მთავარი » ქრისტიანობა

მრავლისმეტყველებით სულიწმიდის მადლს ვკარგავთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2011 7 კომენტარი | 5,241 ნახვა

,,შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ’’,წმ. თეოფანე დაყუდებული

როგორ უნდა საუბრობდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, სადამდე მიჰყავს ადამიანი უქმადმეტყველებას, როგორ დავაღწიოთ თავი მრავლისმეტყველების ცოდვას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,

მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე:

,,იმისათვის, რომ ადამიანის სულზე ნებისმიერი სახის ცოდვის ზემოქმედება წარმოვაჩინოთ, ეს ყველაფერი სულის ცხონების მიზანთან მიმართებაში უნდა წარმოვიდგინოთ. რადგან, თუ ცოდვას პიროვნების მიზანს დავაშორებთ, მაშინ მისი მნიშვნელობაც გაუთვითცნობიერებელი გახდება. ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი სულის ცხონებაა, მაგრამ ამაში უნდა მოვიაზროთ პროცესი, რომელიც აქვე, ღვთის მადლის მოძიებით იწყება.

წმიდა წერილში წმიდა მამების მიერ მრავლად გვაქვს სწავლება ამაოდმეტყველებისა და მრავლისმეტყველების შესახებ. ადამიანი იმ სიტყვებითვე იქნება განსჯილი, რომლებიც მას წარმოუთქვამს. თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი ნათქვამი მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაიაზროს, რომ ეს მაცხოვრის მოწოდებაა. ცხადია, წმიდა წერილში გადმოცემული უფლის სიტყვები აუცილებელად უნდა აღსრულდეს, მაგრამ ეს მექანიკურად არ უნდა მოხდეს, რადგან ამგვარად ვერც რომელიმე ცოდვას დავაღწევთ თავს და ვერც რომელიმე სათნოებაში გვექნება წარმატება.

თუკი უფლის ნათქვამს შინაარსობრივად გადმოვცეთ, გამოდის, რომ სიტყვებზე დიდად ყოფილა დამოკიდებული ჩვენი სამომავლო, მარადიული მდგომარეობა. მართლაც, თითოეული სიტყვა, რომელსაც ვამბობთ, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა და ამასთანავე, უპირველესი საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის. ჩვენ კი თითოეული წარმოთქმული სიტყვით როგორც დიდი ზიანის მიყენება, ასევე დიდი სარგებელის მინიჭება შეგვიძლია.

ადამიანი რთული არსებაა. მას დიდი სიბრძნე და გონიერება ჰმართებს, რათა საუბარი სხვისთვის სასარგებლოდ წარმართოს. მაცხოვარი მკაცრად გვაფრთხილებს, ამაოდ, მრავლად არ ვისაუბროთ, არ დავუშვათ შეცდომა ჩვენს აზროვნებაში და პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობაში, არ დავაბრკოლოთ, არ ვაცდუნოთ და გული არ ვატკინოთ სხვას.

წმიდა წერილში კიდევ ბევრ ადგილას გვხვდება მრავალმეტყველებასთან დაკავშირებული მითითებები. მაგალითად, წმინდა იაკობ მოციქული დაწვრილებით განმარტავს სიტყვის ძალას. მისი თქმით, ენა ყველაზე მცირე რამ არის, მაგრამ მთელ ადამიანს მართავს ისევე, როგორც გემი იმართება საჭის საშუალებით. ენა იგივე ალია და როგორც პატარა ცეცხლის ალს მთლიანი ტყის დაწვა შეუძლია, ასევე ენას – სულიერად მთლიანად გამოფიტვა.

წმიდა მამები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ ბევრი საუბარი – ეს არის მიზეზი სულიწმიდის მადლისგან დაცლისა. მათი სწავლება საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ის, რომ ცოტა უნდა ვისაუბროთ, მხოლოდ მშრალ ცოდნად არ უნდა გვექცეს. უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვენს გამოცდილებადაც იქცეს. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ზიანს გვაყენებს მრავლისმეტყველება, უნდა გვქონდეს მადლი ღვთისა, რომელიც თავის მხრივ სულიერი ცხოვრების შედეგად შეიძინება. ამის შედეგად, წმიდა მამათა საერთო მოწოდება, რომ მრავლისმეტყველებით გვეკარგება მადლი ღვთისა, ნათელი არა მარტო გონებისთვის გახდება, არამედ – გულისთვისაც – მადლის სავანესთვისაც. ადამიანის მხრიდან კონკრეტული ცოდვის სიმძიმის აღქმა და გაცნობიერება გულით ხდება, გულით განცდამდე კი – ეკლესიის ავტორიტეტისა და მაცხოვრისადმი მცნებებისადმი მინდობის ხარისხით. თუ ყოველივე ეს პიროვნებამ ვერ გაითავისა, მხოლოდ გარეგნულ ქრისტიანად დარჩება.

მრავლისმეტყველებას ზოგჯერ შეიძლება ცოდვის დატვირთვა არ ჰქონდეს და ადამიანთა სარგებელზე იყოს ორიენტირებული. ასეთი შემთხვევები ნაკლებია და უმეტესად სასულიერო პირის ან გამოცდილი ქრისტიანის ცხოვრებაში შეიძლება ხდებოდეს. თუმცა აქაც გაცნობიერებული უნდა იყოს მის მიერ, ვის რამდენი ესაუბროს.

წმიდა მამების სწავლებით ვიცით, რომ მდუმარება არის ოქრო. მდუმარე ადამიანი თავის თავშია ჩაფიქრებული, ცოდვებზე ფიქრში დაკავებული, ნაკლებად აძლევს თავს იმის საშუალებას, რომ სხვას ზიანი მიაყენოს, განსაჯოს და ა.შ. მრავლისმეტყველი კი მრავალი ცოდვის მონაწილე ხდება. ცდილობს, გაალამაზოს თავისი საუბარი, რის გამოც სიცრუის თქმასაც არ ერიდება. ადვილად განიკითხავს ადამიანს, ეკარგება კონტროლის მექანიზმი და ორიენტირებული ხდება იმაზე, თუ საუბრის შედეგად რა შთაბეჭდილებას მოახდენს პიროვნებაზე. ამას მოჰყვება პატივმოყვარეობა, რაც ამპარტავნებაში გადაიზრდება. ადამიანი ადვილად ამყოლია დაცინვაში, განკითხვაში, ბილწსიტყვაობაში. შეიძლება სხვათა შეურაცხყოფამდე და ღვთის გმობამდეც მივიდეთ. მრავლისმეტყველება დიდი საცდურია და ხელს გვიშლის სულიწმიდის მადლის შენარჩუნებაში.

მამაო, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ფუჭი საუბრის მომსწრენი ვხდებით?

როდესაც არაჯანსაღ გარემოში ვხვდებით, სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ამ ადამიანებისთვის არ გავხდეთ ამაოდმეტყველების ცოდვაში ჩავარდნის დამატებითი მიზეზი. არც მდუმარებით უნდა დავაბრკოლოთ ვინმე. პირიქით, უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე და სულიერი სიხარული მოვფინოთ სხვასაც. ეს უნდა იქცეს ქრისტიანი ადამიანის ბუნებად, რაც მადლის მოპოვებით არის შესაძლებელი. მადლის მოპოვებას დიდი დრო, შრომა და გამოცდილება სჭირდება. ჩვენ, როგორც ეკლესიის წიაღში მყოფნი, თუ ამ ადამიანებთან ურთიერთობას შევწყვიტავთ და იზოლაციას მოვახდენთ, უკმაყოფილების გრძნობით განვაწყობთ მათ. მაგრამ თუ ვერ ვახერხებთ ასეთ გარემოში სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას, მაშინ უნდა შევეცადოთ, ნაკლებად დავამყაროთ ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან. თუმცა საბოლოო ზურგის შექცევა მაინც არ იქნება გამართლებული.

თუ შეიძლება მრისხანებისას საუბარი? როგორ შევინარჩუნოთ ამ დროს სულიერი სიმშვიდე?

მრისხანე კაცმა სიმართლე ღვთისა არა ქმნისო, – წერია წმიდა წერილში. ვეცადოთ გაღიზიანებისას, როცა ვმრისხანებთ და ვშფოთავთ ჩვენი აზრი ნაკლებად გამოვხატოთ. სჯობს დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და საღ გონებაზე გამოვთქვათ შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, მრისხანება გვახასიათებს ადამიანებს და რთულია ამ ვნებასთან ბრძოლა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ცოდვაა, დანაშაულია უფლის წინაშე. ჩვენი მრისხანებით და ამავდროულად, მრავლისმეტყველებით ვაბრკოლებთ ადამიანს. მაცხოვარი კი გვეუბნება, იმაზე დიდი ცოდვა არ არსებობს, ვიდრე ერთი უმცირესთაგანი დააბრკოლოთო.

სიმშვიდის უმთავრესი საშუალება ლოცვაა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვლოცულობდეთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი გარემოებაა რომ, არ გვაქვს მარტოდ ყოფნის საშუალება, რაც ძალიან ხელისშემშლელია ლოცვისთვის და არც სულიერი მდგომარეობა გაგვაჩნია ისეთი, რომ ასეთ პირობებში შევძლოთ გულისხმიერი ლოცვა. თუმცა, ქრისტიანი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ღვთის მადლს მუდამ გულით დაატარებდეს, რაც მხოლოდ ლოცვით არის შესაძლებელი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ნათია says:

    ძალიან დიდი მადლობა! რა კარგი და საინტერესო სტატიაა!დამაფიქრებელი…

  • თინათინი says:

    მე ვფიქრობ მრავლისმეტყველება თანამედროვე საზოგადოების სენია, ქმედებაში, გვაკლია სიბრძნე და სწავლება,ამ ცოდნას გვაძლევს ეს სტატია,მადლობა ამისთვის

  • სერგი says:

    გაიხარეთ!
    ძალიან მომეწონა ეს სტატია, მართალია მდუმარება მადლის ერთ-ერთი ნიშანია

    როდესაც მადლი აქვს ადამიანს იმხელა სიღრმისეული აზროვენა შეუძლია რომ მზად არის მხოლოდ მოუსმინოს მოსაუბრეს…

  • ioseb says:

    madloba am statiistvis, tkveni jurnali bevr mavne chvevas damarcxebashi sheucyobs xels, tkven gaixaret da gazlierdit

  • თამარ says:

    ვინც იცის სიტყვას დიდი დატვირთვა აქვს ის ყოველთვის აანალიზებს მის თითოეულ სიტყვას და არასდროს წარმოთქვამს საწინააღმდეგო სიტყვას.

  • სოფიო says:

    დიდი მადლობა ძალიან გამიხარდა, ეს სტატია რომ წავიკითხე!

  • qetevani says:

    ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო სტატიისთვის…
    ინტენსიურად ვცდილობ თვალ-ყური ვადევნო ამ საზოგადოებრივ-რელიგიურ ინტერნეტჟურნალს და აქ გამოქვეყნებული მასალები გავაზიარო,რომ ჩემმა მეგობრებმაც ნახონ და წაიკითხონ…
    დიდი მადლობა,რომ არსებობთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი