მთავარი » საზოგადოება

მშობელს შვილზე მეურვეობა კანონის საფუძველზე დაეკისრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.10.2011 7 კომენტარი | 4,645 ნახვა

“ახალი კანონი სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენცია იქნება…”

ბავშვიარასამთავრობო ორგანიზაციამ “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო კოდექსში ცვლილებას ითვალისწინებს და გულისხმობს დნმ-ის ანალიზით იძულების წესით მამობის დადგენას, რომლის მიხედვითაც მშობელს ბავშვზე მეურვეობა დაეკისრება.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი გახლავთ.
აღნიშნული პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მიიღებენ.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი:

“კანონი, რომელიც ითვალისწინებს იძულების წესით მამობის დადგენას, ძალადობისგან დაცვის ორგანიზაციის ქსელის ფარგლებშია შემუშავებული, თუმცა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კანონპროქტი შემუშავებულია ექსპერტთა დიდი ჯგუფის მიერ. იგი დაფუძნებულია იმ მოთხოვნაზე,რაც დღეს საზოგადოებას აქვს, ვინაიდან ქალი, რომელსაც ჰყავს არაკანონიერად გაჩენილი შვილი, და მასთან ერთად ბავშვიც, დისკრიმინაციას განიცდის.

სამართლებრივი, ფსიქოლოგიური, მორალური, ეკონომიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ქალზეა, რომელმაც ბავშვი გააჩინა და მამა, რომელიც არ აღიარებს შვილს, არანაირ ვალდებულებას ბავშვის მიმართ არ იღებს.

ჩვენი მიზანი, კანონპროექტთან მიმართებაში, გახლავთ ის, რომ დაეკისროს თანაბარი ვალდებულება, პასუხისმგებლობა როგორც დედას, ასევე მამას. მამამაც აიღოს, გადაინაწილოს პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ.

კანონიარსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მამა არ აღიარებს ბავშვს, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მას ვერ აიძულებს კანონი, მომჩივანის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, გაიკეთოს დნმ-ის ანალიზი, ამის საფუძველზე დადგინდეს მამობა და დადგეს მისი პასუხიმგებლობის საკითხი შვილის მიმართ.

2000-2009 წლების მონაცემებით, სამშობიაროდან დედის გვარზე გამოყვანილი 20 000-მდე ბავშვია რეგისტრირებული და მათი დაბადების მოწმობების გრაფა, სადაც მამა უნდა იყოს დაფიქსირებული – ცარიელი. თუმცა ბავშვს უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის მამა და ბუნებრივია, მამა ვალდებულია, აღასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ქორწინებაში მყოფ მამებს აქვს შვილების მიმართ.
ეს 20 000 ბავშვი ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება უფლების თვალსაზრისითაც, ვინაიდან არც მემკვიდრეები არიან მამის ქონებისა და არანაირი ეკონომიკური დახმარება მშობლის მხრიდან არ გააჩნიათ.

ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ქალსა და კაცს თანაბარი ვალდებულება უნდა გააჩნდეს იმ შვილის მიმართ, რომელიც ერთობლივი ურთიერთობითაა გაჩენილი.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და კომიტეტებში განხილვაზეა წარდგენილი. ვვარაუდობთ, რომ საშემოდგომო სესიაზე ამ კანონს მიიღებენ. კანონი მიღებიდან ორ თვეში შედის ძალაში.
პრაქტიკულად, წელს ან მომავალი წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი აღნიშნულ კანონს ცნობს.

კანონზე მუშაობის პროცესში შეისწავლეს ევროპული გამოცდილება (გერმანიის, შეერთებული შტატების), სადაც დნმ-ის ანალიზი გახლავთ პრაქტიკაში. ეს ანალიზი ერთ-ერთი სერიოზული მტკიცებულებაა. იმ შემთხვევაში, თუ მამა იტყვის უარს დნმ-ის ანალიზზე, ავტომატურ რეჟიმში ითვლება, რომ ის მამაა და ბუნებრივია, ყველა პროცედურა ამის მიხედვით ხორციელდება.

გარდა იმისა, რომ ბავშვი ალიმენტს მიიღებს, ისეთივე უფლებების მატარებელი იქნება, როგორიც ქორწინებაში მყოფი ადამიანის შვილებს გააჩნიათ. მიეცემათ მემკვიდრეობა ქონებაზე.
ალიმენტის მინიმალური ზღვარი დადგენილია, თუმცა თუ ადამიანი წარმატებულია და აქვს შემოსავალი, რაოდენობა მისი ხელფასიდან გამომდინარე დადგინდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დნმ-ის ფინანსური უზრუნველყოფა მამას მხოლოდ მაშინ დაეკისრება, თუ დამტკიცდება მისი მამობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – მომჩივან მხარეს. სოციალურად დაუცველი ფენისათვის კი ხარჯს სახელმწიფო გაიღებს.
ამ დროს უპირატესი ბავშვის უფლება და ინტერესი გახლავთ.

აღნიშნული კანონპროექტი, ფაქტობრივად, პრევენცია იქნება სისხლის სამართლის დანაშაულისა, რომელსაც სასოწარკვეთილებაში მყოფი ქალები სჩადიან, რადგან როცა იციან, მხოლოდ ისინი არიან პასუხისმგებელნი ბავშვის მიმართ, უჩნდებათ შიში და აქედან გამომდინარე, ტოვებენ შვილს, იკეთებენ აბორტებს, კლავენ ბავშვებს, რადგან უკანონო ბავშვის გაჩენა ძალიან რთულია დღევანდელ დღეს ამ ეკონომიკურ ფონზე და, მითუმეტეს, საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო. ამიტომაც ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ასეთ რადიკალურ ზომებს ღებულობენ.

ქალები, რომლებიც არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად აჩენენ შვილებს, უარყოფილები არიან არამარტო თავიანთი პარტნიორების, არამედ ოჯახების მხრიდანაც და საზოგადოებაში განკითხვისა და გაკიცხვის საგნები ხდებიან.

ალიმენტი შესაძლოა ძალიან მიზერული იყოს და მატერიალურად არაფერში წაადგეს ქალსა და ბავშვს, თუმცა მორალური ზარალი და კომპენსაცია მაინც ანაზღაურებული იქნება იმ უარყოფისა და დამცირების ფასად, რაც ამ ადამიანებმა გაიარეს”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი