მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვარი – შუამავალი ღმერთთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2017 | 896 ნახვა

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმასისი საკათედრო ტაძრის წინამძღვარი):
“მსურს, მოძღვრის საკითხზე ვისაუბროთ, რათა უკეთესად გავარკვიოთ, თუ ვინ არის იგი, რა მიანიჭა მას უფალმა და თუ როგორი უნდა იყოს მოძღვარი. ვინაიდან ჩვენ მოძღვრისგან ზოგჯერ იმას კი არ ვითხოვთ, რასაც უნდა ვითხოვდეთ, ან იმას კი არ ველით, რასაც უნდა ველოდებოდეთ, არამედ სულ სხვა რამეს. არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე ეს ცოდნა კი იმაში დაგვეხმარება, რომ განვსაზღვროთ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან და რას უნდა ვითხოვდეთ მისგან. აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალწახნაგოვანია, ამიტომ ერთ საუბარში მისი სრულფასოვნად წარმოჩენა გაგვიჭირდება. შესაბამისად, ძირითადი ყურადღება მოძღვრის არსის უმთავრეს – სულიერ მხარეზე გავამახვილოთ.

დღევანდელ დღეს მოძღვრად დადგინების პირველი და აუცილებელი პირობა – ღვთისაგან მღვდელმთავრის საშუალებით მისი ხელდასხმა და მისთვის მადლის მინიჭებაა. სწორედ ამ მადლისა და ხელდასხმის საშუალებით მას საიდუმლოთა აღსრულების უფლება ენიჭება. შესაბამისად, ხშირად მოძღვრის მნიშვნელობას ასე განმარტავენ: მოძღვარი ისეთი პიროვნებაა, რომელიც საიდუმლოებებს აღასრულებსო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მოძღვრის მდგომარეობის სრული განმარტება არ არის. თუკი მოძღვარს მარტოოდენ ამ მხრივ წარმოვაჩენთ, მაშინ მისგან მხოლოდ საიდუმლოთა მიღებას უნდა ვითხოვდეთ და მეტს არაფერს. ეს ასე არ არის. მოძღვარს ჩვენთვის გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია. სამწუხაროდ, ზოგჯერ არაეკლესიური ადამიანები მოძღვართან ურთიერთობას მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების დროს (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება) ამყარებენ. ეს, რა თქმა უნდა, მოძღვრის სისავსეს აკნინებს, ამით მოძღვარი კი არა, ის ხალხი ზიანდება, ვისაც ასეთი შეხედულებები აქვს. ჩვენ ვიცით, რომ მოძღვრისთვის მხოლოდ ეს არ არის დამახასიათებელი, ღმერთს მარტო ამიტომ არ დაუდგენია მოძღვრების ხარისხი, არამედ სამოძღვრო მსახურებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია.
მეორე, რითაც შეიძლება მოძღვარი სხვა ადამიანებისგან განვაცალკევოთ, ის არის, რომ მისგან გარეგნულად კეთილზნეობრივ ცხოვრებას ვითხოვთ. მართლაც, თავისი ცხოვრებით პირველ რიგში სიკეთისკენ უნდა იყოს მოწოდებული. თუმცა, სხვა რელიგიებსაც თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იქაც ჰყავთ ასეთი სულიერი დამრიგებლები, ამიტომ ეს ნიშან-თვისება მარტოოდენ მართლმადიდებელი მოძღვრის დასახასიათებლად არ გამოდგება. მაგალითად, იგივე მუსულმანებს ჰყავთ ისეთი სულიერი წინამძღოლები, რომლებიც არამარტო წმიდა წერილს (ყურანს) ასწავლიან, არამედ თვითონაც გარეგნულად პატიოსნად ცხოვრობენ. ქრისტიანობაშიც მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა და მათაც ეს ზნეობრივი მხარე წინა ფლანგზე აქვთ წამოწეული. ამიტომ, მართლმადიდებელი მოძღვარი მხოლოდ გარეგნული კეთილზნეობრივი და პატიოსანი ცხოვრებით ვერ იქნება დახასიათებული.

მესამე მახასიათებელი, რაც მოძღვარს შეიძლება მივაკუთვნოთ – ქადაგებაა. ხშირად მოძღვრის ხარისხს სწორედ ამით განსაზღვრავენ – თუ მოძღვარი განათლებული, ნაკითხი პიროვნებაა, მრევლის წინაშე ხატოვნად ქადაგებს, წმიდა წერილს გასაგებად განმარტავს და კარგად ერკვევა სხვადასხვა საღვთისმეტყველო მეცნიერებებში, მაშინ მას ღირსეულად მიიჩნევენ. აქაც არ უნდა შევიდეთ შეცდომაში. განათლებულობა და განსწავლულობა, რა თქმა უნდა დადებითი თვისებაა, მაგრამ მრევლს არა წიგნის წაკითხვა და ამ ცოდნის გადმოცემა, არამედ სულიერი გამოცდილებით და სიყვარულით წარმოთქმული სიტყვები უფრო მეტად ესაჭიროება. ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ბევრი ინფორმაცია და ცოდნა მივიღოთ, მაგრამ ამან ჩვენ სულიერებისკენ კი არ წარგვმართოს, არამედ განგვაშოროს კიდეც ღმერთისგან: ,,მეცნიერებაი განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს” (Iკორ.8:1). როდესაც მქადაგებლის ქადაგება სულიერი ცხოვრებისკენ, სულიერი განვითარებისკენ არ არის წარმართული, არამედ ზოგად საეკლესიო საკითხებს მოიცავს, მაშინ სულიერად ვერ გავიზრდებით. წმიდა წერილიც რომ ზეპირად ვიცოდეთ, არაფერს ნიშნავს, ბოროტი ძალაც ზეპირად ფლობს მას. ე.ი მოძღვრის მთავარი სახე არც ქადაგება ყოფილა.
ამრიგად, მოძღვრისთვის დამახასიათებელი სამი ნიშან-თვისება ცალკეულად წარმოვადგინეთ: პირველი, გარდაუვალი და აუცილებელი – მღვდელმთავრისგან ხელდასხმის მიღება; მეორე, ფრიად საჭირო და სავალდებულოც კი – გარეგნული კეთილზნეობრივი ცხოვრება; მესამე, მეტად სასურველი – განსწავლულობა.

მაშ, რას წარმოადგენს მოძღვარი? ამ კითხვას ყოველმა ჩვენგანმა თავად უპასუხოს. როგორ? რასაც მისგან ელის, განსაკუთრებით აღსარებისას, იმის მიხედვით განსაზღვროს, მისთვის რას წარმოადგენს მოძღვარი. ამიტომ ჩვენი აღსარებები ამ კითხვის პასუხია ჩვენთვისაც და თავად ჩვენი მოძღვრებისთვისაც. შესაბამისად, ჯერ ჩვენს აღსარებებს შევეხოთ, მათი მანკიერი მხარეები ვამხილოთ და ამის ფონზე მოძღვრის ნამდვილი სახეც უკეთ წარმოჩინდება.

დღევანდელი საუბარი სწორედ ჩვენმა აღსარებებმა განაპირობა. ხშირად მოძღვრისგან ჩვენი პრობლემებისადმი ყურადღებას ველით. აღმოვაჩენთ, რომ სწორედ იგია ისეთი ადამიანი, ვისაც ასე ბოლომდე ვენდობით, ვინც მზად არის ჩვენი გულისტკივილის გაზიარებისათვის. ამიტომ მოძღვრის მიმართ გულახდილნი ვართ და გვიხარია მასთან ურთიერთობა. თუმცა კარგ მეგობარსაც შეუძლია ამგვარი სამსახურის გაწევა: ჩვენი პრობლემების მოსმენა, გულთან ახლოს მიტანა და რჩევა-დარიგების მიცემა. დღევანდელ დღეს ფსიქოლოგებიც აქტიურად არიან ჩართულნი მთელი რიგი პრობლემების მოგვარებაში, განსაკუთრებით თუ ფსიქოლოგი მორწმუნეა. ამიტომ, განა მოძღვარი მარტოოდენ მეგობარი და ფსიქოლოგია?!
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოძღვრისთვის პრობლემის განდობა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ როდესაც მუდმივად მიწიერ საზრუნავებზე ვესაუბრებით, უკვე დამაფიქრებელია. მაგალითად, გვაქვს რაიმე ნივთი, გაურკვეველ ვითარებაში დაგვეკარგა. ასეთ თემებზე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე წუთი გულდასმით და დაწვრილებით ვისაუბროთ. მოძღვარი ამასაც მოგვისმენს და რჩევასაც მოგვცემს, მაგრამ დაკარგულს ვერ დაგვიბრუნებს. შესაბამისად, აღნიშნულ პრობლემას მთლიანად ვერ გადაწყვეტს. ჩვენი ცხოვრება სავსეა ამგვარი მაგალითებით: განსაცდელები, წინაღობები, ზარალი, ფიზიკური სნეულება, რასაც ასეთი დაუსრულებელი სახე აქვს. შესაბამისად, არც ჩვენც არ გველევა ასეთი კუთხით სასაუბრო თემები. მოძღვარი, რომელსაც მეტნაკლებად – გათავისებული აქვს თავისი მდგომარეობა, იცოდეთ, რომ მსგავსი აღსარებისას ძალიან იღლება, მაშინ როდესაც სულიერად გაჭირვებულ ადამიანს საათობით დაუღლელად ესაუბრება. ძალიან ვცდებით, თუ გვგონია, რომ მოძღვარი მიწიერი პრობლემების მომგვარებელია.

