანამედროვე პოეზია?

– თანამედროვე ქართული პოეზია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მრავალფეროვნება გულიხმობს, რომ ეს პროცესი თავისთავად უკვე საინტერესოა. თუმცა, არ მომწონს ბილწსიტყვაობა და ჟარგონი, რასაც მიმართავენ პოეზიაში. ერთი ტენდენციაც შეიმჩნევა – იქმნება ტექსტები და ეს პოეზია ჰგონიათ. ანუ ამ ტექსტების ავტორები თავისთავადობით ნაკლებად გამოირჩევიან. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ლიტერატურა, პოეზია, თუ ის ნამდვილია, გაიკვლევს გზას ხალხის გულებისკენ და წინ ვერაფერი დაუდგება.

– რას ფიქრობთ ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე პოეზიისადმი?

– ვერ ვიტყვი, რომ ახალგაზრდობას პოეზია არ უყვარს. პოეზიისადმი გულგრილობა დრომ მოიტანა. ომებით, გაჭირვებით, სოციალური პრობლემებით გადაღლილ ხალხს ლექსისთვის აღარ სცალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას პოეზია არ უყვარდეს. ხომ გაგიგიათ, ყველა ქართველი პოეტიაო. ჩვენი ერის არტისტულ ბუნებაში პოეტური სხივი მუდამ იკიაფებს.

– ცოტა რამ გვიამბეთ ჟურნალ “ხელეურზე“… როდის გამოვიდა პირველი ნომერი? როგორი ხასიათისაა? როგორ და რატომ გაგიჩნდათ მისი დაარსების იდეა?

– შარშან, გაზაფხულზე გამოვეცით პირველი ნომერი. იგი ლიტერატურული ჟურნალია და უკვე საკუთარი მკითხველიც ჰყავს. რედაქტორის სარკმელში ვწერ, რომ სულიერი სამშობლოა გადასარჩენი. სულიერი სამშობლოს გადასარჩენად ილია და მისი თანამედროვენი იბრძოდნენ. ქართულმა მწერლობამ ეს დიადი მისია დღესაც უნდა განაგრძოს, რადგან დღესაც გვართმევენ მიწა-წყალს, ისტორიას გვიყალბებენ და ტაძრის ფრესკებს გვიშლიან. ასეთ ვითარებაში მწერლობა ჩვენი არსობის ვენახად მიმაჩნია.

– რას ნიშნავს “ხელეური” და რატომ უწოდეთ ჟურნალს მაინცდამაინც ეს სახელწოდება?

– ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, “ხელეური” ნამგლით მომკილ პურს ნიშნავს, რომელიც ერთ ხელში თავსდება. “ხელეული ყანისა”, “ყანა მონამგლული” – აღნიშნავს სულხან-საბა. ხოლო ილია ჭავჭავაძემ მწერლობა გონების ნაჭირნახულევ ხვავს შეადარა, სადაც “წმინდა ხორბალიც არის და ბალახ-ბულახიც”.

მინდა, რომ მწერლის ხელეური მხოლოდ “წმინდა ხორბალი” იყოს და არა სარეველებით სავსე…

– თქვენი აზრით, რა არის ჟურნალ-გაზეთების ძირითადი დანიშნულება? როგორ ასრულებენ ისინი დღეს თავიანთ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

– ჟურნალ-გაზეთების ძირითადი დანიშნულება, ვფიქრობ, მართლის თქმის პრინციპია. ილია ჭავჭავაძე წერდა: “იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდვური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია”. მეც იგივეს ვფიქრობ.

სამწუხაროდ, ჩვენი პრესა ჭორებმა და ურთიერთლანძღვამ წალეკა. თითო-ოროლა გაზეთი და ჟურნალი თუ გამოირჩევა ჟურნალისტური კეთილსინდისიერებით, ზოგი გამოცემა ხელისუფლების რუპორია, ზოგიც – რომელიმე პოლიტიკური ძალისა, ანუ იმისა, ვინც აფინანსებს, დანარჩენები სხვისი პირადი ცხოვრებითა და ქვეშაგებით არიან დაკავებული…

– გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ…

– მინდა ლექსების ახალი კრებულის გამოცემა, აგრეთვე, დამიგროვდა უამრავი პუბლიცისტური წერილი და ურიგო არ იქნება მათი ერთ ვრცელ კრებულში გაერთიანება. ვნახოთ, ხომ იცით, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

– და ბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ პოეტებს?

– ბევრი იკითხონ და წერონ! ყოველდღე წერონ! საკუთარი განწყობილება ფურცელს გაანდონ. ოსტატობა დიდი შრომის ფასად მიიღწევა. მათ ვუსურვებდი, რომ მხატვრული ღირებულებისგან დაცლილი ტექსტები კი არ შეექმნათ, რაზეც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არამედ – სრულფასოვანი მხატვრული ნაწარმოებები.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნინო says:

    ღმერთმა გვიმრავლოს თამარისთანა ქართულად მოაზროვნე ადამიანები!!!

  • ლალი says:

    ორიგინალური პასუხებია. ქართული სულია ჩადებული, ეტყობა, რომ კარგი ადამიანი და კარგი პოეტია!

  • ნინო ჩხიკვიშვილი says:

    წავიკითხე თამარ შაიშმელაშვილთან ინტერვიუ და კიდევ ერთხედ დავრწმუნდი, რომ იგი საინტერესო შემოქმედია, მაგრამ ერთობ მოგრძალებული და სწორედ ამიტომაცაა რომ ჩრდილში დგომას ამჯობინებს ხშირ შემთხვევაში, თორემ … თუმცა პოეტი ხომ ასეთი უნდა იყოს, მაგრამ დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება,რომ მყვირალანი უფრო იოლად და მარტივად გადიან ფონს!
    მაგრამ არაუშავს, ჯობს პოეტმა არასდროს უღალატოს თავის მრწამსს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.