მთავარი » ქრისტიანობა

“მღვდელი ჩვენი კეთილი მრჩეველი და მეგობარია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2010 5 კომენტარი | 4,599 ნახვა

მოძღვარიქრისტიანობაში სულ შვიდი საეკლესიო საიდუმლოებაა, ერთერთი მღვდლობის საიდუმლოა, რომლითაც იკურთხებიან განსაკუთრებული ცხოვრების გზის არჩევისას.

მღვდლობის საიდუმლო სრულდება იმ ადამიანზე, რომელიც მღვდელმსახური ხდება და იღებს განსაკუთრებულ მადლს. ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ადამიანები სულიწმინდის მატარებლები არიან და მათზე ის მადლია გადმოსული, რომელიც მოციქულებს სულთმოფენობისას ცეცხლის ენების სახით ხილულად დაადგათ თავზე.

ამბიონი” ესაუბრება მამა კონსტანტინე გიორგაძეს (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):

რას ნიშნავს მღვდლობის საიდუმლო?

ეკლესიაში უფლის განგებით შვიდი საიდუმლოა დადგენილი: ნათლიღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ქორწინება, ზეთის კურთხევა, მღვდლობა. აქედან ექვსში ყველა ადამიანს შუძლია მიიღოს მონაწილეობა, მღვდლობის საიდუმლოს კი უფლის განგებით გამორჩეული ადამიანები მიეახლებიან.

შვიდი საიდუმლოდან მღვდლობის საიდუმლო უდიდესი ძალის მატარებელი მადლია, რომელიც ეპისკოპოსის ხელდასხმით (ქიროტონიით) გადმოდის ადამიანზე. თავდაპირველად ეპისკოპოსის მიერ ეკლესიის წიაღში გამორჩეულ პიროვნებას ჯერ ხელი ესხმევა დიაკვნად, შემდგომ კი მღვდლად. ეტიმოლოგიურად სიტყვა მღვდლის ფუძე “მღაღადებელიდან” არის წარმოებული.

გვესაუბრეთ სამღვდელო იერარქიაზე…

სასულიერო იერარქიაში სამი ხელდასხმა, სამი ხარისხი ანუ სამი საფეხური არსებობს: დიაკვნობა, მღვდლობა და ეპისკოპოსობა.

მღვდელსაც და დიაკონსაც აკურთხებს ეპისკოპოსი. ეპისკოპოსობა არის ხელდასხმის უმაღლესი ხარისხი და იერარქიულად ყველაზე მაღალი საფეხურია.

ეპისკოპოსად ხელდასხმაში რამდენიმე ეპისკოპოსი მონაწილეობს. ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია ხელი დაასხას მღვდელს ეპისკოპოსად. ეპისკოპოსად კურთხევა საქართველოში მხოლოდ სვეტიცხოველში ხდება.

სჯულის კანონში მითითებულია თითოეული სასულიერო ხარისხისათვის აუცილებელი ასაკი: არ შეიძლება დიაკვნად ხელდასხმა ოცდახუთი წლის ასაკამდე, მღვდლად – ოცდაათისა, ეპისკოპოსად კი – ოცდათხუთმეტ წლამდე, თუმცა მითითებულია აუცილებლობიდან გამომდინარე იშვიათი გამონაკლისების დაშვება.

რისთვის გვჭირდება მოძღვარი?

მღვდლად კურთხევის დროს მოძღვარს უფლის მიერ ენიჭება მღვდელმოქმედების უნარი, საიდუმლოებების აღსრულების უფლება, რომლის შესრულება არ შეუძლია არც ერთ ერის კაცს, იგი ნათლავს, ჯვარს წერს, აღსარებას იბარებს, აზიარებს, წესს აგებს და ა.შ. რომელთა გარეშეც გადარჩენა შეუძლებელია. პატიოსანი მოძღვარი სიყვარულით მოძღვრავს საკუთარ სამწყსოს და წინ მიუძღვის გადარჩენის ვიწრო და ეკლიან გზაზე. მოძღვარი გვჭირდება იმისთვის, რომ არ შევცდეთ და არ მივენდოთ იმ აზრებს, რომლებიც უმეტესად ბოროტის მიერ მოგვეწოდება და ჩვენი საკუთარი გვგონია; რომ არ შევცდეთ და გავებათ ათასგვარ მახეში, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა დაგებული; რომ მოუმზადებლად, აღსარების და ზიარების გარეშე არ გარდავიცვალოთ და ჯოჯოხეთი არ დავიმკვიდროთ. მღვდელი უნდა იყოს კეთილი მრჩეველი და მეგობარი.

რამდენად მძიმე ჯვარია მღვდლობა?

მღვდლობა მძიმე ჯვარი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამიტომაც გონიერი, წმინდა ადამიანები, თავიანთი თავმდაბლობიდან გამომდინარე, არ მიილტვოდნენ მღვდლობისაკენ, პირიქით, ისინი გაურბოდნენ და ერიდებოდნენ მას. რომ არა უფლის მოწყალება და სიყვარული, ვერც ერთი მღვდელი ვერ შეძლებდა ამ უდიდესი ჯვრის ტარებას.

ხელდასმის შემდეგ რატომ აღარ შეუძლია მღვდელს დაქორწინება?

სჯულის კანონის თანახმად მღვდელი უნდა იყოს ერთი ქალის ქმარი. ადამიანს, რომელიც იყო მეორე ქორწინებაში მას არ აქვს უფლება გახდეს სასულიერო პირი (ეს არ ეხება ბერობას). თუ მღვდელი რაიმე მიზეზით გაეყარა ცოლს, ან გარდაეცვალა მეუღლე, მას არ აქვს მეორედ ქორწინების უფლება.

რას ნიშნავს შავი და თეთრი სამღვდელოება და რა განსხვავებაა მათ შორის?

თეთრი სამღვდელოება – ეს ნიშნავს, როდესაც მღვდელს ჰყავს მეუღლე (ოჯახი), ასეთები შეიძლება იყვნენ დიაკვნებიც. ეპისკოპოსი აუცილებლად ბერი უნდა იყოს.

შავი სამღვდელოება – ესენი არიან ბერად აღკვეცილი ადამიანები სასულიერო ხარისხამდე ან ხარისხის მინიჭების შემდეგ. მღვდელმოქმედების შესრულება ერთნაერად შეუძლიათ, როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების წარმომადგენლებს.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი