მთავარი » ქრისტიანობა

მრწამსი – სიმბოლო სარწმუნოებისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2020 | 115 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში, რომელიც საბოლოო ფორმით წმინდა მამებმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაადგინეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ უცვლელად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში. მასში 12 მუხლია (წევრია), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს:

„მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხორებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა.

და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა.

და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.და სულიწმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ.

ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხორებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ“.

მრწამსი, სარწმუნოების აღსარება (აღიარება), ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე, შეჯამებული გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ლოცვებში, სხვა ლოცვებთან ერთად, მრწამსს ყოველდღიურად წარმოვთქვამთ. ფაქტობრივად, ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა. რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა? იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიცა და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი.

სარწმუნოების სიმბოლო მოციქულთა ეპოქაშივე შეიქმნა და მას შემდეგ ყოველთვის არსებობდა რამდენადმე განსხვავებული ვარიაცებით. თუმცა ტერმინოლოგიურად მისი საბოლოო სახით განსაზღვრა და ფიქსაცია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ (ნიკეა, †325 წ.) და მეორე (კონსტანტინოპოლი, †381 წ.) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაკლდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში, საუკუნეების შემდეგ „კათოლიკებმა“ შეცვალეს მრწამსის მე-8 მუხლი (მათი სწავლებით სულიწმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან“) და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილ იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან ნებისმიერ მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებაში ცვლილებების შეტანა არის ერესი – მწვალებლობა. ქართული სახელწოდება „მრწამსი“ მომდინარეობს პირველი სიტყვიდან:

„მრწამს ერთი ღმერთი“. ეს პირველი სიტყვა იქნა აღებული განზოგადოებულ სათაურად ამ მოკლე ტექსტისა. მას ასევე ეწოდება „სიმბოლო სარწმუნოებისა“ და „აღსარება (აღიარება) სარწმუნოებისა“. სხვა ენებში იგი სწორედ ასეა გადმოცემული (მაგ. ბერძ. Symvolon, ლათ. Symbolum, რუს. Символ Веры).

სიტყვა „სიმბოლო“ ბერძნული წარმომავლობისაა და ქართულად ნიშნავს იმას, „რაც აერთიანებს, კრებს, აკავშირებს“. კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას „შეიცავს“, რომელიც ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვისაა აუცილებელი.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მრწამსი ითქმება არა მარტო დილის ლოცვებში, არამედ წირვაზეც, რითაც ეკლესია მრწამსის მნიშვნელობას გვახსენებს. მრწამსი წარმოითქმის ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროსაც. ნათლობისას კათაკმეველი (მოუნათლავი, მართლმადიდებლური წესით მოსანათლად გამზადებული) ვალდებულია, წარმოთქვას მრწამსი. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება და აღიარებს ყოველ სწავლებას, რაც მრწამსშია გადმოცემული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მრწამსს, რომლის ცოდნა, და არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სწორად გაცნობიერება და აღიარება, ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. ადამიანმა უნდა დაადასტუროს, რომ ღმერთი სწამს სწორედ ამგვარად და არა სხვანაირად. მართალია, შეიძლება ადამიანს გულში ჰქონდეს ეს რწმენა, მაგრამ აუცილებელია ასევე, რომ მას თავისი სარწმუნოების სიტყვითა და საქმით აღიარებისაც არ შერცხვეს ადამიანთა წინაშე და სწორად შეეძლოს ამ სწავლების გადმოცემა.

როდესაც ადამიანს რცხვენია სარწმუნოების აღიარებისა, ეს ნიშნავს, რომ მას რცხვენია ამ სარწმუნოების მომცემი უფლისა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უფლისგან წყალობას არ უნდა ველოდოთ. ვინც უარყოფს უფალს კაცთა წინაშე, იგი უარყოფილი იქნება ღვთის წინაშე იმქვეყნიური სამსჯავროს დროს (შდრ. მათ. 10, 33).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი