მთავარი » სხვადასხვა

მსვლელობა თბილისის ქუჩებში (27.09.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2012 | 2,279 ნახვა

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო თბილისის კურთხევა გაიმართა. თბილისის ტაძრებიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა მოეწყო.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოგორე გოგოლაძემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მრევლი მსვლელობაში მონაწილეობისათვის აკურთხა და მისი სურვილითვე, მომლოცველებს წინ ამავე ტაძრის მღვდელმსახური მამა იოსები გაუძღვა.

სტიქაროსნები

სტიქაროსნები და მრევლი წმ. ბარბარეს, ღვთისმშობლის, მაცხოვრის ხელთუქმნელსა და ჯვართამაღლების ხატებს მიაბრძანებდნენ. გზად მოძრაობა “დავითიანნის” წევრები ბაირაღებით და წმიდა ნინოს ეკლესიის მრევლი მათივე ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ იოსებ გოგოლაძესთან ერთად შეუერთდნენ. გზის კურთხევა საგალობლების თანხლებითა და საკმევლის კმევით მიმდინარეობდა.

მსვლელობაში მონაწილეობა უამრავმა მომლოცველმა მიიღო.

ნინო პერანიძე: “პატრიარქის კურთხევით ვიღებ ამ მსვლელობაში მონაწილეობას. ჯვართამაღლებას ვულოცავ სრულიად საქართველოს და მსურს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული და მშვიდობიანი იყოს. ამ მსვლელობით მშვიდობისაკენ მოვუწოდებ ყველას.”

გიორგი ტყებუჩავა (საპატრიარქოს მოძრაობა “დავითიანნის” წარმომადგენელი): “მშვიდობიანი მეთოდებით გვინდა ყველამ ერთად ხალხს სიმშვიდისკენ მოვუწოდოთ და დავგმოთ ცუდი, რაც უკავშირდება არეულობას.
დღევანდელი დღე მართლმადიდებლური დღესასწაულია – “ჯვართამაღლება”. პირველ რიგში, შევიკრიბებით ასი ათასი მოწამის წამების ადგილას, სადაც აღევლინება პარაკლისი.”

მშვიდობიანი მსვლელობა, “საქართველოს გაუმარჯოს” შეძახილით მეტეხის ხიდის მიმართულებით გაგრძელდა.
გმირთა მოედანზე თბილისის კურთხევაში მონაწილე სამღვდელოებამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სოხუმის დაცემისას დაღუპულ პირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

კახაბერ გოგოტიშვილი (საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების ტაძრის დეკანოზი): “ქალაქის კურთხევა გახლავთ ძველი საეკლესიო ტრადიცია, როდესაც ქვეყანაში იყო განსაცდელი, შფოთი, არეულობა , ავადმყოფობა, ომი ან მსგავსი სიტუაცია. სამღვდელოება სიწმიდეებით მოივლიდა მთელ ქალაქს და მომლოცველობითი მსახურება აღესრულებოდა.
დღევანდელი დღე, თბილისის კურთხევაა და ეს მომლოცველობითი მსვლელობა, ემსახურება სწორედ ამას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ყველა ქართველი გავერთიანდეთ დედა ეკლესიის წიაღში.”

მეტეხის ხიდთან კი უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. მომლოცველები უწმიდესის მობრძანებას ელოდნენ. მეტეხის ხიდთან კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს. ჯვრის მადლი და წყალობა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მუდამ იცავდა და დღესაც იცავს თავის წილხვედრს საქართველოს.
როცა გაუჭირდა საქართველოს ჯარს, შემდეგი ლოცვა წარმოთქვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო”.

ახლა ჩვენ ყველამ ერთად ვთქვათ ეს ლოცვა, რათა დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან:

სტიქაროსნები “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ გენვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ.”

ეს ლოცვა უწმიდესმა მრევლთან ერთად რამდენჯერმე წარმოთქვა, რის შემდეგაც აღავლინა პარაკლისი.

ილია მეორე: “ჯვრის ძალამ, ჯვრის მადლმა დაგიცვათ და დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი.”

პატრიარქის სიტყვის შემდეგ კვლავ წარმოთქვეს ღვთისმშობლის ლოცვა.

შესრულდა ღვთისმშობლის საგალობლები: “ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო” და “ღირს არსი”.
“ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.

ახლა ჩვენ მივდივართ წმიდა სამებაში და წმიდა სამების ეზოში შესრულდება პანაშვიდი მათთვის, ვინც დღევანდელ დღეს დაიღუპა აფხაზეთის ომის დროს.” – აღნიშნა უწმიდესმა.

მეტეხის ხიდზე ჯვრის პარაკლისის გადახდის შემდეგ მსვლელობა ყოვლად წმიდა სამების ტაძრისკენ გაგრძელდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ეზოში აფხაზეთის ომში დაღუპულთა პანაშვიდი გადაიხადა. რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში შებრძანდა.

პატრიარქმა კურთხევა მისცა მღვდელმთავრებს, რომ ხვალ და ზეგ ხატებით ჯვრებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით ეპარქიები შემოიარონ.

მღვდლებმა კი ლოცვითი მსვლელობები მრევლის თანხლებით გამართონ.

უწმიდესმა ასევე მიმართა შეკრებილებს და სრულიად საქართველოს, რომ ილოცონ, რადგან ღმერთი მოწყალეა და მათ ლოცვას შეისმენს.

თეა სულაბერიძე
ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი