მთავარი » ეკლესია-მონასტრები

მღვიმევის დედათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2011 14 კომენტარი | 20,505 ნახვა

მღვიმევის დედათა მონასტერიXIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი – მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესავალში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია, ხოლო წინათ იგი გრძელდებოდა დასავლეთით და სპეციალურ მისასვლელს წარმოადგენდა მწკრივად განლაგებულ გამოქვაბულამდე.

მთავარი გამოქვაბული 35 მ–ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20–22 მ–ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

ჩრდილოეთით მდებარე ნავი უფრო ვიწროა და სამხრეთის განიერ ნავს ორთაღოვანი გამოსასვლელით უერთდება. მათ შორის აღმართულია საყრდენი ბოძი. მის ჭერს ქმნის თვით გამოქვაბულის თაღი, ხოლო კედლები ქვითკირითაა ნაგები და მოპირკეთებულია გათლილი ქვით. კედლის გარემოჩუქურთმება შესრულებულია კლასიკური ქართული ორნამენტებით, რომელიც მნახველის დიდ ყურადღებას იქცევს. ბაზილიკას ორი კარი აქვს – სამხრეთისა და დასავლეთის. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დასავლეთის კარი, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს თბილისში იქნა გადმოტანილი და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება. კარი ძელქვისგანაა დამზადებული და ორი ნახევრისგან შედგება.

მღვიმევის დედათა მონასტერი

თითოეული ნახევრის ირგვლივ ზემოდან დამაგრებული თამასა ვაზისაგან უნდა იყოს გაკეთებული. კარი ხეზე ამოკვეთილი რელიეფური ქართული ორნამენტის იშვიათი ნიმუშია. მკვლევართა აზრით, ეს კარები დამზადებულია XI ს-ში ადგილობრივი ხელოსნების მიერ.

ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები – ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე – რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი – რატი კახაბერიძე.

გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.

რამეთუ შეუძლებელი იქნებოდა მისი კედლების დანახვა მომხდური მტრისათვის: ,,ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი, გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი, ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა,“- წერს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, ტ IV).

ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ მურვან ყრუსა და თემურ-ლენგის მებრძოლები ასეთ მიუვალ სახაზრებში მოწნული კალათებით ცდილობდნენ შეღწევას,რომელთა მოგერიებას ახერხებდნენ შეხიზნულები. ჭიათურის კლდოვან ქვაბულებში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია როგორც ისრის ბუნიკები, ასევე ცეცხლის კვალიც, რაც ბრძოლის ამ მეთოდებზე მიუთითებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს და დარწმუნდება ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებში, თუ ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე მიმავალი კლდეებს დააკვირდება, სადაც მრავლად არის გამოქვაბულები, რომელთა უმეტესობას ხელით ნაშენის კვალი ეტყობა, განსაკუთრებით კი მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მონასტერში, რომელიც თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, ამჟამად 10 მორჩილი ცხოვრობს, მათგან 4 კი მონაზონია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი