მთავარი » ქრისტიანობა

მოწყალების გაღებისას საკუთარი სულის გადასარჩენად ვზრუნავთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2010 2 კომენტარი | 4,340 ნახვა

მოწყალებამოწყალება ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც, შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრება ჭეშმარიტ აზრსა და დანიშნულებას კარგავს. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ,,ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი – ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი.’’ თუ რა და რა სახის მოწყალება არსებობს და როგორ უნდა გავცეთ მოწყალება, სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება, წმ, დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზი (ყიფიანი).

მამა მალხაზი: ,,ქრისტიანული მოწყალება არის ადამიანის ბუნებრივი გრძნობა, გამომდინარე მისივე კეთილი გულიდან, რომელიც უფრო მეტად არის განმტკიცებული და შესისხლორცებული ადამიანში, თუ იგი ცხოვრობს სარწმუნოებრივად და ღვთისმოშიშებით. ადამიანი მოწყალებას სხვათა დასანახად, ანდა თვალშისაცემად არ უნდა იქმოდეს, რადგან ამით ეს სათნოება ჰკარგავს თავის ჭეშმარიტ ხასიათსა და თვისებას.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში არსებობს ხორციელი და სულიერი მოწყალების შვიდი საქმე.

ხორციელი მოწყალების საქმეებს შეადგენს: 1. მშიერთა ჭმევა. 2. მწყურვალთა სმევა. 3. შიშველთა შემოსვა. 4. უცხოთა შევრდომება. 5. სნეულთა მოკითხვა. 6. მიხედვა პატიმართა. 7. მიცვალებულთა დამარხვა.

ხოლო სულიერი მოწყალების საქმეებია: 1. მოქცევა ცოდვილთა. 2. სწავლება უმეცართა. 3. განმართვა დაბრკოლებულთა. 4. ნუგეშისცემა მწუხარეთა. 5. მოთმინებით ატანა უსამართლობისა. 6. მიტევება შემცოდეთა. 7. ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხონებლად.

ადამიანს დაფარულად გაკეთებული სიკეთე იცავს ცუდმედიდობისგან, ქებისგან, რაც იწვევს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნას. ამას ქრისტიანობაში ამპარტავნებას უწოდებენ.

მოწყალება მარტო იმ აზრით არ უნდა აღესრულოს, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, არამედ მისი ჭეშმარიტი არსი ღვთისა და მოყვასის გულწრფელ სიყვარულსა და უანგაროდ კეთილის ქმნაში უნდა მდგომარეობდეს, სხვა შემთხვევაში იგი შეიძლება დაემსგავსოს ვაჭრობას, როცა ვაჭარს მიაჩნია, რომ რაც უფრო კარგ საქონელს შეიძენს, მით უფრო მეტ სარგებელს მივიღებო. სიკეთისა და მოწყალების ამ გაგებით ქმნა, შეიძლება ითქვას, რომ დამღუპველია ადამიანისათვის, რადგან ყოველი გაკეთებული სიკეთის, გაღებული მოწყალების სანაცვლოდ ადამიანი მუდმივად სამაგიეროს მიღების მოლოდინში იქნება, რაც ქრისტიანული მოწყალების ჭეშმარიტ არსს აკნინებს. ეს სახარებისეული თხრობიდანაც მტკიცდება. ქვრივი დედაკაცის მიერ სარწმუნოებით შეწირულ ერთ ლეპტას (ფულის ერთეული) უფრო ფასი აქვს ღვთის თვალში, ვიდრე მდიდრის მიერ ცუდმედიდობითა და ამპარტავნებით გაღებულ მრავალ ათეულ ლეპტას სხვის დასანახად და საკუთარი ღირსების წარმოსაჩენად. (მოწყალე სამარიტელის იგავის შესახებ).”

რატომ აქვს დღევანდელ ადამიანს მოწყალების გაცემის სურვილი დაკარგული? ყველას უნდა მივცეთ მოწყალება?

