მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ საკითხებზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2012 8 კომენტარი | 11,016 ნახვა

დღეს უამრავი კითხვა ჩნდება ამა თუ იმ რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით. მორწმუნეები ინტერესდებიან, როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში ისე, რომ მათი ეკლესიურად გამართლებული საქციელი გარშემომყოფებისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ გავრცელებული მოსაზრების მიმართ. დეკანოზი დავით დათუაშვილი ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი.

მამაო, უნდა გადავიწეროთ თუ არა პირჯვარი, როცა ტრანსპორტში ვართ და ეკლესიასთან გავივლით?

როცა ეკლესიასთან გავივლით, პირჯვარი აუცილებლად უნდა გადავიწეროთ. იყო ასეთი მიდგომა, რომ ადამიანმა უნდა გააჩეროს ავტომობილი, ჩამოვიდეს, პირჯვარი გადაიწეროს და ა.შ. მაგრამ, დავუშვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს პიროვნება, მაშინ, ბუნებრივია, ვერ გააჩერებს ავტობუსს და ვერ ჩამოვა. ამიტომ პირჯვარი აუცილებლად უნდა გადაიწეროს. რა ვუყოთ ავადმყოფს, რომელიც საწოლიდან ვერ დგება, არ უნდა გადაიწეროს პირჯვარი? პირჯვრის გადაწერა რაღაც გამორჩეული რიტუალის ჩატარებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ იესო ქრისტეს და ჩვენს თავს მაცხოვნებელ ჯვარს გადავსახავთ. მაცხოვნებელი ჯვრის გამოსახვა კი ყველა შემთხვევასა და სიტუაციაში შეიძლება.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქუჩაში რომელიმე სექტის წარმომადგენლები გაგვაჩერებენ და შეეცდებიან, თავს მოგვახვიონ თავიანთი ცრუ სწავლება?

სასურველია, ისეთი ცოდნა გაგვაჩნდეს, რომ სათანადო პასუხი გავცეთ და მათი სექტანტური სწავლება გავაბათილოთ, მაგრამ თუ ეს სწავლება არ გაგვაჩნია, მაშინ ჯობს, თავი ავარიდოთ და თუ ძალიან შეგვაწუხებენ, ვუთხრათ, რომ მიაკითხონ ეკლესიას და იქ შესაბამის პასუხს სასულიერო პირები გასცემენ.

მიცვალებულისთვის მომზადებული საკურთხი ეკლესიაში უნდა დავტოვოთ, თუ სახლში წავიღოთ?

ეს პიროვნების გადასაწყვეტია, რამე განსაკუთრებული წესი არ არსებობს. თუ მას აქვს სურვილი, რომ თავისი საკურთხი ეკლესიას შესწიროს, დატოვებს. შეიძლება წაიღოს და ვინმე გაჭირვებულს დაეხმაროს. ეს მორწმუნის სურვილზეა დამოკიდებული.

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სატანის ციფრთან – სამ ექვსიანთან?

როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ციფრებზე აყოლა არ შეიძლება. ასეთი ციფრების კომბინაცია ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ სატანა ზის და რაღაც უბედურება მოხდება. საუბარია იმაზე, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი არ მივიღოთ. ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი და ამის გამო ადამიანები არ უნდა დაბრკოლდნენ. ეს ციფრი იმიტომ კი არ არის იოანეს გამოცხადებაში, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ და ყოველდღიურად მასზე ვიფიქროთ, არამედ იმიტომ, რომ ფრთხილად ვიყოთ. თუმცა არც მისი სპეციალურად გამოსახვა შეიძლება.

ამბობენ, რომ მაისში ჯვრისწერა ცუდია…

ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. ამბობენ, რომ ვითომ ვარდმა თქვა, ეკალივით იქნება ცხოვრება იმ ადამიანისთვის, ვინც მაისში ჯვარს დაიწერსო, მაგრამ რჯულის კანონში არანაირი შეზღუდვა მაისში ქორწინებაზე არ წერია. ჯვრისწერა ყოველთვის შეიძლება, როცა მარხვა არ არის.

რატომ არის ცოდვა სერიალების ყურება?

სერიალების ყურებას იმიტომ კი არ ვკრძალავთ, რომ ზოგადად ფილმის ყურებას, ან რამე სანახაობას ვებრძვით, არამედ იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულებას იწვევს. ზოგი იმდენად არის ჩართული სერიალების ყურებაში, რომ რეალობა ავიწყდება. რაღაც დოზით, შეიძლება ითქვას, ადამიანი ზომბირდება, რადგან სერიალების გმირების ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, აზროვნებას. თანაც ხშირად სერიალებში გარყვნილი ცხოვრებაა ნაჩვენები და ამიტომ ქრისტიანმა არ უნდა უყუროს.

რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს იმ ტექნიკური სიახლეებისადმი, რაც დროსთან ერთად მოდის, უნდა მიიღოს თუ უარყოს?