მოძღვრის უმთავრესი დანიშნულება ღმერთის წინაშე შუამავლობაა, პავლე მოციქული ამბობს: ,,რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ” (Iკორ.3:9). ჩვენ ვართ თანაშემწენი ღმერთისაო, უფლის დამხმარეები ვართ, ადამიანთათვის შუამავალნი, რომლებმაც ისინი ღმერთთან უნდა დააკავშირონ. თვით უფალმა დაადგინა მოციქულთა შუამავლობა: ,,რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა” (ლუკ.10:16). ღმერთს ჩვენი სულიერ ტაძართა მშენებლობა სწადია, ხოლო მოძღვართაგან მისი თანაშემწეობა მრევლის სულის აღშენებაში გამოიხატება. ჩვენც მოძღვართან მოსვლისას ამ სურვილით უნდა ვიყოთ ანთებულნი. უნდა გავითავისოთ, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, სულის მკურნალი და ექიმია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ ყოველთვის არაჯანსაღი დამოკიდებულება გვექნება. განა ექიმთან იმიტომ მივდივართ, რომ მიწიერ პრობლემებზე ვესაუბროთ? ჩვენი მიზანი განკურნებაა. მოძღვართანაც სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გაგვაჩნდეს – მისგან, უპირველეს ყოვლისა, სულის კურნებას უნდა ვითხოვდეთ.

მოძღვარი ცდილობს, რომ ყოველგვარი პრობლემის არსი სულიერი კუთხით დაგვანახოს. ჩვენ კი მიწაზე მყარად ვდგავართ, მიწიერი პრობლემები და მისწრაფებები მძლავრადაა ჩვენში; აქვე ვითხოვთ სამართლიანობას, ზარალის ანაზღაურებას, ყველასგან პატივისცემასა და დაფასებას. მოძღვარი ამ მდგომარეობას ვერ მოგვანიჭებს, მას არც ამის ხელმწიფება აქვს და არც ღმერთისგან შუამავლობა. ერთადერთი რისი მონიჭებაც შეუძლია არის სულიწმიდის მადლისკენ გზის მინიშნება და ღმერთის პოვნაში დახმარება.

წმიდა პავლე მოციქული ამბობს: ,,უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი” (რომ.8:9). სული ქრისტესი თუ არ გვექნა, ქრისტიანები არ ვიქნებით, ამიტომ ჩვენი აღსარება სწორედ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სულიერი მანკიერებებისგან განვიწმინდოთ და ამის შედეგად ქრისტეს სული მივიღოთ, რომელიც მარტოოდენ გაწმედილ ადამიანში სახლდება.

ამიტომ უნდა გავითავისოთ რომ მოძღვარი შუამავალია ღმერთთან მიმართებაში. ნახეთ, რა საინტერესო სიტყვაა – “შუამავალი”. ღმერთისკენ მიმავალი გზა დაუსრულებელია, ჩვენსა და ღმერთს შორის დიდი მანძილია, მოძღვარი კი ჩვენს შორისაა, ჩვენკენ კი არა ღმერთისკენ მიდის და ჩვენც მოგვიწოდებს: “თქვენც გამომყევით, ერთად ვიაროთ ღმერთისკენო”. ჩვენ კი მოვდივართ და იმას კი არ ვთხოვთ მოძღვარს რომ თან წაგვიყვანოს, არამედ იმას, რომ მიწიერ ცხოვრებაში პრობლემები რამენაირად მოგვიგვაროს. თუმცა ერთი პრობლემის მოგვარების შემდეგ მეორე წარმოიქმნება. ღმერთი ასე ურთიერთობს ჩვენთან, ვინც სულიერი მისწრაფებებით არ არის ანთებული, სხვადასხვა საშუალებებით მოუწოდებს. ჩვენ კი ეკლესიაში ღმერთთან კი არა, სწორედ პრობლემების მოსაგვარებლად მოვდივართ. ხედავთ, სხვადასხვა ენაზე საუბარი გამოდის?! ამიტომაც, თუ ჯერ სულიერი ცხოვრება არ დაგვიწყია, ეს იმიტომ, რომ სულიერ მანკიერებებს კი არ ვეძებთ, არამედ სხვადასხვა პრობლემებისაგან დაღწევის საშუალებებს. ასე რომ, გავითვალისწინოთ, ჩვენი აღსარება ჩვენმა შინაგანმა მანკიერებების დანახვამ უნდა განაპირობოს. თუ ჩვენ შინაგან სამყაროს ვერ ვხედავთ, მაშინ რა იქნება ჩვენი აღსარება? მხოლოდ მიწიერი პრობლემებისგან გამოწვეული ტკივილი და მწუხარება.

ახლა ერთ მტკივნეულ თემასაც შევეხოთ. ნუ წარმოვიდგენთ, რომ იგი ანგელოზია. ეს დაუშვებელია. ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ. უბრალოდ ღმერთმა მას განსხვავებული მსახურების უფლება მიანიჭა – ღმერთის სავალ გზაზე მრევლის ხელმძღვანელობა. თვითონ თავის მხრივ შესაძლოა უამრავი ნაკლოვანება, მანკიერება, ცოდვისკენ მიდრეკილება და სისუსტე ჰქონდეს; ბოლომდე განკურნებული თავადაც არ იყოს. მაგრამ, ზოგიერთი ჩვენგანისგან განსხვავებით, ღირსეული მოძღვარი განკურნებას ცდილობს და ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია. სნეული და გამოცდილი ექიმიც ბევრ ფიზიკურ სნეულებას ჰკურნავს.

მთავარია, მას თავისი ადგილი არ დავაკარგვინოთ. თუ მის უცდომელობას დავიჯერებ, მასზე სრულად დამოკიდებულიც გავხდები. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ღმერთის ძიების ნაცვლად მოძღვრის მსახურებაში ვართ; მიზანი მასთან მისვლით სულის განკურნება კი არა, მასთან ურთიერთობა და თავის მოწონების მცდელობაა. წმიდა პავლე მოციქული ებრძვის ამგვარ გამოვლინებებს: ,,რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყვის, ვითარმედ: ,,მე პავლესი ვარ”, ,,ხოლო მე აპოლოისი”, ,,ხოლო მე კეფაისი”, ,,ხოლო მე ქრისტესი”. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთვის? ანუ სახელითა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?“ (1კორ.1:12-13). ეს უკვე არაჯანსაღი ურთიერთობაა. თუკი ისე მოხდება, რომ მოძღვართან ურთიერთობის საშუალება დაიკარგა, ჩვენც ვიკარგებით ეკლესიიდან. რა გამოვიდა? ის, რომ ადამიანი ქრისტესთან კი არა, მოძღვართან დადიოდა. თუ თავის მოძღვართან ვეღარ ახერხებს ურთიერთობას, მაშინ სხვას არ ეძებს, რადგან არ ჰქონდა სულის კურნების საჭიროება. მოძღვარმა ღმერთი არ უნდა შეცვალოს. ეს მასზეც არის დამოკიდებული და მრევლზეც. ის არ იქნება, სხვა უნდა ვეძებოთ.

ვთქვათ, ისე მოხდა, რომ მოძღვარს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია, ვერ გვაძლევს ისეთ რჩევებს, როგორიც ჩვენ გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მოძღვარშია, იგი ჩვენი სულის ექიმი ვერ გახდება, ისევე როგორც გამოუცდელი და უცოდინარი მკურნალი. თუ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, მაშინ შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ: ეს პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა. უკვე რამდენი საუკუნეა, რაც წმიდა მამები ჭეშმარიტ მოძღვართა სიმცირეზე საუბრობენ. წარსულის ანგელოზებრივი და განწმენდილი მოძღვრები დღეს საოცნებო გახდა. ზოგადად, სულიერი სრულყოფილება, წმიდა მამათა საერთო მოსაზრებით, უკანასკნელ პერიოდში განსაცდელთა და საცდურთა მოთმინებითა და მადლიერებით მიღებაში გამოიხატება. ამიტომ, სასწაულმოქმედი წინამძღვრის ნაცვლად, ყოველივეში მრავალგზის გამოცდილი უნდა ვეძებოთ, ვინც ჩვენს პიროვნებას კარგად შეიცნობს, სულიერ ჭრილობებს გაითავისებს და შესაბამის მკურნალობას დაგვიწესებს. ამიტომ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ: რადგან კურნება გვჭირდება და მკურნალს ვეძებთ, თუ შესამაბისი მოძღვარი ვერ ვნახეთ, ზეციური მკურნალი ერთია – იესო ქრისტე. იგი არც ჩვენ დაგვტოვებს კურნების გარეშე. ვთხოვოთ მას, რომ გამოგვიჩინოს სულის ნამდვილი მკურნალი – ღირსეული მოძღვარი, რომელმაც სახარებისეული კეთილი მწყემსის დარად: “სული თვისი დადვის ცხოვართათვის” (იოა.10:11).

მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი: ნამდვილი მოძღვარი ვერ იქნება ის, ვინც საიდუმლოებებს აღასრულებს, გარეგნული პატიოსნებით გამოირჩევა, დიდ ცოდნას ფლობს და ხატოვნად ქადაგებს. მას სულის კურნების მეცნიერების ცოდნა და გამოცდილება უნდა გააჩნდეს. იგი, პირველ რიგში, სულის მკურნალი, მადლის მატარებელი და ჩვენთვის ამ მადლის მომნიჭებელი უნდა იყოს.

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.