მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის განკითხვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2010 6 კომენტარი | 5,971 ნახვა

მოძღვრის განკითხვა ადამიანის გაუკუღმართებულ მდგომარეობაზე მეტყველებს

ამბიონი ესაუბრა მამა გიორგი სანამაშვილს (თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი).

მოძღვარირა არის მღვდლობა და საიდან იღებს იგი სათავეს?

მღვდლობა არის საიდუმლო – კანონიერად არჩეულ მორწმუნეს სული წმინდა, მღვდელმთავრის ხელდასხმით, დაადგენს მწყემსად ქრისტეს ეკლესიისა და მღვდელმოქმედების აღსასრულებლად. მოძღვარი წუთისოფელში მოღვაწე მაცხოვარს, უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს განასახიერებს.

თავად მაცხოვარმა გამოირჩია 12 მოციქული და საეკლესიო წესების შესრულების ხელმწიფება მისცა. იუდას, მიერ მაცხოვრის გაცემის შემდეგ, მოაკლდა მოციქულობის მადლი და მის მაგივრად მატათა იქნა არჩეული. მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტეს მადლმოსილ სწავლებას, რომელზეც წმინდა პავლე მოციქული ამბობს: “აწ, ღამე განგვეშორა და დღე შემოგვეახლა”. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ (სულთმოფენობა) მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება მრავალ ქვეყანაში და მსგავსად მაცხოვრის სიტყვებისა, აკურთხებდნენ მღვდელმთსახურთ.

მოძღვრობის სამი ხარისხი არსებობს: დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი.

რამდენად მძიმე ცოდვაა მოძღვრის განკითხვა?

რჯულმა კაცნი დაადგინა ღვთისმსახურების აღსასრულებლად, რომელთაც ბუნებრივია, აქვთ საკუთარი ადამიანური სისუსტეები. მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სამღვდელო მადლით არის გამორჩეული ერისკაცთაგან და შესაბამისად, მეტი სიმაღლე და სიწმიდე მოეთხოვება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სადაც სიწმიდეა, იქ ბოროტი მეტად იბრძვის. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ბოროტი ძალა ადამიანს აბრკოლებს, ამა თუ იმ პრობლემით მოძღვარში დაანახებს სისუსტეს, რომ შემდეგ ათქმევინოს – ამას საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედავს და მე რა უნდა მიშველოსო. საჭიროა ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდეს და სწორად გავაცნობიეროთ, რომ მოძღვარი, რომელსაც მიცემული აქვს მღვდელმოქმედების მადლი, მაცხოვარს განასახიერებს. მღვდლობა, მოძღვრის პიროვნული სისუსტის მიუხედავად, არ იბღალება. მღვდლობა წმიდაა, უბიწოა, უმანკოა, მას ვერანაირი ბიწი ვერ შელახავს.

რატომ გვჭირდება მოძღვარი?

ყოველ ადამიანს სჭირდება მოძღვარი. საღვთო მადლის მასწავლებელი წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: “ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ისე, რომ მხოლოდშობილი ძე თვისი მოსცა მას, რათა ცხოვრება ქონოდა და უმეტესი ქონოდა”. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ მაცხოვარმა ცოდვით დაცემულ ადამიანს რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ხსნა მოუტანა, ცხონების გზა დაანახა, სიმართლე მისცა და წმინდა ეკლესია დააფუძნა, რომელიც მან გამოსიყიდა საკუთარი უბიწო სისხლით და განწმიდა ნათლისღების წყლით.

უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. ამიტომაც მის მიერ დადგენილი სასულიერო პირი მოწოდებულია, ასწავლოს იესო ქრისტეს სიმართლე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში შეუცვლელად ინახავს, რომელზეც მეათე საუკუნის ეკლესიის დიდი მამა გიორგი მთაწმიდელი ამბობს: “არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო ეკლესიაო. არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო”. ძალზე მნიშვნელოვანია, მართლმადიდებელ ტაძრებში სიარული, სადაც უხვად მოედინება სულიწმიდის მადლი. ის განწმედს ყველას და ყოველივეს, რომელიც რწმენით მიეახლება.

მოძღვარი აღასრულებს უდიდეს საიდუმლოებებს: აღსარების, ნათლისღების, მირონცხების, ჯვრისწერის, მიცვალებულის წესის აგების, სახლის კურთხევის, ავადმყოფის ზიარების და სხვებს, რომელთათვისაც არის ის მოწოდებული.

ხშირად გვსმენია: “ღმერთი მწამს, მაგრამ მღვდელი – არა”. საიდან მოდის ასეთი დამოკიდებულება?

მართებული არ არის, რომ საავადმყოფოსი სჯეროდეს ადამიანს და მასში მოღვაწე მკურნალი ექიმის – არა. ყოვლად წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება მოძღვრის გარეშე. ადამიანები, რომლებიც ადრე არ დადიოდნენ ტაძარში და ახლა მოვიდნენ, ამბობენ, რომ მათთვის წარმოუდგენელი იყო ეკლესიური აზროვნება და აკმაყოფილებდათ ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრობდნენ. თუმცა, რაც ეკლესიის მაცხოვნებელ მადლს ეზიარნენ, სხვაგვარადაა საქმე. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ვეღარ წარმოუდგენიათ თავი ეკლესიური აზროვნებისა და მოძღვრის გარეშე. მოძღვარი ქრისტეს რჯულს აღასრულებს და ამასვე ასწავლის მართლმადიდებელ მრევლს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც მოძღვრის განკითხვას შევესწრებით?

მოძღვრის განკითხვა საშინელი ცოდვაა, საერთოდაც განკითხვა მეტყველებს ადამიანის გაუკუღმართებულ მდგომარეობაზე. ხშირად ადამიანი საკუთარ თავს არ გამოიძიებს, ჰგონია, რომ მას ყველაფერი მოწესრიგებული აქვს და საკუთარი, ვნებითი სურვილებით და ცოდვით დამძიმებული მდგომარეობა არ აწუხებს. სამაგიეროდ, მას მოყვასის შეცდომა ტრაგედიად მიაჩნია. ასეთ ადამიანზე მაცხოვარი ამბობს: ორგულო, ამოიღე დირე შენი თვალიდან ჯერ და მერე ეძებე სხვის თვალში ბეწვი. მოძღვრის სისუსტის გამოკიდება კი არა, საკუთარი თავის განკითხვა არის ვაჟკაცობა. გავიხსენოთ ძველი აღთქმის მაგალითი, როდესაც ნოე ყურძნის ნაჟურს ჭარბად მიიღებს და დათვრება. ძილის დროს საბანი გადაეხდება და მის სიშიშვლეს მისი შვილი ქამი იხილავს და დანარჩენ ორ ძმასთან დასცინებს მამას. ხოლო სემი და იაფეთი საძინებელში შევლენ ზურგით, რომ მამის სიშიშვლე არ დაინახონ და კრძალვით გადააფარებენ მძინარე მამას საბანს. ვეკითხები მკითხველს: იფიქრეთ, სამი შვილიდან თქვენ რომელი ხართ?

ზოგიერთი ქილიკით აღნიშნავს სასულიერო პირების ძვირადღირებული ავტომანქანების შესახებ…

მოძღვარს დღეს ფინანსურად მაღალი მდგომარეობა არ აქვს, რაც სამწუხაროა. მოძღვარს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მრევლის გაჭირვებულ წევრებს დახმარება გაუწიოს. ეს ასეც ხდება, მაგრამ ეს დახმარება სამწუხაროდ, ისეთი ინტენსივობით არ არის, რაც მოძღვრის მოკრძალებული ფინანსური მდგომარეობით აიხსნება. თუ ვინმე შეძლებულმა მრევლმა მის სულიერ მამას მანქანა აჩუქა, ან სხვა ნივთიერი საშუალებით შეეწია, ამაში ცუდი რა არის?

ღმერთმა დაგლოცოთ!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • saul says:

    ცუდი არაფერია, მამა გაბრიელი კი ასეთ შემწეობას უეჭველად ღარიბებს დაურიგებდა!

    • ფიქრია says:

      გეთანხმებით,მეც მყავს ბერი დავითი,სულიერ მამად და რაც არ უნდა დაეხმარო,რომ გინდა რომ ქონდეს,მეორე დღეს აღარ აქ,გაჩუქებული აქ…ერთი ხელი ტანსაცმელი და ერთი ხის ჯვარი აქ,ესაა მისი ქონება.

  • ნიკა says:

    მამა გაბრიელი ბერი იყო, რომელიც მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მოძღვრებს ოჯახები ჰყავთ, ხშირად მრავალშვილიანი ოჯახები, მადლობა უფალს.

  • ხვიჩა says:

    გაიხარე ნიკა! გეთანხმები და მე მინახავს ჩემი მოძღვარი როგორ შესწევია, გაჭირვებულ ადამიანებსაც. ძმებო და დებო ვილოცოთ ჩვენი მოძღვრებისთვის, რომ მათ თავისი მძიმე ჯვარი ღირსეულად ატარონ.

  • ფიქრია says:

    რომ ვფიქრდები,გული დამეტანჯება ხოლმე,რამდენ ცოდვილს უსმენენ და რამდენს იწყალებენ,რამდენზე ფიქრობენ,ძალიან მძიმე შესასრულებელია,იცხოვრო სხვისთვის,ღმერთო შეეწიე და გააძლიერე ყველა ნამდვილი მართლმადიდებელი მოძღვარი.

  • მამუკა says:

    ყველას გირჩევთ წაიკითხოთ წიგნები:”თავი და ბოლონი იტყვიან გიორგი”და “სიყვარულის მოძღვარი”,”ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი.”და ნუ დაგვავიწყდება ღმერტმა ადამიანი შექმნა თავისუფალი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი