მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.11.2018 | 248 ნახვა

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებული (1314)

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობითგანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა ბერად და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ ის იერუსალიმს წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. მოციქულებრივი შურით ანთებულ მამას ქრისტესათვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილი გაუჩნდა.

უსჯულოებმა მაცხოვრის საჯარო აღსარებისათვის წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალი სატანჯველი მიაგეს, მაგრამ ქრიატიანებმა საპყრობილიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპრისზე წავიდა ქართველთა მონასტერში. წმიდა ბერი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს. და აი, ერთხელ, წმიდა იოანე ნათლისმცემლისაგან მიიღო გამოცხადება: წმიდა ნიკოლოზი დამასკოში უნდა გაეგზავნა.

დამასკოში ჩასული წმინდანი წარმართთა შესაკრებელში შევიდა, უსჯულოთა წინაშე აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა წარმართებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად აწამეს და დილეგში ჩააგდეს. მიტროპოლიტმა და ქრიატიანებმა ძლივს გამოიხსნეს ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული მოღვაწე კვლავ მივიდა წარმართთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უსჯულოება, რისთვისას მოწამე სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა იოანე ნათლისმცემელის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა წყლულთაგან, ორი თვის შემდეგ კი კვლავ განთავისუფლდა. ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, იცნო, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა გადაწყვიტა, ლიქნით მოედრიკა წმინდანი და მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე. ამირათ-ამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოურდიკა მახვილს ქედი და თქვა: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს-მყავ შენთვის სიკუდილსა. მახვილმა წარკვეთა თავი წმინდანს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: დიდება შენდა ღმერთო. ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმინდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილას სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.