მთავარი » დღესასწაულები

მთავარანგელოზობა – რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2023 3 კომენტარი | 16,906 ნახვა

21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.

დღესასწაული ნოემბერში აღინიშნება, რადგან ნოემბერი მარტიდან მეცხრე თვეა, რომლიდანაც უწინ წელიწადის ათვლა იწყებოდა, ხოლო ცხრა – ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

ეკლესიის სწავლების თანახმად, წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქარუბიმნი და საყდარნი. წმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვს-ექვს ფრთენი სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან მრავალთვალნი ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელიც ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გადმოედინება ჩვენზე სიბრძნე და განათლება ჭეშმარიტი ღვთისშემეცნებისათვის.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან. ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
მთავარანგელოზ მიქაელს – მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული.

ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, თბილისის და და ა.შ.

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი