მთავარი » ქრისტიანობა

მოყვასის არგანკითხვის შესახებ – წმინდა აბბა დოროთე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.09.2019 | 142 ნახვა

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისთვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

ძმებო, წმინდა ბერების სიტყვები რომ გვახსოვდეს და ნიადაგ ამ სიტყვებით ვიწვრთნებოდეთ, არ შევცოდავდით და არც ვიზარმაცებდით, რადგან, როგორც თქვეს: ვერიდოთ მცირე ცოდვებს, და აღარც დიდ და მძიმე ცოდვებში ჩავცვივდებით.

გეუბნებით, როცა მცირეზე ვამბობთ: რა მოხდება, ესა თუ ის რომ გავაკეთო, სული ბოროტ საქმეს ეჩვევა და შემდეგ დიდის უგულებელყოფასაც იწყებს. ნახეთ, არაფერია მოყვასის განკითხვაზე უფრო მძიმე და ღმერთსაც მასზე მეტად არაფერი სძულს. როგორც მამებმა თქვეს: „განკითხვაზე უარესი არაფერია“. როცა კაცი დაიწყებს ფიქრს და ამბობს: რა მოხდება, ყური მივუგდო, რას ლაპარაკობს მავანი, ან რა მოხდება, მეც რომ ვთქვა ესო, მსგავსი საქმეებით გონება უყურადღებო ხდება თავისი ცოდვების მიმართ და მოყვასისას ამჩნევს. შემდეგ აქედან მომდინარეობს მოყვასის განკითხვა, ძვირის თქმა და შეურაცხყოფა. მერე კი რისთვისაც მოყვასს განიკითხავენ, თავადაც იმავეში ვარდებიან, რადგან საკუთარ ცოდვებზე უზრუნველობით, მამების ნათქვამი-სამებრ, „საკუთარი მკვდრის დაუტირაობით“, კაცი ვერანაირ სიკეთეში მიაღწევს წარმატებას, არამედ ნიადაგ მოყვასის განკითხვაში იქნება.

ისე არაფერი განარისხებს ღმერთს და ღვთის შეწევნისგანაც ისე ვერაფერი განაშიშვლებს კაცს, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და შეურაცხყოფა მოყვასისა.

სხვაა მოყვასის ძვირის თქმა, სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა. განკითხვა ისაა, როცა კაცი ამბობს: მავანმა იცრუა, განრისხდა, იმრუშა ან სხვა რამ მსგავსი; აი, ძვირი თქვა, რადგან ცოდვა ვნებულად მოიხსენია. განკითხვა კი ისაა, როცა კაცი ამბობს: ის ვიღაც მატყუარაა, მრისხანეა ან მრუშია. აი, მთელი მისი ცხოვრება განსაჯა და თქვა, ასეთი არისო იგი. აი, ეს არის მძიმე განკითხვა. სხვაა თქვა: იგი განრისხდა, და სხვაა – იგი მრისხანეა. ყველა სხვა ცოდვასთან შედარებით იგი იმდენად მძიმეა, რომ თავად ქრისტე ამბობს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (ლუკ. 6.42). მოყვასის ცოდვას ღერო (იგივე წუელი – რედ.) უწოდა, ხოლო განკითხვას – მორი (იგივე დვირე – რედ.), იმდენად მძიმეა იგი ყველა ცოდვასთან შედარებით.

ფარისეველი, რომელიც ლოცულობდა და თავისი სათნოებების გამო ღმერთს ჰმადლობდა, კი არ ტყუოდა და ამისთვის კი არ დაისაჯა. ჩვენც გვმართებს ღმერთს მადლი შევწიროთ ჩვენ მიერ აღსრულებული სათნოებების გამო, რადგან იგია სიკეთის მომნიჭებელი. როგორც ვთქვი, ამიტომ არ დაისაჯა ფარისეველი, არც იმისთვის, რომ თქვა: „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი“, არამედ იმისთვის, რომ, მეზვერისკენ მიბრუნებულმა, თქვა: „გინა ვითარცა ესე მეზუერე“ (ლუკ. 18.11). მაშინ დამძიმდა იგი, რადგან პირისპირ განიკითხა პიროვნება და მთელი მისი ცხოვრება. ამიტომ ჩამოვიდა მეზვერე უფრო გამართლებული (შდრ. ლუკ. 18.14), რადგან არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უარესი.

რატომ არ განვიკითხავთ საკუთარ თავსა და სიბოროტეს, რაც დანამდვილებით და კარგად ვიცით, და რის გამოც ღვთის წინაშე პასუხის გაცემა მოგვიხდება? რატომ მივიტაცებთ ღვთის სამართალს? რას ვერჩით მის ქმნილებას? არ ვძრწით, როცა გვესმის, რა დაემართა იმ დიდ ბერს, რომელმაც, როცა რომელიღაც ძმის შესახებ გაიგო, სიძვით დაეცაო, თქვა: „ჰოი, ცუდი საქმე ჩაიდინა!“

არ იცით, რას წერენ მამები ამის შესახებ? წმინდა ანგელოზმა იმ ძმის სული ბერთან წაიყვანა და უთხრა: „აი, შენ რომ განიკითხე, აღესრულა. სად ბრძანებ მის შთაგდებას, სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში?“ არსებობს ამ სიმძიმეზე უფრო საშინელი რამ? ბერისთვის ნათქვამი ანგელოზის სიტყვები ნიშნავს: რაკი ცოდვილთა და მართალთა მსაჯული შენ ხარ, რას იტყვი ამ სულზე, შეიწყალებ თუ დატანჯავ? წმინდას ზარი დაეცა და მთელი ცხოვრება ოხვრასა და ტირილში გაატარა, ღმერთს რომ ეს ცოდვა შეენდო. ასე შენდობის შემდგომ მოიქცა, რადგან ანგელოზმა უთხრა: „აი, ღმერთმა გიჩვენა განკითხვის სიმძიმე, აღარ გააკეთო ეს!“ ეს კი შენდობის სიტყვებია. მაგრამ ბერის სული სიკვდილამდე არ დამშვიდებულა.

ძმებო, ჩვენ რაღას ვერჩით მოყვასს? რას ვეძიებთ სხვების ცოდვებს? ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავსა და სიბოროტეზე იზრუნოს. გამართლება და დასჯა მხოლოდ ღვთის ხელთაა, ვინც თითოეულის ცხოვრება, ძალა, აღზრდა და მადლი უწყის, და ყველას ისე განიკითხავს, როგორც მან იცის. ღმერთი სხვაგვარად სჯის უხუცესს და სხვაგვარად – მოწაფეს, სხვაგვარად – მოხუცსა და სხვაგვარად – ახალგაზრდას, სხვაგვარად – უძლურს და სხვაგვარად – ძლიერს. ვინ იცის ეს მსჯავრი, თუ არა მხოლოდ მან, ვინც ყოველივე შექმნა და ყოველივე უწყის.

მახსოვს ასეთი ამბავი: ერთხელ რომელიღაც ქალაქს ტყვეებით დატვირთული ხომალდი მიადგა. ამ ქალაქში ერთი წმინდა ქალწული ცხოვრობდა მეტად მოკრძალებულად. ხომალდის ამბავი რომ შეიტყო, გაუხარდა, პატარა გოგონას ყიდვა უნდოდა.

ამბობდა: გავზრდი, როგორც მინდა, არ ვაჩვენებ წუთისოფლის უკეთურების გემოს. გაგზავნა კაცი და ხომალდის პატრონს უხმო. მასთან ნახა ორი ძალიან პატარა გოგონა, როგორიც მას უნდოდა. დაუყოვნებლივ მისცა საფასური და ერთი გოგონა წამოიყვანა. ხომალდის პატრონი რომ წამოვიდა და მცირე მანძილი გაიარა, ერთი საშინელი მეძავი შეხვდა. ნახა მასთან მყოფი მეორე გოგონა და იყიდა. ნახეთ ღვთის სასჯელი! ვინ ახსნის ამ საქმეს?

წმინდამ გოგონას ღვთის შიში, ყოველივე სიკეთე, ღვთის მცნებების აღსრულება და ყოველი სამონაზვნო წესი შეასწავლა, ხოლო მეძავმა ის საწყალი ეშმაკის ჭურჭლად აქცია, რადგან, რაც იმ რისხვამ ასწავლა, მარტოოდენ სულის წარწყმედა იყო. რაღა ვთქვათ საშინელ სასჯელზე? ორივე მცირეწლოვანი იყო, ორივე გაყიდეს და არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ერთი – ღვთის, მეორე კი ეშმაკის ხელთ აღმოჩნდა.

განა შეიძლება ითქვას, რასაც ღმერთი ერთისგან მოითხოვს, იმავეს მოითხოვს მეორისგანაც? ორივეს სიძვით დაცემის შემთხვევაში, განა შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთნაირად დაისჯება, თუმცა კი ცოდვა ერთი და იგივეა? ეს როგორ შეიძლება? – ერთი სასჯელისა და ღვთის სასუფევლის შესახებ სწავლობდა, დღედაღამ ღვთის სიტყვაში იწვრთნებოდა, ხოლო იმ უბადრუკს არასდროს სმენოდა კეთილი სიტყვა, მხოლოდ საეშმაკო და სისაძაგლე ესმოდა. როგორღა შეიძლება, ღმერთმა ერთნაირად დასაჯოს ორივე? ამიტომ ვამბობ, ვერავინ ჩაწვდება ღვთის მსჯავრს, თუ არა მხოლოდ ის, ვისაც ყოველივე ძალუძს და ვინც ყოველივე უწყის. თუ ძმამ წრფელად გააკეთა რამე და ერთი სათნოება აქვს, რომელიც ღმერთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო სათნოა, შენ კი მას განიკითხავ, შენს სულს ვნებ. რა იცი, ამ საქმის ჩადენამდე რამდენი უღვაწია. იქნებ, უწინდელი შრომის გამო ღმერთი პატიობს ამ ცოდვას? რა იცი, რამდენი ცრემლი დაუღვრია ღვთის წინაშე ამ საქმის ჩადენის შემდგომ? შენ ცოდვა ნახე, სინანულს კი ვერ ხედავ. ღმერთი იწყალებს, შენ კი განიკითხავ და შენს სულს წარწყმედ.

ხშირად არამარტო განვიკითხავთ, არამედ შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, რადგან სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა, ანუ, როცა კაცს თავისი მოყვასი სძაგს. ეს განკითხვაზე უფრო საშინელია.

ვისაც ცხონება სურს, ისინი საერთოდ არ უყურებენ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარს ხედავენ და ასე აღწევენ წარმატებას, მსგავსად იმ ძმისა, რომელმაც ნახა, რომ სხვა ვიღაც სცოდავდა, ამოიოხრა და თქვა: „ვაიმე, დღეს ეს სცოდავს, ხვალ კი – მე!“ ნახეთ მისი შეუმცდარობა და მზადყოფნა, როგორ განერიდა მოყვასის განკითხვას სიტყვებით: ხვალ მე შევცოდავო. შიში და ზრუნვა ჩაუნერგა თავს და ამრიგად განერიდა მოყვასის განკი-თხვას. თავიც კი დაიმდაბლა და თქვა: „ეს შეინანებს, მე კი – არა“.

ხედავ მის განათლებას? არათუ განიკითხა, არამედ თავი მასზე დაბლაც კი დააყენა. ჩვენ უბადრუკნი კი განვიკითხავთ და შეურაცხვყოფთ ჩვენს ძმებს, მცირე რამეც რომ ვნახოთ, გავიგოთ თუ გავიფიქროთ. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ არა მარტო საკუთარ თავს ვვნებთ, არამედ ვინმე ძმას თუ შევხვდებით, დაუყოვნებლივ ვუამბობთ ხოლმე, ეს გააკეთაო, და იმასაც ვვნებთ და ბოროტებას ვუთესავთ გულში. მისი არ გვეშინია, ვინც თქვა: „ჰოი, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თვისსა აღთქუეფულსა, მრღვიესა“ (ამბაკ. 2.15), ეშმაკის საქმეს ვაკეთებთ, რადგან ეშმაკის საქმეა კაცის ვნება და აღშფოთება. ეშმაკს შევეწევით ჩვენი თავისა და მოყვასის წარწყმედაში, რადგან ვინც სხვის სულს ვნებს, იგი ეშმაკთა შემწეა, ისევე, როგორც ანგელოზთა შემწეა ის, ვინც არგებს. როგორღა ვეხვევით მთელ ამ ბოროტებაში? – სიყვარული არ გვაქვს.

სიყვარული რომ გვქონოდა, მოყვასის შეცდომებს სიყვარულითა და გულისტკივილით შევხედავდით, როგორც დაწერილია: „სიყუარული… არად შეჰრაცხის ბოროტი“, და ა.შ. (1კორინთ. 13.5)

როგორც ვთქვი, სიყვარული რომ გვქონოდა, ყველა ჩვენს შეცდომას გადაფარავდა. განა წმინდანები ვერ ხედავდნენ კაცთა ცოდვას? განა არ სძაგდათ ცოდვა? მაგრამ ცოდვილები არ სძულდათ, თანაუგრძნობდნენ, ასწავლიდნენ და კურნავდნენ, როგორც სხეულის უძლურ ნაწილებს.

მათ საცხონებლად ყოველ ღონეს მიმართავდნენ. როცა მეთევზეები ზღვაში ანკესს აგდებენ და დიდ თევზს იჭერენ, იციან – თევზი შფოთავს და კრთის. ამიტომ თევზმა რომ ძუა არ გაწყვიტოს და საერთოდ არ დაიკარგოს, სწრაფად კი არ ამოჰყავთ, არამედ განგებ უშვებენ საბელს, რათა, საითაც უნდა, წავიდეს. როცა მიხვდებიან, რომ დაიღალა და აღარ კრთის, მაშინღა ნელ-ნელა ამოიყვანენ. წმინდანებიც ასევე სიყვარულითა და მოთმინებით იზიდავენ უძლურ ძმას. ზურგს კი არ აქცევენ, არც სძაგთ, არამედ მის შესაძენად ყოველ ღონეს მიმართავენ, ცდილობენ, მასაც არგონ და არც სხვებს ევნოთ მისგან, რათა თავად მათაც მიაღწიონ წარმატებას ქრისტეს სიყვარულით.

როგორ მოიქცა მამა ამონი, როცა ძმები მივიდნენ მასთან და უთხრეს: „მოდი და ნახე, ამა და ამ ძმის სახლში ქალია“. ნახეთ მისი სიყვარული, ნახეთ მისი მოწყალება! მიხვდა, ჭურში რომ ჰყავდა დამალული, მივიდა, ზედ დაჯდა და უთხრა მათ: „მთელ სახლში მოძებნეთ!“ და როცა ვერ იპოვეს, უთხრა: „უფალმა შეგინდოთ!“ შეარცხვინა ისინი, რათა სწრაფად არ ერწმუნათ მოყვასის სიავე. იმ უკანასკნელსაც არგო, არა მხოლოდ იმით, რომ დაიცვა, არამედ ყველას წასვლის შემდგომ უთხრა: „ძმაო, შენს თავზე იზრუნე!“ ღვთის კაცთმოყვარებამ მყისვე მოდრიკა მისი გული.

ახლა კი, ძმებო, ჩვენც მოვიპოვოთ სიყვარული, რათა განვერიდოთ მოყვასზე ბოროტ ძვირის თქმას, განკითხვასა და შეურაცხყოფას, ისე შევეწიოთ ერთმანეთს, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილებს. არსებობს ისეთი კაცი, ვინც დაზიანებულ ხელს, ფეხს ან სხვა რამ ასოს შეიძულებს ან მის მოკვეთას მოიწადინებს? თუნდაც დაულპეს, მის გაწმენდას ლამობს, წამალს დაიდებს, სიწმინდეებს მოიხმარს, წმინდანებს სთხოვს, მისთვის ილოცონ, როგორც მამა ზოსიმემ თქვა. ასევე გვმართებს ჩვენც – ერთმანეთს უნდა თანავუგრძნოთ და შევეშველოთ, ყოველ ღონეს უნდა მივმართოთ ერთმანეთის დასახმარებლად, რათა ჩვენც ვირგოთ.
როგორც მოციქული ამბობს: „ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითოეული ურთიერთას ასოები ვართ“ (რომ. 12.5). „და თუ ევნებინ რა ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა“ (1 კორინთ. 12.26). თქვენ რა გგონიათ მონასტრები? განა ერთი სხეული და ერთმანეთის ასოები არ არიან?

მონასტრებს რომლებიც მეურვეობენ, ისინი არიან თავი; რომლებიც თვალს ადევნებენ და ყოველგვარ უწესობას გამოასწორებენ ხოლმე, ისინი თვალები არიან; რომლებიც სიტყვით მართავენ, ისინი არიან პირი; რომლებიც ისმენენ, ყურები არიან; რომლებიც შრომობენ, ხელები არიან; რომლებიც მსახურობენ, ფეხები არიან.

თავი ხარ? – იმეურვე! თვალი ხარ? – იფრთხილე! პირი ხარ? – ასწავლე! ხელი ხარ? – იშრომე! ფეხი ხარ? – იმსახურე! ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ემსახუროს სხეულს, ეცადეთ, ერთმანეთს არგოთ სიტყვით, საქმით ან სხვა რამით, როგორც ვთქვით, თითოეული თავისი შესაძლებლობის მიხედვით შეეცადოს ძმასთან სიყვარულით მიახლოებას, რადგან რაოდენ ერთობაშია კაცი თავის ძმასთან, იმდენად ერთდება ღმერთთანაც.

გეტყვით მამებისგან ნასწავლ მაგალითს, რათა ნათქვამის მნიშვნელობა გააცნობიეროთ: კარაკინით (ფარგლის სახეობა – რედ.) შემოავლეთ წრე, შუაში დასვით წერტილი და წერტილისკენ მიმავალი გზები დახაზეთ. მრგვალად შემოვლებული წრე წუთისოფელია, წერტილი – ღმერთი, გზები – სათნოებები. რამდენადაც წმინდანები უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად უახლოვდებიან ერთმანეთსაც და რამდენადაც ერთმანეთს უახლოვდებიან, იმდენად უახლოვდებიან ღმერთსაც. ასევე, რამდენადაც შორდებიან ღმერთს, იმდენად შორდებიან ერთმანეთს, და რამდენადაც შორდებიან ერთმანეთს, იმდენად შორდებიან ღმერთსაც.

აჰა, შეიცანით სიყვარულის ბუნება: რამდენადაც კაცი ღმერთს შეიყვარებს, იმდენად შეიყვარებს მოყვასსაც, და რამდენადაც კაცი შორსაა ღვთისგან, იმდენად შორსაა მოყვასის სიყვარულისგანაც. ხოლო რამდენადაც კაცს თავისი მოყვასი უყვარს, იმდენად უახლოვდება ღმერთსაც. უფალმა მოგვმადლოს, გავიგოთ და ვაკეთოთ უმჯობესი, რადგან რამდენადაც ვაკეთებთ სიკეთეს, იგიც იმდენად მეტად შეგვეწევა და თავის ნებას გვასწავლის.

წყარო: http://patriarchate.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.