მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

მშობლის როლი ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების საკითხებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2020 | 833 ნახვა

სოფო ტალახაძე,
ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, ფსიქოსინტეზისა და B.O.P. სპეციალისტი, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი

ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაში მშობელს დიდი წვლილი მიუძღვის. შვილის აღზრდა მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, რადგან ის ემოციები, რასაც დედა განიცდის, შვილზეც აისახება და ტოვებს დადებით ან უარყოფით კვალს. მშობლის მიერ ემოციების სწორი მართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებისა და ზოგადი წარმატების საქმეში.

დაბადებიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვი განსაკუთრებულად ითხოვს მშობელთან ჩახუტებას და ალერსს. სითბო და ფიზიკური სიახლოვე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში ჩვილს უვითარდება ნდობა სამყაროსადმი. თუ ბავშვს ხშირად ეხუტებიან და დროულად რეაგირებენ მის დისკომფორტზე, ის მშვიდი და სამყაროს მიმართ ნდობით სავსე იზრდება. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი, ერიკ ერიქსონი აღნიშნავს, თუკი უგულებელყოფილია ბავშვის ტირილი, აკლია ყურადღება, მას უნდობი და ეჭვიანი ბუნება უყალიბდება. ამგვარად, შვილის აღზრდა მეტად ფაქიზი, საპასუხისმგებლო და ხანგრძლივი პროცესია. ის მრავალ დადებით და უარყოფით ფაქტორზეა დამოკიდებული. ბავშვის განვითარების პროცესში უფროსების არასწორი ქმედება, მოზარდის შინაგან სამყაროში დანაშაულის შეგრძნებისა და დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ზოგადად, სწორი აღზრდის მთავარი მიზანია, რომ მოზარდებში გააღვივოს მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი და შეუქმნას საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების თვითრეალიზაციის მოტივაცია. სწორედ ამიტომ, ყველა მშობელმა, კარგად უნდა გააანალიზოს საკუთარი როლი შვილის აღზრდის პროცესში.

ცხადია, იდეალური ოჯახი არ არსებობს. ყველა ოჯახს თავისი „რისკები“ და „რესურსები“ აქვს. აუცილებელია დავფიქრდეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების იმ წესებსა და მანერებზე, რომელიც ყოველდღიურად ასახვას ჰპოვებს ჩვენს ქცევასა და მეტყველებაზე და კარგად გავაცნობიეროთ ის „სტრატეგია“, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს შვილებს სამყაროში ადაპტაციისთვის, რადგან უმეტეს წილად, ქცევის მოდელებს, მშობლებისგან იღებენ შვილები.

როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა ისედაც თვალსაჩინოა და ბევრ განმარტებას არ საჭიროებს, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა არა ნაკლებ სახიფათოა ბავშვის მომავალი განვითარებისთვის. აღზრდის პოცესში მშობელები ხშირად იბნევიან, რადგან ვერ ხვდებიან სიმკაცრე სჯობს თუ „რბილი“ მიდგომა. ცხადია, თითოეულ ოჯახს ბავშვის აღზრდის მისებური სტილი აქვს შერჩეული, რომელიც შვილისა და მშობლის ურთიერთობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ყველა მშობლის სურვილია, რომ მისი შვილი იყოს ზრდილობიანი, წარმატებული ბედნიერი და კომუნიკაბეკლური, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ სურთ და იწყება დაძაბულობა, რასაც ხშირად მოყვება ზედმეტად მკაცრი ზომები და ბავშვის აღზრდა „გაწვრთნას“ ემსგავსება. ან თავს იჩენს მეორე უკიდურესობა, ბავშვი ხდება დომინანტი ზედმეტად მიმნდობ მშობელთან მიმართებით და შედეგად ვიღებთ მოზარდის ქაოტურ, უდისციპლინო ქცევას, რომელსაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმკაცრე და ზედმეტად რბილი: „რაც გინდა ის ქენი“ აღზრდა, ფსიქოლოგიური ძალადობაა. როდესაც ბავშვი ხშირად იღებს შენიშვნებს, დირექტივებს, მის ნაცვლად უფროსები წყვეტენ, რა მოსწონს ან რა არ მოსწონს მას, არ რთავენ მას მსჯელობაში, მისი ინიციატივა მუდმივად „დაბლოკილია“ და ხშირად ადარებენ სხვებს, ეს ნიშნავს, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობა ხორციელდება. გაწვთნისკენ მიმართული აღზრდა მოზარდს მექანიკური, გაუაზრებელი ქცევისკენ უბიძგებს, აგრესორის ან მსხვერპლის როლში ამყოფებს და მოწყვლად ფსიქიკას უვითარებს მას. მუდმივი შენიშვნა, და დანაშაულის განცდა ბავშვს დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს, რაც თავისთავად საფუძველს უყრის ადიქტურ ქცევას, ანუ ქცევას, რომელიც მიდრეკილია ნარკომანიისკენ, სხვადასხვა ჩაგვისაკენ და ა. შ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ემოციების სწორი განვითარება. საკუთარი განცდების სწორად სახელდება და მისი გამოხატვა ჯანსაღი ფსიქიკის ერთ-ერთი საფუძველია. ამ უნარის განვითარება, ზნეობრივ აღზრდასთან ერთად, იმ გარემოში იწყება, სადაც ბავშვი იბადება და იზრდება. შესაბამისად, თავდაპირველი ემოციების ფორმირებაც ოჯახში ხდება. უპირველესად, პატარას უფროსებისგან ემოციური თანადგომა სჭირდება, რათა იგრძნოს, რომ მისი ესმით და ეხმარებიან სირთულეების გადალახვაში. ამგვარი მშობელი ავტორიტეტი ხდება შვილისთვის, ნდობასაც მარტივად იმსახურებს და მათ შორის ჯანსაღი ემოციური ურთიერთობა ყალიბდება. მშობელი ყოველ ნაბიჯზე უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი შესაბამისი ჩართულობით ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ხარისხის ამაღლებას, ქცევის მოდელირებასა და ფსიქო-ემოციური ნაწილის ჩამოყალიბებას. მშობლის თანადგომით ბავშვი შეიცნობს საკუთარ სამყაროს, რაც სწორი ფსიქოლოგიური განვითარების საფუძველს ქმნის და ფსიქოსომატურ და სოციალურ ურთიერთობებშიც აისახება.

ამდენად, ბავშვის აღზრდაში უმთავრესი მისი თვითშეფასების სწორი აღქმაა. როცა პრევენციაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი მუდმივად გრძნობდეს უპირობო სიყვარულს (რაღაცის გამო არ უნდა ვეფიცებოდეთ სიყვარულს) და თანადგომას უფროსებისაგან. აუცილებელია დავეხმაროთ რესურსების აღმოჩენასა და რეალიზებაში, რათა აუმაღლდეთ განვითარებისთვის საჭირო შინაგანი მოტივაცია. თუ მოზარდი პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი თავის მიმართ, მაშინ თანაგრძნობით ეკიდება სხვის მდგომარეობასაც. ის ხდება თავდაჯერებული და რეალიზებული. სოციუმში ადაპტირებულ ბავშვს კი ჯანსაღი სხეული და ხმის ტემბრი აქვს. არ დადის მოხრილი და შეშინებული, არც ხმა უკანკალებს საუბრის დროს, რაც ერთგვარი პრევენციაა მსხვერპლის როლისგან თავის ასარიდებლად.

იმისათვის, რომ ბავშვი იყოს ლაღი, ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება და ემპათიის უნარი, მასთან ურთიერთობისას, ოჯახშიც და სკოლაშიც, აუცილებელია მუდმივი დიალოგი. მნიშვნელოვანია მოზარდს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად, მიუხედავად იმასა, სწორს ამბობს თუ არა. საინტერესო, ასაკობრივად აქტუალური საკითხების განხილვა მოზარდს ეხმარება ანალიტიკურ აზროვნებას განვთარებში, რაც მას საშუალებას აძლევს პრობლემის მოგვარების მთავარ სტრატეგიად მსჯელობა და ანალიზის უნარი აირჩიოს.

ამგვარად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ბავშვი აღვზარდოთ ისეთ პიროვნებად, რომელსაც უყვარს სამყარო, შესწევს ანალიტიკური აზროვნების უნარი და გააჩნია თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი