მოზარდი და მარხვა
რა შემთხვევაშია რეკომენდებული მოზარდის მიერ კვებითი მარხვის შენახვა? გვესაუბრება ბავშვთა ენდოკრინოლოგი თამარ მაჭარაშვილი (სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”):
“მარხვა სულის მდგომარეობაა, რთულია ურჩიო ადამიანს, როდის არის მარხვის შენახვა მისთვის დროული და როდის უდროო. თუმცა, მარხვის დროს საკმაოდ მკაცრი კვებითი შეზღუდვების გამო, 18 წლამდე მოზარდისათვის სასურველია თავის შეკავება ასეთი შეზღუდვებისაგან, განსაკუთრებით ხანგრძლივი მარხვის პერიოდში.”
– რა ვიტამინების ნაკლებობას განიცდის მოზარდის ორგანიზმი მარხვაში ხორცისა და რძის პროდუქტების ამოღებისას?
მარხვის დროს უპირატესად ცხოველური პროდუქტების მიღებაა შეზღუდული, ამიტომ იზღუდება ცილა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტი. ცილა არა მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულების მატარებელია ორგანიზმისათვის, არამედ მნიშვნელოვანი კომპონენტი ფიზიოლოგიურ პროცესებში. ცილის მეშვეობით ხდება სხვადასახვა ნივთიერებების, მიკროელემენტების, ბოლოსდაბოლოს ჟანგბადის ტრანსპორტირება ორგანიზმში. მნიშვნელოვანია მისი როლი ჰორმონების სინთეზში და სხვა.
შესაბამისად, ცილის შეზღუდვას შეიძლება მოჰყვეს მისი დეფიციტი და ყველა იმ პროცესის დარღვევა, რომელზეც ვისაუბრეთ. ცხოველური პროდუქტები ასევე მდიდარია ამინომჟავებით, D ვიტამინით, რკინით. შესაბამისად, მათი დეფიციტიც შეიძლება განვითარდეს. თუმცა, არ მინდა იფიქროთ რომ მარხვა საზიანოა ორგანიზმისათვის. ცხოველური ცილის შეცვლა, დროებით, შეიძლება მცენარეულით. მაგ.: პარკოსნების, მარცვლეულის გამოყენებით საკვებ რაციონში, როგორიცაა: ლობიო, სოიო, წიწიბურა, ოსპი და სხვა. ვიტამინების შევსებაც შეიძლება მცენარეული საკვებით, ისიც – დროებით.
– მოზარდს, რომელსაც აქვს გონებრივი, ფიზიკური დატვირთვა, შეიძლება თუ არა თვითნებურად გადაწყვიტოს მარხვის შენახვა?
მთავარია ცხადად იცოდეს ადამიანმა მარხვის არსი და გადაწყვეტილებაც თავად მიიღოს, მაგრამ მოზარდის ორგანიზმში განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რაზეც ენერგიის დანახარჯი დიდია და ჰორმონების სინთეზი, რის გამოც უმჯობესია ექიმის კონსულტაცია და რუტინული კვლევების ჩატარება, რომ მოხდეს რაიმე სახის გართულების პრევენცია. ხშირად არასწორი კვება ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების მიზეზიც.
მე მაინც ვურჩევდი მოზარდებს, რომ უმჯობესია, მარხვა დაიცვან ოთხშაბათისა და პარასკევის დღეებში ან სხვა ხანმოკლე მარხვა.
ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობასა და სულის სიმტკიცეს.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.