ჩვენი ნაკლები სარწმუნოებისა და ღმერთთან დაშორებულობის მიზეზია ის, რომ ადამიანს დაეკარგა მოწყალების გაცემის უნარი. ხშირად ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ მიერ გაღებული მოწყალება ადამიანმა ცუდი საქმისთვის, მისი სულის საზიანოდ გამოიყენოს. თითქოს ეს გარემოებაც გვზღუდავს, ვამართლებთ ჩვენს უმოწყალობას. იმიტომ არ ვაძლევ მოწყალებას, რომ ადამიანი, ვთქვათ, ფულით დალევს, ან სხვა ცოდვაში ჩავარდება. ეს არ არის ჯანსაღი აზრი. თუ სარწმუნოება, სიყვარული გვყოფნის და მატერიალური მოწყალების გაღების საშუალებაც გვაქვს, უნდა გავცეთ, რაში მოიხმარს, ეს უკვე მისი საქმეა. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთთან ვედრება მოყვასის საცხონებლად, ესეც მოწყალებაა და მარტო ფულის ჯიბეში ჩადება არ არის საჭირო. შეგიძლია სიტყვით ანუგეშო, სიკეთე უსურვო და დალოცო ადამიანი.

მოწყალებას საზღვრები არ აქვს. ყოველ გაჭირვებულს და უნუგეშოს, ვინც არ უნდა იყოს, ახლობელი თუ ნათესავი, უცხო თუ სხვა რჯულის აღმსარებელი, ნებისმიერ ადამიანს უნდა დავეხმაროთ. ასეთია მოწყალების ქრისტიანული გაგების მსოფლაღქმა, განსხვავებით ძველი სჯულის ებრაელი ხალხის წარმოდგენისაგან, რომელნიც კეთილ საქმესა და მოწყალებას მხოლოდ საკუთარ ახლობელსა თუ ნათესავს, ან რჯულის აღმსარებელს უყოფდნენ.

ამასთან, გაღებული მოწყალება მადლიერებით უნდა მივიღოთ. ღმერთი თავად ხედავს ადამიანის გულს, გრძნობასა და გონებას. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, როცა ადამიანი მოწყალებას გვიყოფს, როგორი გულით და რა მიზნით გვაძლევს. თუნდაც ფიქრი იმისა, რომ ამ მოწყალებას ის ანგარების მიზნით გვაძლევს, უკვე შეცდომაა, რადგან ჩვენ არ ვართ გულთამხილავი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენი ვალდებულებაა ადამიანთა მიერ გაღებული მოწყალება მივიღოთ მადლიერებით, ღვთის სადიდებლად და თუ შეგვიძლია, ჩვენც კეთილი ვუყოთ მოყვასს.

მამაო, რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის მოწყალების გაღება?

მოწყალების გაღება ადამიანს სამოთხის კარს განუღებს, ,,ნეტარ იყვნენ მოწყალენი გულითა, რამეთუ იგინი შეიწყალენ.’’ უწმინდესის კურხევით, ყოველი შაბათი მოწყალებისა და ქველმოქმედების დღედაა გამოცხადებული. ,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოწყალების გაცემით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სულის გადარჩენისათვის ვზრუნავთ, ამიტომ ადამიანი ყოველთვის მოწყალე უნდა იყოს… ყოველი ქრისტიანი მოვალეა, რითაც შეუძლია დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილ მოყვასს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და იოლი საშუალება სულის ცხონებისა და ღმერთთან მიახლოებისათვის,’’ – გვმოძღვრავს პატრიარქი ერთ-ერთ ქადაგებაში და ჩვენც ნუ დავკარგავთ ამ საშუალებას, როგორც შეგვიძლია აღვასრულოთ ჩვენი ბრძენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ხორციელი თუ სულიერი მოწყალების საქმეებისათვის სადიდებლად ღვთისა, საკეთილდღეოდ ჩვენი მოყვასისა და საცხოვნებელად ჩვენი სულებისა.ამინ!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ioseb says:

    gmertma dalocos pirvelad sakartvelos yvelaze didi mocyale chveni patriarki da didxans sicocxle misces da mrevli umravlos gmertma

  • ნანა გოგინავა says:

    მოწყალების გაცემის გრდზნობა,სურვილი ტანდაყოლილი არის ჩემი აზრით,როცა შემოქმედი შეგქმნის,ის გადზლევს,ესაა ჩემი აზრი,ბევრი დადის ეკლესიაში და თავს დებს,რომ ეკლესიურია და გვთის მოშიში და სწორად იყო ნათქვამი სტატიაში რომ ამას ბევრი აკეთებს დასანახად სხვებისა და სულის გადასარჩენად…..დზალიან ვრცელი თემაა მითუმეტეს დგევანდელობაში
    :)
    უფალმა მოგვცეს დზალა უანგაროდ გავუწოდეთ ერთმანეთს დახმარების ხელი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.