მსვლელობა 100 000 მოწამის ხსენების საპატივსაცემოდ
წმიდა 100 000 მოწამე ქართველის ხსენების დღე 13 ნოემბერია, დღეს კი მორწმუნე ქართველებმა, ლოზუნგით “ჩვენ წმიდა 100 000 მოწამე ქართველისა და ჩვენი გმირი წინაპრების შთამომავანლი ვართ” მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მსვლელობა წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრიდან და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან 11 საათზე დაიწყო, სადაც დიდი რაოდენობით მლოცველი შეიკრიბა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ახალგაზრდობის სიმრავლე იყო, რაც კიდევ იმის მაუწყებელია, რომ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია, სარწმუნოებისათვის თავდადებულთ კი მუდამ მოიხსენიებენ. სპეციალურად ამ დღისთვის 100 000 მოწამის ხატი დაიწერა, რომელიც მომლოცველებმა მეტეხის ტაძარში დააბრძანეს. მსვლელობის მონაწილეებს, 100 000 მოწამის მსგავსად, ხელთ მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები ჰქონდათ და ასე მიაგებდნენ პატივს წმინდა ხატებს.
შორენა უგულავა (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი): “ოჯახს სურვილი გვქონდა ჩვენი 6 თვის პატარასთან ერთად მონაწილეობა მიგვეღო ამ მსვლელობაში, ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ეს დღე ყველას დღესასწაულია და თითოეულ მორწმუნეს დიდ ძალას შეგვმატებს”.
გიორგი ყეინაშვილი (წმ.კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მრევლი): “ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომ ამდენი მორწმუნე ერთად შეიკრიბა, თითოეული აქ მოსული ადამიანი დიდ მადლს წაიღებს ოჯახში. დღეს არ არის 100 000 მოწამის ხსენების დღე, მაგრამ ჩვენმა მოძღვარმა გადაწყვიტა მსვლელობის მოწყობა და ჩვენც მოვედით და პატივი მივაგეთ ამ ადამიანების სულების ხსოვნას”.
მარიამ კაპანაძე (წმ.კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მრევლი): “ჩვენი ეკლესია ხშირად აწყობს მსვლელობებს. დღევანდელ დღეს კი ვცდილობთ, როგორმე გვერდში დავუდგეთ იმ 100 000 წმიდა მოწამეს, რომლებმაც ხატები არ შეურაცხჰყვეს და დაიცვეს ჩვენი სარწმუნოება”.
შეგახსენებთ, რომ ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალედინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალედინისთვის ტახტი დაიდგა. მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიტანეს. თბილისელებს უბრძანეს, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმინდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავების წარჰკვეთით დაემუქრნენ. 100 000 ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ. რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს, ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.
100 000 ქართველის წამების ადგილზე წაიკითხეს ლექსი, “ასი ათასი ვარსკვლავი”, შესრულდა საგალობლები, რის შემდეგაც მეტეხის ხიდიდან მოწამეების სულის მოსახსენიებლად მსვლელობის მონაწილეებმა მტკვარში ყვავილები გადაყარეს. წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიამ კი მეტეხის ხიდთან მისულებს ოჯახის დალოცვის ფურცლები გადასცა.
თეონა ნოზაძე
თათია ნავროზაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.