მღვდელმოწამე გაბრიელ მცირე (+1802)
ახ. სტილით 30 მარტი
მღდელმოწამე გაბრიელ მცირე დაიბადა დაახლოებით 1745-1755 წლებში. “ესე ნეტარი გაბრიელი იყო მცხოვრები თფილისით მოქალაქეთაგანი და ხელოვნებითა მკერავი, რომელმან დაუტევა ღმრთისა სიყვარულისათვის სახლი, დედა და ძმანი და მეგობარნი თვისნი და ყოველი მონაგები და წარვიდა მონასტერსა და აღიკვეცა და იქმნა მონაზონ”.
ღირსი გაბრიელი დაახლოებით 1772-1773 წლებში აღიკვეცა მონაზვნად გარეჯას მრავალმთის წმიდა იოვანე ნათლისმცემლის მონასტერში და იქ მოღვაწეობდა მოწამეობრივ აღსასრულამდე.”ისწავლნა საღმრთონი წერილნი შეწევნითა და ნიჭითა სულისა წმიდისაითა და ფრიად ღუაწლსა და მარხვასა შინა, რომელსაცა სათნოებანი არცღა თუ რიცხვითა შესაძლებელ არს აღწერად”. ცნობილია რომ მან “იმარხვა ორმეოცი დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმიდისა ანტონის მარტყოფის მონასტრისა”.
გაბრიელ მცირემ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორიაში, მას როგორც საუკეთესო კალიგრაფს მრავალი ხელნაწერი აქვს გადაწერილი, შედგენილი აქვს სხვადასხვა წმიდა მამათა გამონათქვამების კრებული: “გვირგვინი”, “სამოთხის ყვავილი”, “სამასეული”, “`ოქროს წყარო”, “კლიტე”, “`სუფევა”, “`მანანა”… შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებებიც, მათ შორის:
1) მღდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოველსავე მღდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს;
2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;
3)სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყუარეთანი;
4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პორფირისათვის. მისი ძირითადი შრომები გაერთიანებულია კრებულში “ჯვართშემოსილი”.
მიუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა. ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩავიდა. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. გაბრიელი თან გაჰყვა დიაკონს ” ხოლო წარსრულნი მუნით, მივიდენ მრავალწყაროსა ხევსა შინა და მუნ დახვდნენ ლეკთა მხედრობანი; ხოლო ესე წმიდაი მამაი მათ მიერ მოიკლა და შეირაცხა იგი რიცხვსა წმიდათა მღდელმოწამეთასა… ხოლო გუამი ნეტარისა მამისა მის მოიღეს ძმათა მის მონასტერისათა და დაფლეს მუნვე მონასტერსა შინა, რომლისაცა სუფევს ქრისტეს ღმრთისა თანა და მეოხ არს სულთა ჩუენთათვის”.
გაბრიელის ზეწოდება: “მცირე” აღებულია მისი ერთ-ერთი წერილიდან რუსთველ-ნინოწმიდელი მიტროპოლიტ სტეფანესადმი, სადაც ის თავის თავს გაბრიელ მცირედ მოიხსენიებს.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.