მთავარი » საზოგადოება

მშვიდობიანი აქცია თბილისის ქუჩებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2011 ერთი კომენტარი | 1,623 ნახვა

aqciaსაქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონმა მართლმადიდებლებს შორის პროტესტის გრძნობა გააჩინა. მას შემდეგ, რაც ილია მეორის თხოვნა – კანონზე ვეტოს დადება საქართველოს პრეზიდენტმა უგულებელყო, თბილისის ქუჩები მომლოცველთა ჯგუფებით გაივსო. 9 ივლისს ქაშუეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მოწყობილ მსვლელობას რამდენიმე ათასი მორწმუნე შეუერთდა. ისინი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით ცდილობდნენ როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საპატრიარქოსთვისაც ეჩვენებინათ საკუთარი ღრმა რწმენა. სამების საკათედრო ტაძარში მისულ მრევლს უწმიდესმა ქადაგებით მიმართა. მან მღვდელმსახურებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეასრულონ პარაკლისები ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა მამათა და მოწამეთა სახელზე და უფალს ქვეყნის მშვიდობა შესთხოვონ. მორწმუნეებს კი პატრიარქისგან ეძლევათ კურთხევა, ყოველდღე სახარებიდან თითო თავი წაიკითხონ.

რეზო ჩხეიძე (კინორეჟისორი): “კანონი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოეფიქრებინათ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ისინი ხშირად იშველიებენ ევროპას და ევროპიდან გადმოაქვთ ბევრი რამ, რაც ქართული რეალობისთვის მიუღებელია. არ ვიცი ევროპაში როგორ არის და ზოგადად, ევროპის ნაკლებად მწამს, მაგრამ საქართველო არაა ევროპული ქვეყანა.

საქართველო გახლავთ ევრაზიული ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზეა და როგორც ევროპის, ისე აზიის ნაწილიცაა. რაც შეეხება ევროპული ცხოვრების სტილს, რომელიც ასე ძალიან მოსწონთ, ბევრი რამ ძალიან მიუღებელია ქართველი ადამიანისთვის. ევროპაში მამაკაცების ქორწინებაც მიღებულია და როგორ ფიქრობთ, სწორი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში?!

მიღებული კანონის კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. საქართველოს აღარ ეკუთვნის უამრავი ტერიტორი და ამ კანონმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებით ჩვენი ისტორიული ძეგლების დაკარგვა. ჩვენ მრავლად გვყვავს ხილული თუ უხილავი მტერი. ისინი მუდამ ჩვენი ისტორიის გაყალბებით არიან დაკავებულნი და ეს კანონი სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს”.

როგორც მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მისთვის ყველაზე მტკივნეული პრეზიდენტისა და უმრავლესობის მიერ პატრიარქის თხოვნის გაუთვალისწინებლობაა, რაც კანონის გაუქმებას ან განხილვას გულისხმობდა.

ბერ-მონაზონი კონსტანტინე: “საქართველო უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანაა. ოდითგანვე ჩვენი წინაპრები, მეფეები, დედოფლები თუ სასულიერო პირები მუდამ იბრძოდნენ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ქართული მეობა, რომელიც საზრდოს ღებულობს ქართული ეკლესიიდან, ქრისტიანობიდან. ხოლო კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ეწინააღმდეგება ქართულ ეკლესიას და რაც პარლამენტმა ჩაიდინა, ეს არის ღალატი სარწმუნოებისა და ერის წინაშე. თავიანთ ქმედებას ისინი დემოკრატიას უწოდებენ. დემოკრატია ხალხის მმართველობას გულისხმობს, ამ დროს კი ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნებს არავინ ითვალისწინებს.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, არც ხელისუფლების წინააღმდეგი, უბრალოდ, ჩვენ ვითხოვთ სარწმუნოების, ღირსებისა და ჩვენი უფლებების პატივისცემასა და დაცვას. გვჯერა, რომ, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება.
ხვალ შედგება წმიდა სინოდის სხდომა და ჩვენი სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება ქართველი ერის მოთხოვნილებებს, მის ტრადიციებს, კულტურას და ა.შ”.

შეგახსენებთ, პარლამენტმა კანონი საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პირველი მოსმენით 1 ივლისს მიიღო; 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ერთხმად დაამტკიცა. კანონს მხარი უმრავლესობის 70 -მა დეპუტატმა დუჭირა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

საპატრიარქო და პატრიარქი ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი იყო და პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვდა, თუმცა პრეზიდენტმა, ამის მიუხედავად, კანონს ხელი მოაწერა… სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა დღეს მეტეხის ხიდის მომართულებითაც მოაწყო მსვლელობა.

საპატრიარქოში ხვალ 10 საათზე წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, აღნიშნულ კანონპროექტზეც ისაუბრებენ.

ფოტო ბაია ლომსაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნინო says:

    დავუჯეროთ ჩვენს პატრიარქს,თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ქართული ერი და სარწმუნოება,სხვა შემთხვევაში დავიღუპებით

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი