მთავარი » ქრისტიანობა

როგორ ავხსნათ “მოულოდნელი” გარდაცვალება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2018 7 კომენტარი | 31,267 ნახვა

ღვთის ნებით, ყველა ადამიანი თავის დროს ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ესა თუ ის პიროვნება “უდროოდ” გარდაიცვალა… ჭირისუფალი ჩვენი ამგვარი მიდგომით ღვთის განგებულებას ვეწინააღმდეგებით, ვდრტვინავთ და ეჭვი შეგვაქვს უფლის სამართლიანობაში. როგორ დავძლიოთ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი და როგორ მივიღოთ “მოულოდნელი” გარდაცვალება?

დეკანოზი მალხაზ ყიფიანი (წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “წმიდა მამები ამბობენ: ნუ გაშინებთ თქვენ სიკვდილი, რადგან ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ სიკვდილზე მაღლა დადგეთ. გარდაცვალება რომ არ ყოფილიყო, ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს უფრო მეტად დაემსგავსებოდა. ადამიანს გააჩნია შიში გარდაცვალებისა, რადგან გაგონილი მაინც აქვს, რომ თუ ცუდ საქციელს ჩაიდენს, ამის გამო, ღმერთს შეუძლია ის განსაჯოს და დასაჯოს. არსებობს “მოულოდნელი” გარდაცვალება, როდესაც ადამიანი საკუთარი მიზეზისგან დამოუკიდებლად გადის ამქვეყნიდან, მაგრამ ხშირად თავად ვაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ და ჩვენთვის ახლობელი ადამიანები ჩვენს გარდაცვალებას “მოულოდნელობას” მიაწერენ.

ღმერთმა სიცოცხლე იმისთვის მოგვანიჭა, რომ იგი გამოვიყენოთ ღვთისა და მოყვასის დიდებისათვის, სიკეთის ქმნაში, სულის საცხონებლად და ირგვლივ მყოფი ადამიანების საკეთილდღეოდ, სასარგებლოდ. ჩვენ კი სიცოცხლეს მხოლოდ გართობაში, ახალი განცდების ძიებაში ვატარებთ და ზოგჯერ რისკის ქვეშაც ვაყენებთ.”

რატომ ერგუნება ყველა ადამიანს განსხვავებული სიკვდილი?

ამის შესახებ ჩვენ წმიდა მამათა თხზულებებში უნდა ამოვიკითხოთ. სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ? ამიტომ ადამიანი სიკვიდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომ სწორედ დღევანდელი დღეა ხსნისა. უფალი ცოდვილს შეჰპირდა, რომ მიუტევებდა, თუ ის გულით შეინანებდა, მაგრამ მას სინანულისათვის ზუსტად განსაზღვრული დრო არ აღუთქვამს, რადგან ადამიანური სულის მზაკვრობა იცოდა.

სხვადასხვა სულიერებისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების ხარისხში მყოფ ადამიანებს სხვადასხვაგვარი გარდაცვალება ერგუნებათ ხოლმე. მაგრამ შესაძლებელია, ადამიანი ძალიან ღირსეული, სულიერად და ღვთისნიერად მაცხოვრებელი იყოს, მაგრამ მის მოულოდნელ გარდაცვალებაში ვერ დავინახოთ, რომ იგი ნამდვილად წმიდა ადამიანი გახლდათ. ამიტომ იმის ძიება, ვის რა აღსასრული ეწევა, ან ამის მიხედვით მარადიულ ცხოვრებაში მისი ბედის განსაზღვრა, მსჯელობა, თუ სულიერების რა საზომს მიაღწია, ჩვენნაირი ადამიანებისათვის ცოტა ძნელია.
წმიდა მამების მიხედვით, როდესაც ცოდვილნი სასტიკი სიკვდილით კვდებიან, ტანჯული აღსასრულის გამო ცოდვები მიეტევებათ, ან მომავალი სატანჯველი შეუმსუბუქდებათ. ხოლო როდესაც მართალს მოულოდნელი ტანჯული აღსასრული მოეწევა, მას მომავალ ცხოვრებაში აღმატებული ჯილდო ელის.

ადამიანის “მოულოდნელი” გარდაცვალება განსაკუთრებით რთული მისი ოჯახის წევრებისთვისაა, რითი ვინუგეშოთ თავი?

ადამიანი ამ მოვლენების გამო არ უნდა დრტვინავდეს. უმადური არ უნდა იყოს, როცა მოულოდნელად აღესრულება სიცოცხლით სავსე ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი… შესაძლებელია, უფალმა ეს პიროვნება ამ ქვეყნიდან ნაკლებად ცოდვილი გაიყვანა, რადგან იგი ხედავს მის მომავალს. მძიმე ცოდვებში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, რომელიც შემდეგ მარადიულ სასჯელს დაიმსახურებდა, ღვთის წინასწარი განგებულება სხვანაირად ჭვრეტს. უფალს ნაკლებად ცოდვილი ადამიანი ამქვეყნიდან გაჰყავს და ამგვარი ტანჯვის გზით მარადიულ სასუფეველში შეჰყავს.
არც ერთი ადამიანი დაზღვეული არაა მისთვის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებისგან. როცა ქრისტიანულ გარემოში ცხოვრობ, ამ ტკივილისა და განსაცდელისათვის თავი ნელ-ნელა უნდა შევამზადოთ. დედამიწა სამოთხე არაა, არამედ სამოთხიდან განდევნის ადგილია და მარადიულ სასუფევლამდე აქ დათმენილი მწუხარებით, ტკივილით, ტანჯვით მივაღწევთ…

ჩვენი დარჩენილი ამქვეყნიური ცხოვრება დრტვინვასა და ურწმუნოებაში კი არ უნდა გავატაროთ, ღმერთს უნდა შევავედროთ ჩვენი მიცვალებულთა სულები. უნდა გვქონდეს იმ ქვეყნად მათთან შეხვედრის იმედი.
სანთე
ბევრს ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ეკლესიურ ცხოვრებაში განუქარვებია. ბევრი კი ეკლესიას ვერც გაჰკარებია, რადგან ჰგონიათ, რომ ღმერთმა წაართვა მათი თავი და მას ადანაშაულებს. ეს სარწმუნოებრივი სფეროა.

როგორ შეეგუოს დედა შვილის “მოულოდნელ” გარდაცვალებას?

არის სამწუხარო შემთხვევები, როცა დედას ერთადერთი შვილი გარდაეცვლება. შვილის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება, ნაღველი მთელი ცხოვრება გრძელდება. ძნელია მას ეს ტკივილი დაუამო…
ერთ-ერთი შვილგარდაცვლილი დედა მოძღვართან მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდები ამქვეყნიდან. პასუხად ბერი ასეთ მაგალითს ეუბნება:

ერთ სოფელში მორწმუნე ქალს ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და ღმერთს შესჩივლა: მე შენი სიყვარულისათვის ბევრ დაცინვას, გაჭირვებას ვიტანდი. ჩემ გარდა აქ სხვა არავინ იყო მორწმუნე. შენ კი რად წამართვი შვილი და წაიყვანეო. იმ საღამოს ამ ქალმა ჩვენება იხილა: ანგელოზებმა წაიყვანეს უფალთან და წარადგინეს მისი საჩივარი. გაისმა უფლის ხმა და ჰკითხა დედაკაცს, თუ რას ითხოვდა იგი. შვილი დამიბრუნეო, უპასუხა დედაკაცმა. გინდა შენი შვილი ნახო? – ჰკითხა უფალმა. დედა ვარ და მინდაო, შესჩივლა ქალმა. ანახეთ შვილი, – გასცა უფალმა ბრძანება. გამოუყვანეს შვილი და დედამ გაიხარა. ახლა რაღას მთხოვ? – ჰკითხა უფალმა. რატომ წაიყვანეო, დედაკაცმა უსაყვედურა. მიუგო უფალმა ანგელოზებს: აჩვენეთ ამ დედაკაცს, მე რომ მისი შვილი არ წამეყვანა, რას ჩაიდენდა. უეცრად, როგორც ეკრანზე, დედამ დაინახა საკუთარი შვილის ჩადენილი ცოდვები, ხოლო შვილი – ჯოჯოხეთის ცეცხლში. მაშინ ატირდა, სასუფეველში დააბრუნეთო. გასცა უფალმა ბრძანება და დააბრუნეს შვილი სასუფეველში. უფალმა უთხრა: შენი სიკეთისა და სიყვარულისათვის შენი შვილი წამოვიყვანე და ჩემ გვერდით მყავს, ნუთუ შენ გგონია, მე არ ვიცი, ვინ როდის უნდა წავიყვანოო?!

ეს გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ავხსნათ და მივუდგეთ, რასაც ჩვენ “უდროოდ” გარდაცვალებასა და ამქვეყნიდან გასვლას ვუწოდებთ.

რა ევალება ამ შემთხვევაში ჭირისუფალს?

ეკლესია გვასწავლის, რომ პირველ, მესამე, მეცხრე დღეებში და 40-მდე ყოველ შაბათს ტაძარში აუცილებლად უნდა შესრულდეს პანაშვილი – მიცვალებულთა მოსახსენიებელი ლოცვა. ამ დღეებში სული გადის გარკვეულ სატანჯველს, გაივლის საზვერეებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდში გარდაცვლილის სულისათვის მის სახელზე ეკლესიაში შესრულებულ წირვას, ლოცვების, ფსალმუნთა კითხვას, გაცემულ მოწყალებას. 40 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის საეკლესიო, მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები – წლის განმავლობაში 9 დღე. ესენია: ხორციელის შაბათი, დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათები. აღდგომის მეორე დღე- ორშაბათი. თომას კვირის სამშაბათი, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს უწოდებენ მას. სულთმოფენობის წინა დღე – შაბათი და დიმიტრის შაბათი. ამას ემატება მიცვალებულის დაბადების, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღე. ეკლესია ურჩევს, ჭირისუფალმა ეს დღეები არა უზუმო გლოვასა და მწუხარებაში გაატაროს, არამედ ღვთისადმი ლოცვასა და თავისი გარდაცვლილი უახლოესი ადამიანის მოხსენებაში, სანთლის დანთებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში. წირვისას მის სახელზე საკურთხეველში სეფისკვერი უნდა შეიგზავნოს…

უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვლილის სახელზე ერთჯერადად ზრუნვა საკმარისი არ არის. ადამიანს საზრდელის ერთხელ მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში ხომ არ ეყოფა? სული კი ხორციელ მოთხოვნილებაზე უპირატესია. თუ გარდაცვლილი ადამიანის მარადიულ სასუფეველში დამკვიდრება გსურს, უფალს ამისთვის დაუცხრომლად უნდა ევედრო.

ხშირია, როცა ახალგარდაცვლილი ადამიანები ახლობლებს ესიზმრებიან. როგორ ავხსნათ ასეთი სიზმრები და გამოცხადებები, რა შემთხვევაში ვერწმუნოთ მათ?

თუ სიზმრისეულ ჩვენებაში ადამიანში შემოდის შფოთი, უარყოფითი განცდა, შიში, ეს არ არის ღვთისაგან. თუ ეს სიზმარი კარგი საქმისკენ მოუწოდებს, მისი საწინააღმდეგო ეკლესიას არაფერი აქვს. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა მივეჯაჭვოთ სიზმრებს და მის შესახებ მოძღვრის რჩევა-დარიგებები მივიღოთ.

ჭირისუფლისთვის თითქოს ნუგეშიცაა, რომ გარდაცვლილი ადამიანი ეცხადება. ის თითქოს აფხიზლებს ჭირისუფალს. 40 დღის გავლის შემდეგ თითქოს მინავლდება ადამიანში განცდა, რომ გარდაცვლილი საჭიროებს კეთილ საქმეს მის სახელზე… გამომაფხიზლებელია ასეთი სიზმრისეული ჩვენება და უფლისგან თითქოს დაშვებულია, რომ ამ ადამიანმა კეთილი საქმე აღასრულოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი