როგორ მოვაგვაროთ მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემები?
გარდატეხის ასაკი ეს არის პერიოდი, როდესაც მოზარდი გარდამავალ ეტაპს გადის, ის ბავშვი არ არის, მაგრამ ჯერ არც ზრდასრულია. მოზარდი ტრანსფორმაციას განიცდის როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე – ფსიქოლოგიურ დონეზე. ის განიცდის ახალ, ზრდასრულ გრძნობებს, იდეებს, პირველ იმედგაცრუებებს. ყველა დონეზე არსებული ცვლილებები გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემა.
რა ფსიქოლოგიურ პრობლემებს აწყდებიან მოზარდები გარდატეხის ასაკში? ამ თემაზე გვესაუბრა ფსიქოთერაპევტი, დიანა ნიკოლაიშვილი:
ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს გამოწვეული გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზეგავლენით. ხშირად მოზარდი არ არის მზად მოაგვაროს ეს პროლემები და საჭიროებს ნათესავების, პედაგოგების, მეგობრების და სპეციალისტების ჩარევას. პირველ რიგში, აუცილებელია არსებული მდგომარეობის სწორი შეფასება და პრობლემების დიფერენციაცია. ოჯახმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოზარდის ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ყალიბდება მოზარდის ხასიათი და მკვეთრი ცვლილებები ყოველთვის პრობლემის მანიშნებელი არ არის, თუმცა ზრდასრულების ყურადღების საგანი უნდა გახდეს.
ჩამოვთვალოთ ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მოზარდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე: დანაშაულის განცდა; შფოთვა, შიში; თავის ტკივილები, შაკიკი; აგრესია, ნერვიუობა; საკუთარი გარეგნობით მკვეთრი უკმაყოფილება; თვითდაზიანება და მავნებლობა; ინტერესების მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები; უკონტროლო ქცევა სკოლაში; მუდმივი განმარტოვების სურვილი; ურთიერთობის სურვილის არარსებობა; თვითმკვლელობის სურვილი ან სუიციდზე ლაპარაკი; ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება; მადის მკვეთრი ცვლილებები; უძილობა და ღამის კოშმარები;
სუსტების დაჩაგრვის სურვილი…
მოზარდობის ასაკის პრობლემების ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიზეზები იყოფა გარეგან და შინაგან ფაქტორებად: ძლიერი ინტოქსიკაციები; მოზარდი იყო ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე; ძლიერი სტრესი; ახლობელი ადამიანის გარდაცვალება; გადატვირთვა; ნაადრევი სქესობრივი გამოცდილება; მშობლების უყურადღებობა; მძიმე საცხოვრებელი პირობები; ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია; გენეტიკური განპირობება; ჰორმონალური დისბალანსი.
მოზარდობის ასაკის ხშირი პრობლემებია: დეპრესია; კომპიუტერული და სხვა დამოკიდებულებები; ბულემია; ანორექსია; დეპრესია.
როგორ დავეხმაროთ მოზარდს პრობლემების მოგვარებაში?
საუკეთესო დახმარება არის პრევენცია, მეგობრული ურთიერთობა ბავშვთან გარდატეხის ასაკამდე ამცირებს პრობლემების ჩამოყალიბების რისკს, თუკი პრობლემა მაინც ჩამოყალიბდა:
1. გამოიკვლიეთ პრობლემების ჩამოყალიბების მიზეზი;
2. დაიმსახურეთ მოზარდის ნდობა, ხშირად ესაუბრეთ და არ დაკითხოთ, მოუსმინეთ გაგებით, არ განკითხოთ და არ შეაფასოთ;
3. გიყვარდეთ უპირობოდ – აჩვენეთ მოზარდს რომ თქვენი სიყვარული არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, დაარწმუნეთ, რომ გიყვართ მიუხედავად ყველაფრის;
4. მოუყევით ისტორიები თქვენი ან თქვენი მეგობრების და ახლობლების წარსულიდან, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და რა გზით აგვარებდნენ ამ პრობლემებს. ნუ აიძულებთ გააკეთოს იგივე, უბრალოდ აუხსენით, რომ ის , რაც მის თავს ხდება მოგვარებადია.
5. ასწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოზიციის დამყარება;
6. გამოყავით მისი, ასაკთან შესაბამისი პასუხისმგებლობის სფერო (საუზმის მომზადება, ნაგვის გატანა, მცენარეების ან შინაური ცხოველის მოვლა, პროდუქტების ან პურის ყიდვა). მსგავსი „მოვალეობები“ მოზარდის ღირებულების და ოჯახში როლის გარკვევაში უწყობს ხელს.
7. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები ძლიერია ან ჩამოთვლილი მეთოდები არ მოქმედებს დადებითად, მიმართეთ სპეციალისტს – ფსიქოთერაპევტს.
8. სუიციდალური აზრების ან მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს.
გარდატეხის ასაკის პერიოდში გაღიზიანება, შეიძლება თუ არა მუდმივ განწყობაში გადაუვიდეს მოზარდს, თუ პრობლემები დროულად არ მოგვარდა?
ხასიათი ჩამოყალიბებას იწყებს მუცლადყოფნის პერიოდში და გარდატეხის ასაკამდე ბავშვი რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და იმ დროს მიღებული ქვეცნობიერი გადაწყვეტილებები და დასკვნები მთელი ცხოვრების მანძილზე გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე სამყაროს, სხვების და საკუთარი თავის მიმართ. ზომიერი გაღიზიანება ნორმალურია და იმ ფიზიოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული რომელიც მოზარდის ორგანიზმში მიმდინარეობს (მსგავსი გაღიზიანება აღენიშნებათ ქალბატონებს პრედმენსტრუალური სინდრომის დროს და ჰორმონალური ფონით არის გამოწვეული). თუკი გაღიძიანება ძლიერია და ეს სერიოზულ სირთულეებს უქმნის მოზარდს და მის ირგვლივ მყოფ საზოგადოებას, უპრიანი იქნება სპეციალისტების დახმარებას მიმართონ ოჯახის წევრებმა, რადგან მოზარდმა სწორი სოციალიზაცია უნდა გაიაროს.
რა მნიშვნელობა აქვს მშობლების თანაბარ მონაწილეობას პრობლემების მოგვარების მიზნით?
ამ საქმეში მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. რა თქმა უნდა, ორივე მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და საუკეთესო ვარიანტში მოზარდი იზრდება სრულ ოჯახში და სათანადო ყურადღებას იღებს თითოეული მშობლისგან, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სრულ ოჯახში მშობლები ერთმანეთისგან ელოდებიან რეაგირებას და ერთმანეთზე გადააქვთ პასუხისმგებლობა: – მამა ხარ და უთხარი, ან -დედა შენ ხარ და მიხედე… მსგავსი ფრაზები პიროვნების ინფანტილურობაზე მიუთითებს და სამწუხაროდ, ამ დროს მოზარდი, მიუხედავად სრული ოჯახისა თავს მიტოვებულად, მარტოდ გრძნობს მაშინ, როდესაც მშობლები მოვალეობებს იყოფენ. არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც არასრულ ოჯახში მშობელი ახერხებს საკუთარ შვილთან სწორი ურთიერთობის აწყობას და ამ შემთხვევაში განურჩევლად მშობლის სქესისა მოზარდი თავს მნიშვნელოვნად გრძნობს.
სქესის მიუხედავად, მოზარდი, პირველ რიგში, პიროვნებაა და თუ მის პიროვნებას, სურვილებს, მიზნებს პატივს სცემენ, მასთან ურთიერთობა ერთნაირად ადვილია ორივე მშობლისთვის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რობლების განხილვაც მამასთან ან დედასთან უფრო მისაღებია.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.