ზოგჯერ ადამიანები რეალობას სწყდებიან და გარემო მოვლენებს ფანატიკურად უყურებენ. ასეთი ადამიანისთვის უკვე მთავარი ის კი აღარ არის, რომ მორწმუნე იყოს, ილოცოს, გული ღვთისადმი გახსნილი ჰქონდეს და უფალი მასში არსებობდეს, არამედ ის მის გარშემო ყოველგვარ ტექნიკურ სიახლესა და ცივილიზაციას უფრთხის და დამაბრკოლებლად მიიჩნევს. მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს ქართული გამოთქმა, რომ ერთი ხისგან თოხის ტარიც გამოვა და თოფისაცო. გააჩნია, რისთვის გამოიყენებ. ათონის მთაზე კომპიუტერი თითქმის ყველა მონასტერში აქვთ, მაგრამ მას კარგი საქმისათვის იყენებენ.

შეიძლება თუ არა ლოცვა ყველგან, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ლოცვა ყველგან შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში გარემო პირობები იმდენად დამაბრკოლებლად იმოქმედებს, ხელი შეგვეშლება და გონება გაგვეფანტება. უმჯობესია, ლოცვა მშვიდ გარემოში, დაწყნარებულად წავიკითხოთ, ისე, რომ ყურადღება არ გაგვეფანტოს.

ბოლო პერიოდში ვხედავთ ფოტოებს, რომ სამებაში ანგელოზი გამოისახა და მამა გაბრიელი გამოგვეცხადა, უნდა დავიჯეროთ თუ არა ეს და საერთოდ, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სასწაულების მიმართ?

მეც მაჩვენეს რამდენიმე კადრი გადაღებული, რომ თითქოს სამებაში ღვთისმშობელი, ანგელოზები მოჩანდა და ა.შ. მაგრამ ეს არის სინათლის თამაში. მე ადრე ფოტოჟურნალისტი ვიყავი და ვიცი, რომ თუ სინათლის ბლიკები ფოტოობიექტივს მოხვდება, ეს სხვადასხვა თეთრი გამოსახულებების მიღებას იწვევს. უფალმა სახარებაში დაგვიწერა, რომ მხოლოდ ბოროტი და მემრუშე ერი ეძიებს ნიშებსა და სასწაულებსო. სასწაულების დევნა არ შეიძლება. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია ხიბლის მდგომარეობაში ჩავარდნა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მან ანგელოზი ნახა, ან წმიდანი გამოეცხადა, ის საკუთარ ცოდვაზე აღარ ფიქრობს, თავი ზეაღმატებული ჰგონია და სინანული არ გააჩნია, ანუ ხიბლში ვარდება. უფლისკენ მიმავალ გზაზე კი მხოლოდ თავმდაბლობითა და ცოდვების მონანიებით შეიძლება ვიაროთ.

ზოგი ფიქრობს, რომ მთავარია ადამიანმა ზნეობრივად იცხოვროს და ეკლესიური ცხოვრება საჭირო აღარ არის…

ეს დიდი შეცდომაა. ზნეობრიობა ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, რომ ადამიანი დადებითი პიროვნება იყოს. თუ ის ეკლესიურად არ ცხოვრობს, ქრისტიანულ წესებს არ იცავს, თვითონ ვერასდროს მივა იმ საფეხურამდე, რომ ზიარების ღირსი გახდეს და უფლის თანაზიარი იყოს. და თუ ადამიანი უფლის თანაზიარი არ გახდა, როგორი მაღალი ზნეობრიობაც არ უნდა ჰქონდეს, საკმარისი არ იქნება ადამიანის სულიერი გადარჩენისათვის, რადგან გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ცოდვა მაინც გვემართება, ფიქრით, გონებითა თუ გულისხმისყოფით. ამიტომ მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებას შეუძლია ჩვენი სულიერი ხსნა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • ჩემი უსაყვარლესი მოძღვარი მამა დავითი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი მრევლს და მის ოჯახს

    • ia says:

      გმერტმა დალოცოს და ჯანმრტელობა მისცეს,ძალიან მიყვარს

      • თამილა says:

        ბარბალობის ღდესთან დაკავშირებით ვიყიდე პური..როდესას ეს პური მივირთვით დარჩა მხოლოდ პატარა ნაჯერი სულ რაღაც 3 ლუკმაღა დარჩა..სულ მაქვს პურის მიმართ სხვა გვარი დამოკიდებულება არ ვაგდებ ნაგავში ვაგროვებ და ბუნკერთან ვდებ ან კიდე პატარა ლუკმებს კოცნოთ ვაცილებ და პატიებას ვთხოვ რომ გადასაგდებათ ვიმეტებ….ეს ის შემთხვევა იო უნდა მეკოცნა და რას ვხედავ ჯვარია გამოსახული..პურის დირზე..მაინტერესევს რას ნიშნავს და როგორ უნდა მოვექქე ამ პურის ნაჭერს განმიმარტეთ რისი ნიშანი ეს ველაფერი..გელი ასუხს

    • ნათია ჩიტაშვილი says:

      ღმერთმა გაგაძლიეროთ! სულიერი სიმტკიცე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მოგმადლოთ უფალმა სამშობლოსა და თქვენი სულიერი შვილების სამსახურში…

  • soso says:

    სამი ექვსიანი არის თუ არა ანტიქრისტეს ბეჭედი?

  • თამარი says:

    ღმერთმა გაგაძლიეროთ მამაო.

  • mari says:

    Gmertma dalocos da gaadzlieros mama daviti…

  • ამირანი says:

    კარგი სწავლება არის. მადლობა მამა დავითს. დიდება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი